შემოგვიერთდი

10.01.2013 13:07

ბათუმში მედიაკოალიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილეს

მერი ემირიძე. ბათუმი
საუბრები მედიაზე
დისკუსია ბათუმში (photo: )

“ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი სამაუწყებლო სივრცე არის ერთიანი” - ასე დაასაბუთა აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყებლად, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხად გარდაქმნის საკითხი მედია-ექსპერტმა ზვიად ქორიძემ. შეხვედრაზე, რომელიც 9 იანვარს   ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა “კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის” წევრებმა მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი წარმოადგინეს, რომელიც  „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანასა  და აჭარის ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრას ითვასლიწინებს. 

კანონპროქტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია და რადიო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე სიხშირეზე, როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისე იმაუწყებლებს. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანი ბიუჯეტიდან, ბიუჯეტის არანაკლებ 15 პროცენტით დაფინანსდება. ზვიად ქორიძის აზრით, მხოლოდ მსგავსი დაფინანსების შემთხვევაშია შესაძლებელი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მთავარია სარედაქციო დამოუკიდებლობა. ამას ხიფათს უქმნის ორი რამ - ერთი პირდაპირი პოლიტიკური ცენზურა და მეორე ირიბი პოლიტიკური ცენზურა ეკონომიკური ბერკეტებით, რომელიც ყოველთვის შეიძლება განახორციელოს მთავრობამ, თუკი ის პირდაპირი დაფინანსების წესით მიცემს  ფულს ტელევიზიას. ხოლო  როცა მთავრობა გიხდის ფულს, ის აუცილებლად გიკვეთავს მუსიკას”, - განაცხადა ქორიძემ.

შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა კანონპროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ტელე-რადიო დეპარტამენტის სტატუსის, დაფინანსებისა და ქონების განკარგვის საკითხს ეხება.

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის აპარატის უფროსის, დავით ფუტკარაძის აზრით, კანონპროქტში აუცილებლად უნდა განისაზღვროს, თუ ვის განკარგულებაში იქნება ტელე-რადიო დეპარტამენტის 27 მილიონიანი ქონება. ქორიძის განცხადებით არც პროექტზე მუშაობისა და არც დისკუსიებისას აჭარის ტელევიზიის ქონების საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნები არ გაჩენილა.

“მაგრამ რაკი დიკუსიისას გამოიკვეთა ეს პრობლემა, ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ, რომ დამატებითი რეგულირებისათვის კანონმდებლობაში ჩაიდოს ეს ნორმა, რომ მოხდეს ინვენტარიზაცია იმ ქონებისა, რომელიც აქვს დღეს მოქმედ სამთავრობო საქვეუწყებო დეპარტამენტს და იქედან რა და როგორ უნდა დარჩეს აჭარის მაუწყებელს. ამის შესახებაც განმარტებებს აუცილებლად დავურთავთ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა ქორიძემ.

კანონპროქტი, რომელზეც გაზეთ „რეზონანსის“ ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში, მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე და ჟურნალისტური ქარტიის ხელმძღვანელი, იურისტი თამარ კორძაია მუშაობდნენ პარლამენტს 26 დეკემბერს წარუდგინეს.

“ მმართველი ორგანო ამ არხისა ფორმირდება ადგილზე ბათუმში, ანუ უმაღლესი საბჭო არჩევს ბორდს, შემდეგ კი თავად სამეურვეო საბჭო ნიშნავს დირექტორს. ანუ დირექტორი არ ინიშნება თბილისიდან. მათ ექნებათ საკუთარი ბიუჯეტი, ადგილობრივი ბორდი განსაზღვრავს  პროგრამულ პრიორიტეტებს, ანუ შინაარსობრივი მხარე მთლიანად იქნება დამოკიდებული სამეურვეო საბჭოზე, როემლსაც ირჩევს უმაღლესი საბჭო. ადგილზე გადაწყდება როგორც შინაარსი, ფინანსები და ხელფასებიც, - ანუ მართვა მთლიანად განხორცილედება ადგილზე”, - განაცხადა ტუღუშმა.

ტელე-რადიო დეპარტამენტის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხად გარდაქმნის საკითხს არ ეთანხმება არსამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტი”-ს ხელმძღვანელი, გენო გელაძე. მისი განმარტებით, ტელე-რადიო დეპარტამენტის სტატუსის, დაფინანსებისა და ფუნქციონირების საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება უნდა იყოს, რადგან სხვა შემთხვევაში ტელე-რადიო დეპარტამენტის არსებობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. 

“ჩემთვის მხოლოდ ბორდის წევრების დანიშვნა აჭარის უმარლესი საბჭოს მიერ არაფერს არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში ეს ადგილობრივი ბორდი ვერაფერს ვერ წყვეტს. დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნია, დაფინანსებას ვერ ზრდის და მხოლოდ იმ 15 პროცენტის შიგნით უნდა იტრიალოს”, - განაცხადა გელაძემ.

კანონპროექტის პერსპექტივას ვერ ხედავს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე. ის აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის ალტერნატიული კანონპროექტის ავტორია. მან დისკუსიაზე განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ტელევიზიის ქონების საკითხი გაურკვეველია და ეს კანონპროექტი ვერ განხორციელდება.

“უმაღლესი საბჭოს ოცდაერთივე დეპუტატი ერთხმად თანხმდება, რომ “მაუწყებლის შესახებ” კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და შეიქმნას აჭარის რეგიონალური მაუწყებელი. მას დააფინანსებს აჭარის უმაღლესი საბჭო, ანუ გადასახადის გადამხდელი და აჭარის ტელევიზია ანგარიშვალდებული გახდება გადამხდელების მიმართ“, - განაცხადა დუმბაძემ.

კანონპროექტის ავტორების აზრით კი აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის სტატუსი უფრო ამაღლდება იმით, რომ აჭარის მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იქნება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.  დისკუსიის რამდენიმე მონაწილემ შიში გამოთქვა, რომ ამით აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლი სამეურვეო საბჭო ჩაერევა. თუმცა ლაშა ტუღუშის განმარტებით, ამით აჭარის ტელევიზიის სტატუსი უფრო გაიზრდება რადგან მას ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი საზოგადოებრივ მაუწყებელში და რეგონის პრობლემებს მიაწვდის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კანონპროექტზე მსჯელობა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი განხილვა თბილისში, 10 იანვარს გაგრძელდება. ავტორების განცხადებით ისინი აპირებენ დისკუსიისას წამოჭრილი რამდენიმე რაციონალური აზრის კანონპროექტში გათვალისწინებას.  მათ შორისაა, აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ქონების განკარგვის საკითხის გადაწყვეტა. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ გია მასალკინის აზრით, კი მხოლოდ დისკუსიების გამართვა ტელე-რადიო დეპარტამენტის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავსირებით ჩაკეტილ წრეზე სიარულს ჰგავს და თუკი მისი განსაზღვრა დროულად არ მოხდება აგვისტოში ახალი ბიუჯეტის წარმოდგენისას აღმოჩნდება, რომ ტელევიზიის საკითხი  ისევ გადაუწყვეტელია. “მეტი კომპრომისი აღარ იქნება” განაცხადა მან ტელე-რადიო დეპარტამენტის დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.  

 

იხილეთ მედიის ადვოკატირებისთვის კოალიციის მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი:

საკანონმდებლო წინადადება 1

საკანონმდებლო წინადადება 2

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test