
სატრაბახო თემები მოდასავითაა - ცვლილებებს განიცდის, თუმცა, ასპარეზს არასოდეს ტოვებს. მაგალითად, ყბადაღებული ცხრა წლის მანძილზე, დაგებულ გზებისა და ელექტორენერგიას ამადლიდნენ ხალხს, ახლა კი მედიის თავისუფლების ხარისხს.
„შპიგელის“ მთავარი რედაქტორი იხსენებდა ამბავს, როდესაც ანგელა მერკელს კანცლერად არჩევიდან მცირე ხანში, ჟურნალმა საკმაოდ მწვავე სტატია მიუძღვნა და გარეკანზეც გამოჭიმა. პრესის გამოსვლიდან ნახევარ საათში, რაიხსტაგიდან, პრესსამსახურმა საყვედურებით დარეკა - ზედმეტი ხომ არ მოგივიდათ კრიტიკაო. რედაქტორმა, შენ იცი, სად დარეკეო? ამაზე ბერლინმა ბოდიშის მოხდით დაკიდა ყურმილი.
საქართველოში არც „შპიგელის“ დონის პრესა გვაქვს ( რომელიც, სხვათა შორის, ხშირად მოიკოჭლებს მიუკერძოებლობაში) და არც RTL-ის მსგავსი ტელევიზია, თუმცა ჩვენი მასშტაბების გათვალისწინებით, არც ზედმეტად წყალწაღებულები ვართ. მაგალითად, რეგიონში, მედიის თავისუფლების კუთხით, პირველ ადგილს 2012 წლამდეც ვინარჩუნებდით და ახლაც (არა იმიტომ, რომ კარგები ვართ, არამედ, იმიტომ, რომ ჩვენს მეზობლად მძიმე ვითარებაა) და როგორც მავანმა დაიტრაბახა, ეს სულაც არ არის ახალი ხელისუფლების მონაპოვარი. თავისუფალი მედიის საქმე კრიტიკაა და არა იმ საქმეებზე ქება, რომელთა სიკეთეებიც თქმის გარეშეც ჩანს.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ყურში მწვავედ მომხვდა ბიძინა ივანიშვილის „საყვედური“ ჟურნალისტების მიმართ, ერთ-ერთი მინისტრი კრიტიკაზე ძალიან ნერვიულობს და, იქნება, მის ნერვებს მოვუფრთხილდეთო. სამაგიეროდ, მედიის წარმომადგენლებისთვის, თვითონ არასოდეს ამბობდა შენიშვნების მიცემაზე უარს. ჟურნალისტები ხომ კრიტიკისათვის ერთ-ერთი საუკეთესოდ მოწყვლადი ჯგუფია (სამწუხაროდ, ამის საშუალებასაც ვიძლევით) და ისე კარგ ტონად მიიჩნევა, რომ პოლიტიკური ქულებისა და ერთჯერადი პოპულარობის მოსაპოვებლად, უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებს ხელისუფალი. თან ისეთი ჩათრევა იცის, ამისათვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე ზრუნვისათვის ძვირფასი დროის გაფლანგვაც არ დაგენანება.
ფაქტია, რომ „მედიის გათავისუფლებას“ ხელისუფლებაში ისეთ დემოკრატიულ ქმედებად მიიჩნევენ, რომ დამადლების უფლებას იტოვებენ, ასე, მაგალითად, ყოველი კრიტიკისა და შენიშვნის შემდეგ, შენს ნამუშევარს ანალიზს გაუკეთებენ და კრიტიკის გამო, საკუთარი უღირსი საქციელის რომ შეგრცხვეს, ცხრა წელსაც შეგახსენებენ.
რაიხსტაგის პრესსამსახურივით ზარი არა, თუმცა ოფიციალური წერილის გამოქვეყნება არ დაზარებია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს. აბა რა, ჟურნალისტის მხრიდან მართლა არაკეთილსინდისიერი საქციელია, როცა ბედავს და ხელისუფლების წინასაარჩევნო, შეუსრულებელ დაპირებებზე აკეთებს გადაცემას. ისიც ცალსახაა, რომ ასეთ დროს ვიღაცის დაკვეთას ასრულებს. ეს „ვიღაც“, უდავოდ, „ნაციონალური მოძრაობაა“.
