შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ჯიჰადი ქართულად?

16.06.2013 21:59

სანამ შსს და პროკურატურა მკითხაობს, თუ ვინ არის ავტორი youtube-ზე ორი კვირის წინ გავრცელებული ვიდეოებისა, რასაც ჰელმანდის პროვინციაში განთავსებულ ქართულ სამხედრო ბაზებზე კიდევ ერთი თავდასხმა  მოჰყვა, მედისაშუალებები, კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, საზოგადოებას საკუთარ ვერსიებს სთავაზობენ.

ძალოვანი უწყებების პარალელურად, ვიდეოების წარმომავლობის შესახებ, საზოგადოების სენსიტიური ნაწილიც მკითხაობს. ავტორად ხან  მთავრობის  კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის

უფროსს კოკა ყანდიაშვილს ასახელებენ, ხან პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდიდან მედიაში გადანაცვლებულ  გიორგი არველაძეს, ხანაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის იდუმალ თანამშრომელს.

აღსანიშნავია,რომ ავტორების შესახებ ძირითადი ინფორმაცია, მედიასაშუალებებით ვრცელდება (რომელთა დიდი ნაწილიც, რატომღაც, ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსებით „იკვებება“). ამ მხრივ, განსაკუთრებით, პრესა და ონლაინ გამოცემები აქტიურობენ. მათი წყარო, ტრადიციული სიხშირით, „სანდო“ ან „კონფიდენციალურია“.

ერთ-ერთი ვერსიით (რომელიც, ამავე სახელწოდების გაზეთს ეკუთვნის), ვიდეოს ავტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არის და გიორგი არველაძის გუნდის წევრია. „ვერსია“ გვამცნობს, რომ Hammad Zaman-ს ვიდეოს გაკეთების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტისას, ქართველ ჯარისკაცებთან მისი საუბარი ნახა (ეს საუბარი ცალკე ფენომენია, მისი ეთერში გაშვება - ცალკე, თუმცა, სამწუხაროდ, ეთერში ხშირად ხვდება კადრები, რომლებსაც ეთიკურობასთან, მათი გადაცემის მიზანშეწონილობასა თუ სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან. არაფერი აქვთ საერთო. მსგავსი შემთხვევები ერთჯერადი არ არის და, ასევე, სამწუხაროა, რომ მათზე რეაგირება, აღშფოთება-შეშფოთება-დაგმობის იქით არ მიდის).

მეორე ვერსიით, ვიდეოს ავტორი კოკა ყანდიაშვილია. ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის თვალსაჩინო წევრი,  დავით დარჩიაშვილი საუბრობს. საპასუხო კომენტარები, ყანდიაშვილის მხრიდან, ფეისბუქის საშუალებით გაკეთდა (აბა, რა საჭიროა კომენტარი, როდესაც ახალ ამბებს მედიასაშუალებათა ნაწილი. მაინც ფბ სტატუსებით ქმნის?!)

მანამ, სანამ სკანდალური ვიდეოების ავტორებს „კოლექტიურად ეძებენ“, რამდენიმე საყურადღებო დეტალი რჩება ჩრდილში. იდეაში, კომპიუტერის IP მისამართის დადგენა, შსს-სთვის კი არა, ერთი რიგითი პროგრამისტისათვის არ არის ძნელი. ამის გაგებას, საშუალოდ, 10 წუთზე მეტი არ სჭირდება (სხვათაშორის, შს მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ IP მისამართი და ვიდეოს ატვირთვის ადგილმდებარეობა ცნობილია, მაგრამ რა უშლით ხელს მოქმედებაში, ამის შესახებ არაფერი უთქვამს). საქმე იმაშია, უნდა თუ არა შსს-ს ამტვირთავის ვინაობის გავრცელება?!

ეჭვი, რომ  youtube-ზე ვიდეოები საქართველოდან გაეშვა, პირველივე დღეს გაჩნდა. საინტერესოა, რომ თავად კლიპები ისეთი ხარისხით იყო დამზადებული, იმდენად ბევრი ჰქონდა ნამუშევარი ავტორს და ისე ეფექტურად და მონდომებით გამოიყენა სპეცეფექტები და სამონტაჟო პროგრამები, რომ  PR-ის კარგ სპეციალისტებსაც შეშურდებოდათ. ეს მაშინ, როცა, პირადად მე, თალიბანის მიერ გავრცელებული მუქარის შემცველი კლიპების ძებნისას, მსგავსს ვერაფერს გადავაწყდი.   

ამასობაში,  დრო გადის, პრიორიტეტები იცვლება, თემა აქტუალობას კარგავს და  უკანა პლანზე ინაცვლებს. ეს კი ხელს, შესაძლოა ისევ ძალოვან უწყებებს აძლევდეს, რათა გარკვეულმა პროცესებმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს.  მედია ისევ ვარაუდობს და ახალი მოსაზრებებისათვის მორიგ კონფიდენციალურ წყაროებს ეძებს. მასთან ერთად ვერსიებს ამუშავებს შსს და პროკურატურა, თუმცა, აქ ალბათ, უფრო განტევების ვაცს ეძებენ. ადამიანს, რომელიც გამოტყდება, რომ იხუმრა, რომელსაც ყურს მსუბუქად აუწევენ და უკბილო ხუმრობისათვის საჯაროდ დატუქსავენ. 

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test