შემოგვიერთდი

26.01.2013 07:47

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოში ტექნიკურ კონცეფციაზე მუშაობენ

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოში ტექნიკური კონცეფციის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდა და პირველი შეხვედრა 24 იანვარს გამართა.

ჯგუფში სულ 28 წევრი შევიდა. ისინი ქვეჯგუფებში გადანაწილდნენ და სამუშაო საკითხები გაინაწილეს. სიხშირული დაგეგმარების ქვეჯგუფი გააკეთებს სიხშირული დიაპაზონების ანალიზს და იმუშავებს რადიოსიხშირული სპექტრის დაგეგმარებაზე.

 ციფრული სიგნალის ტექნიკური მახასიათებლების და სამაუწყებლო ქსელის სტანდარტების ქვეჯგუფი ციფრული სამაუწყებლო ტექნოლოგიების ტექნიკური მახასიათებლებსა და ციფრული სამაუწყებლო სტანდარტებზე იმუშავებს.

ციფრული სამაუწყებლო ქსელის დაგეგმარების ქვეჯგუფი შეისწავლის სამაუწყებლო ქსელის ტიპსა და ძირითად ელემენტებს, ასევე საქართველოში ციფრული სამაუწყებლო ქსელის დაგეგმარების ვარიანტებს შეიმუშავებს.

ჯგუფის წევრებმა ერთი კვირის ვადაში უნდა მოახერხონ ყველა ზემოთაღნიშნული საკითხის დამუშავება და დოკუმენტის შექმნა, რაც შემდეგ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს უნდა წარუდგინონ. საბჭოში კიდევ ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სამართლებრივ საკითხთა და ეკონომიკური, ფინანსური და სოციალურ თემაზე მომუშავე ჯგუფები. მას შემდეგ რაც ტექნიკური კონცეფციის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დოკუმენტს შეიმუშავენს დანარჩენი ორი ჯგუფიც ჩაერთვება პროცესში.

საბჭო 2012 წლის 5 დეკემბერს შეიქმნა. მისი წევრები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან.

საქართველო ახლა ანალოგურად მაუწყებლობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა  საერთაშორისო ვალდებულებაა. საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ (ITU) ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ პროცესის წარმართვა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. საქართველო კი ამ პროცესზე ახლა მსჯელობს.  სტრატეგიის შექმნაში სამინისტროს EBRD-ის ექსპერტები ეხმარებოდნენ. საბოლოო პოლიტიკა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. დოკუმენტი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭომ უნდა შეიმუშაოს.

 

იხილეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს ტექნიკური კონცეფციის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test