შემოგვიერთდი

27.12.2012 09:22

2012 წელი ქართულ მედიაში

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

2012 წელს მედიაში ძირითადი ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. კერძოდ - დაიხურა ტელევიზიები და ტელეკომპანიებს შეეცვალა მფლობელები. არჩევნებამდე პერიოდში მნიშვნელოვანი იყო Must Carry-ს შესახებ კანონის მიღება და “მეცხრე არხის” გახსნა. უფრო დაწვრილებით 2012 წელი ქართულ მედიაში ასე გამოიყურება:

1. Must Carry-სა და Must Offer-ის შესახებ კანონის მიღება

პარლამენტმა 28 ივნისს Must Carry-ის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილება შევიდა „საარჩევნო კოდექსში“, რომლის მიხედვითაც საკაბელო კომპანიები ვალდებული გახდნენ ყველა ტელეკომპანია სამაუწყებლო ზონების მიხედვით, საკუთარ პაკეტში  არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების დღემდე ჩაერთოთ. ამ ცვლილების შედეგად, რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლისთვის ტელეკომპანია “მაესტროსა” და “მეცხრე არხის” ყურება გახდა შესაძლებელი.

Must Carry -ს პრინციპის ამოქმედება კამპანია “ეს შენ გეხებამ” მოითხოვა, რომელიც 2012 წლის 13 თებერვალს დაიწყო, და რომლის მიზანიც „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, ასევე საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში  2011 წლის დეკემბეში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების გაპროტესტება იყო. 

2. “მეცხრე არხისდაინფო9”- შექმნა

30 აპრილს მაუწყებლობა დაიწყო ახალმა ტელევიზიამ, “მეცხრე არხმა”, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს ეკუთვნის. არხს საკაბელო და თანამგზავრული ლიცენზია აქვს და მაუწყებლობის დაწყებისას ის ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით და საკაბელო კომპანია “გლობალ TV”- ს საშუალებით. სხვა საკაბელო კომპანიებმა must carry-  ს ამოქმედებამდე ამ არხის საკუთარ პაკეტში ჩართვაზე უარი განაცხადეს. არხის გენერალურ დირექტორად კახა ბექაური დაინიშნა, “მეცხრე არხის” სლოგანი კი გახდა ფრაზა - “ყველაფერი შეკითხვით იწყება”.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა, რის ფარგლებშიც თანამდებობა დატოვა კახა ბექაურმა და მისი ადგილი დაიკავა მისმა მოადგილემ, ლუბა ელიაშვილმა. ელიაშვილის ამ თანამდებობაზე მოსვლა არხის ჟურნალისტების ნაწილმა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხედ შეაფასა და “მეცხრე არხი” დატოვა. ელიაშვილმა განაცხადა, რომ “მეცხრე არხი” საინფორმაციო ტელევიზიიდან საერთო ტიპის მაუწყებლად გადაკეთდება.

მაისში შეიქმნა “მეცხრე არხის” კუთვნილი საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას რეგიონებში მიმდინარე ამბების შესახებ. სხვადასხვა მედიასაშუალებას ამ სააგენტოდან ინფორმაციის გამოყენება უსასყიდლოდ შეეძლო. ნოემბერში “ინფო 9”-მ შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპით ამუშავდა. მისი მასალების გამოყენება ფასიანი გახდა. სააგენტოს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მისი არსებობის საკითხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად იქნება მის პროდუქციაზე მოთხოვნა.

3. ტელეკომპანია PIK-ი დაიხურა

20 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი არხის, PIK-ის მუშაობა შეწყდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაშინ ყველა ხელშეკრულება შეაჩერა და განაცხადა, რომ ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი გახდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე (გლობქასტი), „რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა“.2012 წლის დასაწყისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ტელეკომპანია პიკი“ მესამე არხის მმართველი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა  ყოფილიყო. PIK-ის დახურვის შედეგად, უმუშევარი დარჩა 400 ადამიანი. ტელეკომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და 2012 წელს მისთვის 14 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. მოგვიანებით შპს “ტელეკომპანია პიკი”- ის 60% ოთხი დღით ადრე შექმნილ კომპანია “შვიესას” გადაეცა.

4. საგადასახადო ამნისტია ტელევიზიებისთვის

15 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხეთაგურმა ტელემაუწყებლებს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებისა და მათზე დარიცხული სანქციების შემცირების თაობაზე განაცხადა. მისი თქმით, დავალიანების შემცირების შესახებ ინიციატივა ხელსშეუწყობდა მაუწყებლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას და კონკურენციის გაზრდას, რაც ტელეკომპანიებს ყველა მიმართულებით განვითარების საშუალებას მისცემდა.  შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანება ჰქონდათ - ტელეკომპანია “იმედს” 14 მილიონამდე ლარი, “რუსთავი 2”–ს -5.5. მილიონი ლარი, ხოლო ტელეკომპანია “საქართველოსა” და “თრიალეთის” დავალიანება ჯამში 10 ათას ლარს არ აღემატებოდა.ტელეკომპანია “თრიალეთი” აცხადებდა, რომ მას დავალიანების ჩამოწერის თხოვნით ხელისუფლებისთვის არ მიუმართავს.

საკითხით მოგივანებით ახალი მთავრობა დაინტერესდა. ახალი ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ამ საკითხს პროკურატურა შეისწავლის.

