01.02.2013 08:12
„პირველი რადიო“, რომელიც „აჩვენებს“
თამარ ფარადაშვილი
ახლო ხედით
“ზოგჯერ მგონია, რომ “პირველი რადიო” კი არ ისმის, არამედ აჩვენებს”, - ამბობს “პირველი რადიოს” პროდიუსერი, მათე კირვალიძე.
რადიოში, რომელიც განახლებული ფორმატით 2012 წლის 4 დეკემბრიდან მაუწყებლობს, ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი ჟურნალისტები მუშაობენ. მათ შორის არიან - ნოდარ მელაძე, ლევან ტაბიძე, ლელა წიკლაური, ლაშა ხარაზიშვილი, ქეთი ქაშაკაშვილი, თამთა ფეიქრიშვილი და ია ფარულავა.
“პირველი რადიო”, FM 106.4 სიხშირეზე მაუწყებლობს. ის ვასილ კობაიძეს ეკუთვნის (რომელიც ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” წილის 65 პროცენტსაც ფლობს) და 1994 წლიდან გადის ეთერში. 2012 წლის 12 მარტიდან ამ სიხშირეზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი არხის კუთვნილი რადიო PIK -ი მაუწყებლობდა, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია PIK-თან ერთად დაიხურა.
“პირველი რადიოს” გენერალური დირექტორი, ვაჟა მოლაშვილი ამბობს, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ახლა ვერ ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რატომ დაეთმო „პირველი რადიოს“ სიხშირე რადიო “PIK”- ს, თუმცა მისი თქმით, მაუწყებლობისთვის PIK-ი გარკვეულ თანხას იხდიდა. “გული მწყდება იმის გამო, რა დღეშიც ეს რადიო ჩავარდა, ახლა კიდე აქ სულ სხვა ხალხია”, - ამბობს მოლაშვილი.
მათე კირვალიძე გვიყვება, რომ ოფისი და სტუდია მუშების დახმარების გარეშე თავად ააწყვეს და რადიოს კეთება ნაჩუქარი კომპიუტერებით ნოლიდან დაიწყეს. “განსხვავებული საინფორმციო გამოშვებით და გადაცემებით რადიობაზარზე თავის დამკვიდრებას” ცდილობენ. რადიოს, რომელიც ამ ფორმატით ორი თვეც არ არის რაც მაუწყებლობს, ისიც გამოარჩევს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა აქვს.
“პირველი რადიოს” ბადეს საინფორმაციო გამოშვებები და საავტორო პროგრამები ავსებს. საინფორმაციო გამოშვება ეთერში ყოველდღე დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე ყოველ სრულ საათზე გადის. 5 საათზე საინფორმაციო გადაცემაშია დღის მთავარი სტუმარი, რომელიც აქტუალური თემის მიხედვით ირჩევა. ორ საათში ერთხელ ეთერში გადის "ბიზნეს-ნიუსი", სადაც ჟურნალისტი ლელა წიკლაური მსმენელს ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების შესახებ უამბობს.
“ვცდილობთ გვქონდეს პრესკლუბი, ანუ სტუმარი არ იყოს მხოლოდ ჩვენი სტუმარი, არამედ სხვა მედისაშუალებებისაც, თუ მათ სურვილი ექნებათ”, - ამბობს კირვალიძე - “გვინდა რომ პირდაპირ ეთერში დასვან შეკითხვები ჟურნალისტებმა და არ იყოს ექსკლუზიურად ჩვენთან მოსული სტუმარი”.
საავტორო გადაცემები ეთერში ყოველდღე გადის.
კვირას ლევან ჩხაიძეს მიჰყავს გადაცემა სპორტზე. “ ეს არის გადაცემა პოლიტიკური კუთხით, კულუარები, ინტრიგები, ვინ ვისზე რა თქვა, რატომ თქვა”, - განმარტავს კირვალიძე.