არასასურველი კითხვის, სიუჟეტის, გადაცემის შესახებ კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ყოველთვის მსგავს ბრალდებას უყენებს. ჯერ კიდევ თებერვალში, „მაესტროს“ ეთერით დასმულ მწვავე შეკითხვებზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს არ გასცემს პასუხს და ტელევიზიას მათ მიერ წარმოებული პროპაგანდის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. იგივე გაიმეორა 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, თითქმის ყველა კითხვაზე, რომელიც კრიტიკას შეიცავდა. არც ის დაზარებია, გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებული ამბავი, რომელიც ახმეტის ერთ-ერთ რესტორანში, თამაზ თამაზაშვილის ბიუჯეტის ხარჯზე გამასპინძლებას ეხებოდა, ჟურნალისტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მაგალითად მოეყვანა და მთივლიშვილი გიორგი ღვინიაშვილთან მეგობრობაში დაედანაშაულებინა, არც ის, კიდევ ერთხელ დაემადლებინა „მედიის გათავისუფლება“ ცხრა წლის შემდეგ და აღენიშნა, რომ კრიტიკის უფლება აქვს. თანაც, ბუნებრივია, რომ მედიისგან მხოლოდ დადებითი ამბების მოსმენის სურვილისაგან შორს დგას.
ხელისუფლების ერთი პრობლემა იმაშია, რომ არ სურს დაიჯეროს, დიდი სურვილის მიუხედავად, 2012 წლის 2 ოქტომბრის დილას სხვა საქართველოში არ გაგვღვიძებია (ეს რიტორიკა ცხრა წელსაც ჰგავს), რომ პრობლემებზე სიუჟეტის მომზადება და ლაპარაკი, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთას არ ნიშნავს, რომ მედიის კრიტიკა უარსაყოფი კი არა, მოსასმენი და გასათვალისწინებელია..
ადამიანი რომ იყოს, ალბათ, ვიტყოდით, რომ ხელისუფლებას პიროვნების გაორება სჭირს. ერთის მხრივ, თავისი ფუნქციის შემსრულებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა, მეორეს მხრივ, ზარ-ზეიმით მიღებულ კანონს თავად სამარცხვინოდ არღვევს და წამოყენებულ კანდიდატებს არ უჭერს მხარს, მისი მთავარი მონაპოვრის - მედიის თავისუფლებაზე საუბრით არ იღლება, პარალელურად, მედიასაშუალებებში ეთერში გასასვლელი მასალებისა და სიუჟეტების გაკონტროლებას ცდილობს; ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების გამოყენება ჟურანლისტს შეუძლია, თან სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრებას გეგმავს (რის შემდეგაც, მარტივი შესაძლებელია, ციხეებში ჟურნალისტებიც ვიხილოთ). ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, ჩამონათვალი, ალბათ, კიდევ გაიზრდება. ყოველი კრიტიკისას კი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსყიდული ჟურნალისტების გასაჩუმებლად მთავარი არგუმენტი უცვლელი დარჩება.
ხელისუფლების მეორე პრობლემა ისაა, რომ ოპონენტების ეშინია. ისე ეშინია, რომ ყოველი უსიამოვნო სიუჟეტი მათი დაკვეთა ჰგონია. ამასთან, მედიაკრიტიკისადმი სიყვარული ინერციით იმ მოქალაქისაგან მოსდგამს, საჯაროს შემდეგ, საზოგადოებრივი სექტორის განვითარებაზე ზრუნვა რომ დაიწყო.
მედიაკრიტიკაზე ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტის მოსმენისას, ყოველ ჯერზე მახსენდება სულხან საბას „ჭაში ჩავარდნილი“ - ერთ დღეს, ამხელა პატივისცემაზე გამუდმებით საუბარი მედიას ყელში არ ამოუვიდეს. პოსტის დასაწყისში აღვნიშნე, რომ მედიაკრიტიკოსები ბევრი გვყავს. ფაქტია, რომ ერთით მეტი, თუ ნაკლები, არც დაგვაქცევს და არც აგვაშენებს. არადა, ისიც ფაქტია, ეს მედიაექსპერტები, არა კრიტიკის, არამედ, ქვეყნის სამართავად არჩეული რომ გვყავს.