შემოგვიერთდი

06.02.2013 11:57

დაცულია თუ არა სატელეკომუნიკაციო კომპანიებში მომხმარებელთა მონაცემები?

თამარ ფარადაშვილი
საუბრები მედიაზე
დისკუსია (photo: )

სატელეკომუნიკაციო კომპანიების მფლობელობის გამჭვირვალობა და ამ მომხმარებლების მონაცემთა დაცულობა - ის ორი საკითხია, რომელიც “ინტერნეტის თავისუფლების შესახებ” დისკუსიის დროს გამოიკვეთა.

დისკუსია ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ორგანიზებით,  მის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ შედგა. ანგარიში შეეხებოდა ინტერნეტის მოხმარების  სტატისტიკას  საქართველოში,  ინტერნეტში  განხორციელებული  საქმიანობის მეთვალყურეობას,  სატელეკომუნიკაციო  კომპანიების  მფლობელობას  და  მათ ანგარიშვალდებულებას  მომხმარებლების  წინაშე,  აგრეთვე  ონლაინ  მედიას  და   მედიასაშუალებათა  ფინანსური  მდგრადობას.

ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ “რამდენიმე  მსხვილი  ქართული  სატელეკომუნიკაციო  კომპანიის  მფლობელობის სტრუქტურა  კვლავ  ბნელითაა  მოცული,  რადგან  ბენეფიციარი  მფლობელების  დასაფარად  ფიქტიური კომპანიები  გამოიყენება.  „საერთაშორისო  გამჭვირვალობა  საქართველოს“  საფუძვლიანი  ეჭვი  გააჩნია ივარაუდოს,  რომ  „კავკასუს  ონლაინის“  50  პროცენტი  და  „ბილაინის“  49  პროცენტი  ერთსა  და  იმავე  ბურუსით მოცულ  პირ(ებ)ს  ეკუთვნით,  რომლებიც  ბრიტანეთის  ვირჯინიის  კუნძულებზე  რეგისტრირებული  კომპანიების უკან  იმალებიან.  ამ  პირ(ებ)მა  საკუთარ  წარმომადგენლად  ლევან  ყარამანიშვილი  დანიშნეს,  რომელიც  ამავე დროს  „რუსთავი  2-ის“  და  „მზის“  აქციონერია.  იგი  ასევე  დაკავშირებულია  რესტორნების  ჯგუფ    „GMჩ“-თან და  სხვა  ბიზნესებთან”.

“ბილაინის” წარმომადგენელმა,  გიორგი ტყეშელაშვილმა დისკუსიის დროს განმარტა, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს იფორმაცია მფლობელების შესახებ და დაინტერესებულ პირს ამ ინფორმაციის მიღება შეუძლია. ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ “ბილაინი” გამჭვირვალობის მომხრეა და რომ ქართული წარმომადგენლობის დონეზე შესაძლებელია მფლობელების შესახებ ინფორმაციის განახლება. თუმცა, პრობლემა იქმნება კომპანიის აქციების 51 პროცენტის მფლობელებთან დაკავშირებით,  რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. ტყეშელაშვილის თქმით, ამ აქციების მფლობელების ცვლილების შემთხვევაში რთულია მუდმივად განაახლო ინფორმაცია ამის შესახებ.

დისკუსიას ესწრებოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია ყურაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მფლობელობის ცვლილების შესახებ კომპანიამ პირველ რიგში კომისიას უნდა აცნობოს, რაც შესაბამისად აისახება ამ კომპანიის შესახებ მონაცემებში. ამიტომ მფლობელობის გამჭვირვალობა, თუნდაც საზღვარგარეთ მყოფების პრობლემას არ წარმოადგენს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა, მამუკა ანდღულაძემ კი აღნიშნა, რომ არც საჯარო რეესტრში და არც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “ბილაინის” მფლობელების შესახებ ინფორმაცია არ არის სრული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ  სატელეკომუნიკაციო კომპანიები  სრულად  არ  ახდენენ  მომხმარებლების  ინფორმირებას  იმის  შესახებ,  თუ  როგორ  ინახება  და იმართება  მათი  მონაცემები,  რამდენადაა  ისინი  დაცული  და  რა  შემთხვევაში  ხდება  მონაცემების  მესამე მხარეებთან  გაზიარება.

გიორგი ტყეშელაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომხმარებელს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს თუ რამდენად არის დაცული ინფორმაცია და როგორ იყენებს მას კომპანია. მან აღნიშნა, რომ მისი კომპანია მომხმარებლის მონაცემების მესამე პირზე გაცემისას, კანონზე დაყრდნობით მოქმედებს. "კანონი", - ამბობს ის, "ავალდებულებს კომპანიებს, სამართალდამცავ ორგანოებს, მოთხოვნის შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია გადასცეს".

კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა, ლევან ბოძაშვილმა ამაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნის უფლება სასამართლოს შესაბამისი სანქციის გარეშე არ აქვთ.

“ბილაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული და ამის შემდეგ ინფორმაციის გაცემისას ამ საკითხით დაინტერესდება. მისი თქმით, კომპანია მოხმარებლების მონაცემებს სხვა მესამე პირებზე (მაგალითად კომერციულ პირებზე) არ გასცემს. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამას არც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიები აკეთებენ.

თუ კომპანია არ გასცემს მონაცემებს, რატომ მისდით აბონენტებს მათი სურვილის გარეშე სხვადასხვა სარეკლამო შეთავაზებები? - ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა.

დისკუსიის დროს აგრეთვე აღინიშნა, რომ საჭიროა მოქალაქეების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაც, საჭიროების შემთხვევაში ვის შეიძლება გადაეცეს მისი პერსონალური მონაცემები და რას გულისხმობს ეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test