შემოგვიერთდი

20.03.2001 20:00

საქართველო ტელევიზიის გარეშე დარჩება?

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: გაზეთი "ალია"
გაზეთმა "ალია"-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტ ქეთინო ცალუღელაშვილის სტატია, რომელიც შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის" ირგვლივ შექმნილ პრობლემებს ეხება. შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრს" AES-თელასის 1 500 000 ლარიანი დავალიანება აქვს, რომლის გადახდის პერსპექტივაც არ არსებობს. თუ ტელეცენტრი დავალიანებას არ დაფარავს, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. შესაბამისად, საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხს და ტელეკომპანია "კავკასიას" მაყურებელი ვეღარ იხილავს. თბილისში არსებული ტელეანძით თბილისის და მისი შემოგარენის სატელევიზიო მაუწყებლობით უზრუნველყოფა ხდება. "დღეისთვის ტელევიზიისა და რადიოს პირველ პროგრამებს საქართველოს მოსახლეობის 95% იღებს. ჩვენ სახელმწიფოს ვემსახურებით, ოღონდ უშუალო დამკვეთი ტელერადიოდეპარტამენტია" – აცხადებს "საქტელერადიოცენტრის" გენერალური დირექტორი. საქმე ისაა, რომ შპს "საქტელერადიოცენტრს 1997 წლიდან დღემდე დაახლოებით 16 605 000 ლარის სამუშაოები აქვს შესრულებული. რეალურად საქტელერადიოდეპარტამენტმა 1 122 400 ლარი მიიღო, ანუ შპს-ს ფიქტიური 5 483 000 ლარიანი შემოსავალი აქვს. სწორედ ამ ყალბი შემოსავლების გამო შპს-ს 2000 წელს ყადაღა დაედო. საგადასახადო შემოსავლების მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ჩვენ ვიმოქმედეთ კანონით. ორგანიზაციას უნდა მიეღო ფული, დავადეთ ყადაღა. ანუ, არარსებული ფულის გამო, ბლოკირება გაუკეთდა ორგანიზაციას, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე შექმნილ მდგომარეობაში". შპს "საქტელერადიოცენტრი" 100%-ით სახელმწიფოს კუთვნილებაა. იმის გამო, რომ საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქტელერადიოდეპარტამენტი არ უხდის საქტელერადიოცენტრს შესრულებული სამუშაოსთვის, მას საკმაოდ სოლიდური საურავები დაეკისრა. მესაკუთრემ იცის, რომ ორგანიზაციას არა თუ მოგება, შემოსავალიც კი არ ჰქონია, მაგრამ დივიდენდს სთხოვს, რომელსაც საქტელეცენტრი ვერ გადაიხდის. ტელეცენტრისთვის ელექტრიოენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში მაყურებელს მხოლოდ ტელეკომპანიების : "რუსთავი-2", "იბერია" და "ევრიკა"-ს გადაცემების ნახვის შესაძლებლობა ექნება, რადგან მათი პატარა გადამცემები დენის უფრო მოკრძალებული მომხმარებლები არიან და უშუქობის შემთხვევაში გენერატორზეც იმუშავებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test