შემოგვიერთდი

01.02.2013 14:24

სოციალური ქსელები და ჟურნალისტური ეთიკა - დისკუსია ფრონტლაინ ჯორჯიაში

თამარ ფარადაშვილი
საუბრები მედიაზე
diskusia frontline (photo: )

რა არის სოციალური ქსელები ჟურნალისტებისთვის - პერსონალური თუ საჯარო სივრცე? როგორ აღიქვამს აუდიტორია მათ პოსტებს ფეისბუქზე? სად გადის ზღვარი პირად შეხედულებებსა და რედაქციის პოზიციას შორის? როგორ ვიყოთ მოქნილები და ამავე დროს არ დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა? - ეს არის ის კითხვები, რაზეც 31 იანვარს პასუხის გაცემას ცდილობდნენ კლუბ “ფრონტლაინ ჯორჯიას” დისკუსიის მონაწილეები.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ჟურნალ “ლიბერალის” მთავარი რედაქტორი, შორენა შავერდაშვილი, გამოცემა “ნეტგაზეთის” მთავარი რედაქტორი, ნესტან ცეცხლაძე და BBC-ს პროდიუსერი, ნათია აბრამია.

საჭიროა თუ არა ჟურნალისტებისთვის რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ისინი სოციალურ ქსელებში საკუთარი ქცევებს გააკონტროლებდნენ - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც იმსჯელეს.  ნესტან ცეცხლაძემ განმარტა, რომ როგორც “ნეტგაზეთში”, ისე გაზეთი “ბათუმელებში” ჟურნალისტებს  კონტრაქტში უწერიათ, რომ სოციალურ ქსელებში საკუთარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრების გამოხატვისგან თავი უნდა შეიკავონ. “იმისათვის, რომ მიკერძოებულად არ მიიჩნიონ ისინი და შესაბამისად, გამოცემა, სადაც მუშაობენ”, - აღნიშნა ცეცხლაძემ. თუ “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი რეგულაციას  დაარღვევს, ამის გამო მას სამსახურიდან არ დაითხოვენ, თუმცა განიხილავენ რამდენად დააზარალა გამოცემის რეპუტაცია მისმა პოსტმა.

ცეცხლაძემ ფეისბუკზე საკუთარი შეცდომის შესახებაც ისაუბრა. “როცა დაიწყო კამპანია “თამარ გურჩიანი სახალხო დამცველად”, მეც დავაყენე მისი ფოტო ავატარად. რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ ეს შეცდომა იყო და მოვხსენი. შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დაბალანსებულად და მიუკერძოებლად ვაშუქებდით სახალხო დამცველის არჩევის პროცესს, კომენტარებში მკითხველები გვწერდენენ “თქვენ ხომ გურჩიანის მომხრე გამოცემა ხართ”. მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი შეცდომის შედეგი იყო”, - ამბობს ცეცხლაძე.

შორენა შავერდაშვილმა, რომელსაც ბოდიში აქვს მოხდილი საკუთარი და “ლიბერალის” ჟურნალისტის ფეისბუკში  გამონათქვამების გამო, განმარტა, რომ სოციალური ქსელები საჯარო სივრცეა და იქ ისევე უნდა იქცეოდეს ჟურნალისტი, როგორც “რუსთავი 2”-ის ეთერში მოიქცეოდა, რადგან ფეისბუქის სივრცეში არიან პოტენციური რესპონდენტები, თუ მკითხველები, რომელთა მიერ ჟურნალისტის აღქმა ხდება მისი ავატარის, რეპლიკის თუ გაზიარებული ლინკების მიხედვით.  თუმცა ის მიიჩნევს, რომ გაწერილი რეგულაციები არ არის საჭირო, “თუ არ ვუწესებთ ჟურნალისტებს რეგულაციებს საჯარო სივრცეში, არც ფეისბუკზე უნდა დაუწესო”.

                 http://www.youtube.com/watch?v=zrmTwyURfds&feature=youtu.be

ნათია აბრამიამ სოციალურ ქსელებში მოქმედების საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციები არც მას აქვს, თუმცა ონლაინ სივრცეში იქცევა ისე, რომ მაყურებლის ნდობა არ დაკარგოს. “მაგალითად, BBC-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ბიზნეს-რედაქტორმა, რომელსაც გადაცემაში ჩართვა ჰქონდა, შემდეგ “twitter”-ის გვერდზე დაწერა: “ჩამეძინა, ძლივს მივუსწარი ჩართვას, რა ვიბოდიალე არ ვიცი, ახლა ყავას დავლევ, იმედია მიშველის”. აბრამიამ განმარტა, რომ  რედაქტორის ასეთი არასერიოზული პოსტი აზიანებს გამოცემის რეპუტაციას, რადგან გადაცემის სანდოობა დგება ეჭვქვეშ.  “ამას კოლეგების მხრიდან იმდენი გაფრთხილება მოჰყვა, რომ აღარ მგონია, მან მომავალში ასეთი რამ დაწეროს”, - ამბობს აბრამია. ის აგრეთვე პრობლემას ვერ ხედავს პოლიტიკოსების, სხვადასხვა ორგანიზაციების, ან მიმდინარეობების გვერდების “დალაიკებაში”, თუ ეს ჟურნალისტური საქმისთვის, იმ გვერდებიდან ინფორმაციის მისაღებად სჭირდება. “თუ მუდმივად “ვალაიqებ” ქსენოფობიურ და  ნაცისტურ გამოცემებს, მაშინ ეს, შესაძლოა, ნიშნავს რომ  ჩემს იდენტობასთან არის პრობლემა, თუმცა ის, რომ ბერას გვერდი მაქვს მოწონებული არ ნიშნავს, რომ მისი მუსიკა მომწონს”, - ამბობს აბრამია.

დისკუსიაში აუდიტორიაც ჩაერთო და აღინიშნა, რომ სოციალურ ქსელში, შესაძლოა, ჟურნალისტმა საკუთარი აზრი გამოთქვას, მაგრამ ის ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული და არ უნდა ეფუძნებოდეს ვარაუდებს.

ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ, მაგალითად, კულტურის თემებზე მომუშავე ჟურნალისტს შეუძლია საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა. თუმცა, ისიც აღინიშნა, რომ ქართულ რეალობაში, სადაც ერთ ჟურნალისტს ყველა თემაზე შეიძლება მოუწიოს მუშაობა, ჯობს საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისგან თავი შეიკავოს.

დისკუსიის დროს სოციალურ ქსელებში ქცევის მზა რეცეპტი არ შეუმუშავებიათ, რადგან ეს, მათი აზრით კიდევ მრავალი განხილვის თემაა. თუმცა შეთანხმდნენ, რომ სოციალურ ქსელებში ჟურნალისტი არ უნდა იქცეოდეს ისე, რომ მისი და გამოცემის სანდოობასა და მიუკერძოებლობაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს. აღნიშნეს ისიც, რომ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა ყოველთვის შეიძლება დახურულ ჯგუფებში, სადაც თავად ირჩევ ვის გაუზაირო კონკრეტული შინაარსის მოსაზრება თუ პოსტი და ვის არა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test