შემოგვიერთდი

26.03.2001 19:00

საქართველოს რადიომაუწყებლობა დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთზე გავრცელდება

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"
იტალიურმა კომპანიამ "ალენია" საქართველოსთვის 4 რადიოგადამცემი დაამზადა. მათი საერთო ღირებულება 50 000 დოლარია. 27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა განაცხადა, რომ რადიოგადამცემები რადიოს პირველ არხზე დამონტაჟდება და დასავლეთ საქართველოს რეგიონების, გალის, ოჩამჩირისა დასოხუმის ჩათვლით რადიომაუწყებლობით უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს. თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი იქნება იტალიის მთავრობის მიერ 2 მლნ დოლარის გამოყოფა საქართველოს რადიო და ტელემაუწყებლობისათვის იმ რეგიონებში, რომლებიც ქართულ გადაცემებს ვერ იღებენ. თანხები ამ მიზნებისთვის გაიცემა კრედიტის სახით და მისი გადახდა მოხდება ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომპანიის შემოსავლებიდან. იტალიურმა კომპანიამ "ალენია" ასევე სურვილი გამოთქვა ქართველი მეცნიერების მიერ მომზადებული ახალი ტიპის კოსმოსური სატელიტური ანტენის პროექტში ჩართვის შესახებ. პროექტის წინასწარი მომზადების სტადიაზე კომპანიამ უკვე 1 მლნ დოლარი დახარჯა, ამჯერად ამზადებს პროექტის განხორციელების ფინანსურ სქემას. ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი დანადგარი ანტენის 10-12 მეტრის დიამეტრზე გახსნის საშუალებას იძლევა, ამჟამად არსებული 1-1,5 მეტრის ნაცვლად.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test