სამშაბათს გადის სოფო ხუციშვილის გადაცემა “პირველი კლინიკა”, სადაც ექიმებთან ერთად ჯანმრთელობაზე საუბრობენ. ყოველდღიურად გამოსაყენებელი პროდუქციის ხარისხზე ოთხშაბათს, მადონა კოიძის გადაცემაში “ვირჩევ ხარისხს” მსჯელობენ. ამავე დღეს გადის ია ფარულავას რადიო-შოუ, “რომელიც ყველაფერზეა, ოღონდ თემები გამოცალკევებულია ყოველდღიურობიდან, თუმცა ყოვედღიურობასთან კავშირშია. მაგალითად, ის ეხება მეგობრებს შორის ურთირთობებს, ქალსა და მამაკაცს. მისი მომდევნო გადაცემის თემაა - “რას მალავენ კაცები?”. ია ამ საკითხს ფსიქოლოგთან ერთად განიხილავს”, - ამბობს მათე კირვალიძე. პირველ გადაცემაში ია ფარულავამ მსმენელს საკუთარი თავის შესახებ მოუთხრო. კირვალიძის თქმით, ფარულავა ყველა ტელევიზიისთვის ბრენდია და ბევრს ნიშნავს, რომ ახლა „პირველ რადიოში“ მუშაობს.
ხუთშაბათს ეთერში გადის ლევან ტაბიძის გადაცემა “ქეისი”, სადაც მართლსაჯულების “უცნაურ და კურიოზულ” სასამართლო საქმეებს იხსენებენ და განიხილავენ ადვოკატთან ერთად.
“მაგალითად, ერთ-ერთი გადაცემა იყო იმის შესახებ, რომ ქალმა ქმარს სასამართლოში უჩივლა, რადგან ის ცოლქმრული მოვალეობის შესრულების დროს უარს ამბობდა იმ ეროტიკული სცენების შესრულებაზე, რაც მას სურდა”, - ამბობს კირვალიძე. მისი განმარტებით, ამ გადაცემის მიზანი მსმენელის გართობა და განტვირთვაა. “მაყურებელს შეუძლია ჩაერთოს და გამოიტანოს თავისი ვერდიქტი. ზოგადად მსმენელთან ინტერაქცია ყველა გადაცემაში გვაქვს”.
პარასკევს გადის თაკო ფხაკაძის გადაცემა “ტეტ-ატეტ”, რომელიც ყველა სფეროს ეხება და სადაც ყველა საკითხი აპოლიტიკური კუთხით განიხილება. შაბათს ლაშა ხარაზიშვილს მიჰყვას პროგრამა “პირველი სექტორი”, სადაც ძირითადად ფეხბურთის შესახებ საუბრობენ. ამავე დღეს არის ეკა სოსელიას გადაცემა კინოს შესახებ - “კინომანი”. “ყვითელ ხალიჩაზე” თამარ ქობულაშვილი მსმენელს შოუბიზნესის სიახლეებსა და “ყვითელი” ახალი ამბების შესახებ უამბობს. კვირას “პირველი რადიოს” ეთერში გადის რადიო-ბლოგი “ჩინელი ბიჭის წერილი დედას”, სადაც ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი იუმორისტულად საუბრობს ქართული რეალობის შესახებ.
რამდენიმე დღეში “პირველი რადიო” ვებ-გვერდს აამუშავებს, რომლის მისამართი იქნება www.pirveliradio.ge. აქ გადაცემების ვიდეო ვერსიები, ექსკლუზიური ინტერვიუები, საინფორმაციო გამოშვებების ნიუსები და გადაცემების ლაივსტრიმი განთავსდება. მანამდე რადიო საკუთარ მასალებს Facebook-ის გვერზე ათავსებს.
“პირველი რადიოს” მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ნინო გაბრიაძე ამბობს, რომ რადიოს შემოსავალს რეკლამიდან შემოსული თანხები შეადგენს. “დეკემბერში იმ კომპანიათა 95 პროცენტმა, რომელმაც საცდელი რეკლამა განათავსა, შემდეგ რადიოსთან ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმა”-აღნიშნავს ის.
“ვაცნობიერებთ, რომ რეკლამიდან სტაბილური შემოსავალი არ იქნება, ამიტომ საგრანტო განაცხადები დავწერეთ. იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ”, - ამბობს კირვალიძე, რომელიც აღნიშნავს, “რადიოში ტელევიზიისგან განსხვავებით სიწყნარეა და ნერვები ნაკლებად გვეშლება, თუმცა ჩვენ ისევ ძველ სიჩქარეზე ვართ და ამ სიმშვიდის გამო გვეშლება ნერვები. ამ გუნდისთვის ეს რადიო არის გამოწვევა და ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა”.