
ირაკლი ტაბლიაშვილი
ჟამი ჭირხვნის მიუღებლობისა! ანუ, „კოლექტიური ბიძინა“ „მაესტროს“ წინააღმდეგ!
21.05.2014 15:33
კონკრეტული ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა „ქართუ ჯგუფის“ მმართველი თუ ფინანსისტი... მოკლედ, პრემიერი რომ არ იქნებოდა და კიდევ - პოლიტიკოსი - ფაქტია!
ბიძინა ივანიშვილი რომ არა, არც გიორგი მარგველაშვილი იქნებოდა პრეზიდენტი - მას ექნებოდა „ჩვეულებრივი“ და საინტერესო ვ-ლოგები „მაესტროზე“, წაიკითხავდა ლექციებს „ჯიპაში“, პერიოდულად გააკეთებდა კომენტარს „კავკასიისათვის“, მაგრამ, აი, პრეზიდენტი კი არ იქნებოდა.
კონკრეტული ივანიშვილი რომ არა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა არიან პარლამენტში ან მთავრობაში, უკეთეს შემთხვევაში, იქნებოდნენ საპარლამენტო უმცირესობაში, თუმცა, მაღალი ალბათობით, უფრო პარლამენტს მიღმა.
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა ჰქმნა ახალი ქართული პოლიტიკური რეალობა და, სწორედ მან გამოჩორკნა უ-სააკაშვილო ვითარება!
... რა ვქნათ ახლა?..
ჩვენ გვაქვს რამდენიმე გზა - მაგალითად, ზემოაღწერილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ ასე: „ბიძინა ივანიშვილი არის გმირი (მზეჭაბუკი, რაინდი, მესია) და, რადგან მარგველაშვილი, ღარიბაშვილი თუ სხვები მის გარეშე ვერ იქნებოდნენ წარმატებული პოლიტიკოსები; რადგან ბიძინა ივანიშვილმა და არა ვინმე სხვამ მოახერხა და დაამარცხა სააკაშვილი; რადგან ის არის ყველაზე მდიდარი, შესაბამისად, არის ყველაზე ჭკვიანი (ამ შემთხვევაში, რა მოგახსენოთ), მოდი, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ დავუჯეროთ მას და რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერი უპროტესტოდ, უაპელაციოდ მივიღოთ“.
არსებობს მეორე გზა, რომლის თანახმადაც - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად დამარცხდა და, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველაზე მდიდარია, ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, გავიზიაროთ კონკრეტული ივანიშვილის ყველა სიტყვა თუ ნაბიჯი, მეტიც - ჩვენ ვფიქრობთ, ივანიშვილიც არც თუ იშვიათად ცდება და, ამდენად, ვიტოვებთ უფლებას, ხმამაღლა დავაფიქსიროთ მისგან განსხვავებული აზრი.
ახლაც და მომავალშიც სახელისუფლო პოლიტიკოსთა გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევენ - მოვლენათა დინამიკამ შესაძლოა წარმოქმნას იმგვარი რეალობა, რომ მათ მეორე გზა არჩიონ... უ-ივანიშვილო ცხოვრებას მიანიჭონ უპირატესობა!
ამ ორი გზიდან, სამწუხაროდ, სახელისუფლო დინების პოლიტიკოსებს მეორე გზა არ აურჩევიათ - ბიძინა ივანიშვილის მიმართ მათ (ან მათ უმრავლესობას), ჯერაც აქვს ვალდებულებითი დამოკიდებულება; ისინი ჯერაც ხშირად სტუმრობენ „უფროსის“ შუშის სასახლეს და კი ამბობენ, რომ ეს მეგობრული შეხვედრებია, მაგრამ, რეალურად, ეს მეგობრები სულაც „არ საუბრობენ სექსზე ან ფეხბურთზე“... არც სამეგობროში მოულოდნელად წარმოჩენილ პრობლემებს განიხილავენ და არც რომელიმე გაჭირვებაში ჩავარდნილისათვის ხელის გაწვდენის სტრატეგიაზე... ისინი საუბრობენ ქვეყანაზე, პოლიტიკაზე... ხოლო, თანამესაუბრე „დიდი ძმა“, რომელიც მუდმივად აკვირდება მათ, არ იშურებს ისტერიანარევ დაბეჯითებით რჩევებს მათთვის.
შექმნილი ვითარება, ზოგიერთის შიში - ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ „ნაციონალები“, მეორეთა სხვა შიში - არ დაკარგონ თანამდებობები თუ გავლენა და მესამეთა იმედი (იქნებ, ილუზია), რომ „მაინც გაძვრებიან“ - ქმნის მძიმე სურათს, რომლის მიხედვითაც - ივანიშვილი მმართველი აღარ არის, მაგრამ, ძალაუფალია!
