
ამას წინათ ჩემი მეგობარი ერთ-ერთ ამერიკულ სერიალზე აღფრთოვანებული მელაპარაკებოდა. მეუბნებოდა, როგორ მაგარ ტიპებად არიან გამოყვანილი ჟურნალისტები, როგორი ავტორიტეტი აქვთ, რომ არათუ ანალიტიკური, არამედ, საინფორმაციო გამოშვების წამყვანსაც შეუძლია, პოლიტიკოსებს შენიშვნა მისცეს და როგორ ითვალისწინებენ ეკრანიდან გამოთქმულ მის ყოველ აზრს.
მე, რა თქმა, უნდა, არ დავეთანხმე. ჯერ ერთი, მტკიცედ მწამს, რომ მედია „თავისუფალი“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არსად არსებობს, მეორეც, ყველა ფილმსა თუ სერიალში, ამა თუ იმ ქვეყნის ჩვეულებრივი პროპაგანდა მიდის. თუმცა, მაინც დავფიქრდი. შემდეგ მთელი საათი ვიჭყლეტდით ტვინს, ქართულ სპექტრში რომ ზემოთ ნახსენები ტიპის ჟურნალისტი გვეპოვა. სამწუხაროდ, მხოლოდ სამ ადამიანზე შევჯერდით. აქედან ტელევიზიაში არც ერთი მუშაობს და, ეჭვი მეპარება, იქ დაბრუნების სურვილით იწვოდნენ.
როდესაც ტელევიზიაში ახალი სახე ჩნდება, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი მატულობს, ხოლო თუ სახე ბრუნდება, მისგან მოლოდინი უფრო მეტია. ასე იყო ნინო ჟიჟილაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც თავისი „პოლიტმეტრით“ ყველაზე დაძაბულ და ცხელ პერიოდში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გამოჩნდა.
გულწრფელად რომ ვთქვათ, „პოლიტმეტრის“ წამყვანი მიუკერძოებლობით არასოდეს გამოირჩეოდა, სამაგიეროდ, იმ უამრავი მოქალაქის ინტერესებს პასუხობდა, რომელიც არსებული პოლიტიკური ვითარებით იყო გაღიზიანებული. ფაქტად მხოლოდ ჩიორა თაქთაქიშვილის სტუმრობაც გამოდგება, რომელიც, წამყვანის ცინიკური ტონის, სიტყვებზე გამოკიდებებისა თუ რიტორიკული ჩაკითხვების გარდა, სამონტაჟოდან დამცინავ ხარხარსაც ისმენდა (მოგვიანებით, აღნიშნულ ეთერზე განმარტებებიც გაკეთდა).
მშვიდი, აუღელვებელი ტონი და ცინიკური ღიმილი, წამყვანის მთავარი ატრიბუტებია. ატრიბუტები, რომლებიც ერთის მხრივ, ანგარიშგასაწევ იმიჯს ქმნის, მეორე მხრივ კი იმ წამყვანს წარმოგვიჩენს, რომელსაც შეუძლია ერთ მხარეს მკაცრი ოპონირება გაუწიოს, მეორე დაინდოს, რომელიც გადაცემას თურქული სერიალის გმირ, სავაშზეც ამზადებს და ქვეყნის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზეც, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ ლევან ვასაძის მოსაზრებითაც ინტერესდება და მის მიერ სიძულვილის ენით საუბრის შეწყვეტას, მხოლოდ მორიდებულად, ცინიკურიდან კდემამოსილად გადაქცეული ღიმილით ითხოვს. არ ვკამათობ - ვიცი, საზოგადოების მოთხოვნაა ასეთი.
იმ გადაცემებს შორის, რომელიც ნინო ჟიჟილაშვილის წამყვანობით, ეთერში აქამდე გასულა, ყველაზე თვალშისაცემი, ალბათ, ეროსი კიწმარიშვილთან დებატები იყო. კი, ძნელია „მაესტროს“ ეთერში მასთან მხოლოდ წინასაარჩევნო საკითხებზე საუბარი, მაგრამ როცა თავს მაღალი დონის ჟურნალისტად მიიჩნევ, ეს ბარიერი არ უნდა შეიქმნა. არც საუბრის ნამდვილი თემა უნდა დაუმალო რესპონდენტს, მით უმეტეს, როცა არსად გარბის, არც ადამიანური ეთიკა უნდა გეშლებოდეს (დავანებოთ ჟურნალისტურს თავი). არც შენი მაყურებელი უნდა მოატყუო, რომელიც მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმები აინტერესებს და არა ის, თუ როდის დაუბრუნებს ეროსი კიწმარიშვილი „მაესტროს“ ვალს. არც იმას უნდა იმეორებდე, რომ ათი წუთის განმავლობაში დასმული კითხვები ტელევიზიის მაყურებლის ინტერესებში შედის - ხალხს კიწმარიშვილი-„მაესტროს“ უთანხმოება ყველაზე ნაკლებად აინტერესებს.
ამას წინათ შალვა რამიშვილის მიკვირდა, როგორ აღმატებულად უნდა უყურებდეს საკუთარ თავს, სხვების დაცინვის უფლებას რომ ანიჭებდეს-მეთქი, თუმცა რამიშვილისაგან განსხვავებით, რომელსაც მაღალ დონესა და სტანდარტებზე პრეტენზია არ აქვს, უფრო რთულად ასატანი ჟურნალისტისგან დიდაქტიკური მორალის კითხვა ყოფილა.
„თქვენ რაზე სასაუბროდ მოხვედით ერთია, მე რა მაინტერესებს - მეორე,“ „მაინტერესებდა, მოგერიდებოდათ თუ არა მაესტროს მაყურებლის წინაშე წარდგომა,“ „თუ რუსთაველი მაყურებელი უნდა გენდოთ, რატომ არ უნდა უპასუხოთ კითხვებს, რომელიც ამ კომპანიას აქვს თქვენს მიმართ“, „თქვენ გყავდათ ფავორიტი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, თქვენ მისი პიარით იყავით დაკავებული“, „გვერდში არც ერთი თანამშრომელი დაგიდგათ 150-დან როდესაც თქვენ მაესტროს წინააღმდეგ კამპანია გააჩაღეთ, ამ ფაქტების შემდეგ, რა ტიპის ნდობა უნდა გამოგიცხადოთ რუსთაველმა მაყურებელმა“ და სხვა, იმ ფრაზების კრებულია, რომლებიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ცუდი პროფესიული მაგალითის ნიმუში უნდა იყოს.
ჰოდა, კინაღამ მთავარი გამომრჩა: ნინო ჟიჟილაშვილი ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანია და, დიდი ალბათობით, სტუდენტებს ჟურნალისტურ სტანდარტებზე, ეთიკასა და პროფესიულ მორალზე ესაუბრება.
ამავე ავტორის ბლოგები
-
თამარ კარელიძე
მედია და ხელისუფლება - სულხან საბას „ჭაში ჩავარდნილის“ მოტივებზე
06.06.2014 07:47
-
თამარ კარელიძე
შალვა რამიშვილის დაბრუნება - დიდი ფიასკო „იმედზე“
29.04.2014 20:04
-
თამარ კარელიძე
მანჩო გიორგობიანის კრიტიკის კრიტიკა
17.04.2014 11:41
-
თამარ კარელიძე
50 მეგაშოუ, რომლიც უნდა დადგა, სანამ „იმედი“ გქვია
12.03.2014 11:53