ბიძინა ივანიშვილს აქვს წარმოდგენა, რომ სწორედ მას უნდა გაჰყვეს ყველა და ყოველთვის - თავადაა მართალი, რადგან მან მოახერხა და განდევნა სააკაშვილი (რომელსაც სხვამ თმის ღერიც კი ვერ ჩამოუგდო), თავად არის ყველაზე წარმატებული და ყველაზე ჭკვიანიც კი!
სწორედ ამ წარმოდგენაზე იყო დაფუძნებული მისი ყველა აქამომდელი ურთიერთობა ყველასთან - ექსპერტებთან, რომლებსაც ჭირხვნიდა, მედიასთან, რომელსაც ჯირყვნიდა...
... მაგრამ ახლა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან არა სულ რაღაც 100 დღის, არამედ, ორ წელზე მეტი ხნის თავზე, საზოგადოებაში (მათ შორის, მედიაშიც) სხვა ვითარებაა - იმგვარი, რომელიც ადრე თუ გვიან დაუდგება სახელისუფლო პოლიტიკოსებს.
პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მედია „დიდად არც დარდობს“ სააკაშვილის მობრუნებაზე... ის ნელ-ნელა თავისუფლდება ივანიშვილისადმი მადლიერი დამოკიდებულების კომპლექსისაგან. ნელ-ნელა ამძაფრებს და აძლიერებს კრიტიკას მისი და მისი მემკვიდრეების მიმართ - უწუნებს მათ ტაქტიკას, სტრატეგიას... აკვირდება და აკრიტიკებს სახელისუფლო დღის წესრიგს... ხანდახან ჩხუბობს კიდეც!
... რახანია ასე იქცევა, მაგალითად, „ტაბულა“ თუ „რუსთავი 2“, საკმაოდ კრიტიკულია (ობიექტურად) საზოგადოებრივი მაუწყებელი...
ასე ქმედებს „მაესტროც“, რომლის ერთ-ერთმა წამყვანმა სახემ - ვახო სანაიამ მძაფრად გააკრიტიკა ხელისუფლება... კარგადაც მოიქცა - მედიის ფუნქციაა - დითირამბები არ უმღეროს პოლიტიკოსებს, მით უფრო, ხელისუფლებიდან.
ამ მძაფრ და ობიექტურ კრიტიკას კი მთავრობის მხრიდან მოჰყვა საოცარი - გაუგონარი რეაქცია - ნაცვლად იმისა, რომ სახელისუფლო გუნდს, მის ცალკეულ წარმომადგენლებს იმავე ან უკიდურეს შემთხვევაში, სხვა ეთერიდან ემტკიცებინათ, რომ: ასრულებენ დაპირებებს, ვითარება არათუ კატასტროფული, არამედ - კარგია; რომ ჟურნალისტებს მართებთ ფაქტების გადამოწმება (თუმცა, ფაქტების გადამოწმების შედეგადაც არ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლების კრიტიკის ტონი) და ა.შ. მთავრობამ ერთ ჟურნალისტს საგანგებო და სახელდახელო განცხადება უძღვნა!
მთავრობის განცხადება იყო უტიფარი და უარგუმენტო, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, იმგვარი, რომლიდანაც იკითხებოდა თავისუფალი მედიის კუთხეში მიყენების მწველი სურვილი.
ამდენად, მე მსურს, ვთქვა - ბიძინა ივანიშვილი აღარ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი! მედიას არც ადრე ჰქონია და ახლაც არ აქვს მის მიმართ ვალდებულებითი დამოკიდებულება... მედიას აქვს მთავრობის კრიტიკის ვალდებულება და უფლება...
ხოლო მთავრობის „ომში“ (იქნებ, ვაჭარბებ და „ბრძოლაში“) მედიის, ამ შემთხვევაში, „მაესტროს“ წინააღმდეგ სწორედ კონკრეტული ბიძინა ივანიშვილის ხელწერა იკითხება... ამავე დროს, ვინაიდან კონკრეტული ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად მაინც აღარ არის საქართველოს მმართველი, უნდა ვთქვათ - განცხადების ავტორებს „კოლექტიური ივანიშვილიზმი“ შეჰყრიათ - ჰგონიათ, რომ ასე ხელაღებით შეუძლიათ მედიის კრიტიკა, რაც მთავარია, ჰგონიათ, რომ მედიას განცხადებებით და არა დებატებში უნდა პასუხობდნენ...
არადა, არათუ კოლექტიური და ამორფული ივანიშვილისაგან, კონკრეტულისგანაც კი გავიარეთ ჯირყვნა-ჭირხვნის პერიოდი! გავიარეთ... და მედიისათვის არც უნდა არსებობდნენ და არც არსებობენ მენტორები, მით უფრო, ზნეობრივი გმირები... მით უმეტეს, როდესაც ვინმეს ამგვარად შეფასების ობიექტური საფუძველი, რეალურად, არც არსებობს!