5. ტელეკომპანიების მფლობელების ცვლილება

- ტელეკომპანია “იმედი” ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედიაპროდაქშენ გრუპი“ ყოფილმა მესაკუთრეებმა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს 4 ლარად დაუთმეს. გუდავაძის თქმით, ტელეკომპანია ხელისუფლებასთან შეთანხმების შედეგად დაიბრუნეს და შეთანხმდნენ, რომ „იმედის“ გადაბარების პროცესი მშვიდობიანი ყოფილიყო. პატარკაციშვილების ოჯახს, რომელმაც “იმედი” 2007 წელს დაკარგა, აღარ სურს საქმე სასამართლოში განიხილოს.

- 2012 წლის 9 ოქტომბერს, “გურია” მისი ძველი მფლობელის, მერაბ სიორიძის ქალიშვილს, ხათუნა სიორიძესგადაეცა. მანამდე ტელეკომპანიას მალხაზ საბაძე ფლობდა. სიორიძე მიიჩნევდა, რომ მალხაზ საბაძე უკანონო მფლობელია და „გუსიის“ დასაბრუნებლად სასამართლო დავა მიმდინარეობდა. მოგვიანებით 14 ნოემბერტს არხის წილის 51 პროცენტი ხათუნა სიორიძისგან „მზერა TV”-მ იყიდა, რომლის მფლობელიც, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილი, მიხეილ ჩხარტიშვილია.

- რამდენჯერმე შეეცვალა მფლობელი “ტელეარხ 25”-ს - 2012 წლის 24 თებერვალს გიორგი სურმანიძემსაკუთარი 50% ჯემალ ვერძაძეს 150 ათას აშშ დოლარად მიჰყიდა. დანარჩენი 25-25%-ის მფლობელებმა მერაბმერკვილაძემ და მალხაზ ვერძაძემ კი მათი კუთვნილი წილები ლევან ქარდავას მიჰყიდეს. მოგვიანებით, მანარხის მფლობელობა აღარ ისურვა და საკუთარი 50 პროცენტიანი წილი მეორე მფლობელ ჯემალ ვერძაძეს 29ოქტომბერს მიჰყიდა. ტელეკომპანიის მფლობელი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კვლავ შეიცვალა. 12ნოემბერს ჯემალ ვერძაძემ გიორგი სურმანიძეს 49 პროცენტი 147 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაუბრუნა.ამჟამად ტელეკომპანიის 51 პროცენტს ჯემალ ვერძაძე ფლობს,  49% კი გიორგი სურმანიძის მფლობელობაშია.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “რეალ ტვ”-მ საინფორმაციო გამოშვება შეწყვიტა, რის მიზეზადაც არხის 24 საათიან საინფორმაციო ბადეზე გადასვლა დასახელდა. საინფორმაციო გამოშვების აღდგენის გარეშე, „რეალ ტივის“ 100 პროცენტიანი წილისმფლობელმა ლია დოლიძემ 16 ოქტომბერს მაუწყებლის აქტივები 30 ათას ლარად ლალი ეგაძეს მიჰყიდა. ეგაძის განმარტებით, “რეალ ტვ”-ს შეეცვლება სახელი და მას “მესამე არხი” ერქმევა, აგრეთვე იქცევა  აპოლიტიკურ ტელევიზიად.

- სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 51 პროცენტიანი წილის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველო“ გახდა.  13  ნოემბერსგამართულ პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ ტელეკომპანია „საქართველო“ 51 პროცენტიანი წილის სანაცვლოდ „რუსთავი 2“-სმის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას მთლიანად გადასცემს. "რუსთავი 2"-ის ძველი მფლობელები კი კვლავ აცხადებენ პრეტენზიას ტელეკომპანიაზე და "რუსთავი 2"-ის დაბრუნება სურთ. 

- 12 ოქტომბერს ტელეკომპანია “საქართველოს” ლიცენზია  „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ იყიდა, რომელიც ჟურნალ „ტაბულას“ ფლობს. “ტაბულა” კი, ყოველკვირეულიდან ყოველთვიურ გამოცემად იქცა.  „სამოქალაქო განათლების ფონდის“ დირექტორი უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლე და ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილია.

6. ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლა

წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდნენ ე.წ. “მედიაჯგუფის” და სხვა მედიასაშუალებების სახელით მოქმედი ჟურნალისტები, რომელთა არსებობა არ დასტურდებოდა და არც მათ მიერ მომზადებული მასალები გამოჩენილა სადმე. მათი სამიზნე “ინფო 9”-ისა და “მეცხრე არხის” ჟურნალისტები იყვნენ - ცდილობდნენ მათთვის მუშაობაში ხელი შეეშალათ, მუშაობიდ პროცესში უსვამდნენ კითხვებს ბიძინა ივანიშვილზე და ხვდებოდნენ საცხოვრებელ სახლებთან. “მეცხრე არხის” და “ინფო9”-ის ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა არჩევნებამდე ორი თვით ადრე შეჩერდა. ამ ფაქტს უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისია გამოეხმაურა. 

7. შეიქმნა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭო

7 დეკემბერს სასტუმრო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა. საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 5 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. დებულების თანახმად, საბჭომ უნდა უზრუნველყოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის და მისი განხორციელები ღონისძიებათა გეგმის პროექტი. 

საბჭოს ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიაშვილი ხელმძღვანელობს. ამ უწყების წარმომადგენელთა გარდა საბჭოში შედიან ფინანსთა სამინისტროს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ტელეკომპანიების დირექტორები - ჯამში 47 ადამიანი.

საქართველო ახლა ანალოგურად მაუწყებლობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კი საერთოაშორისო ვალდებულებაა. საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ (ITU) ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 15 ივნისი განუსაზღვრა. 

8. ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში

13 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გიორგი ჭანტურია. მან წასვლის მიზეზად იმ გეგმის შეუსრულებლობა დაასახელა, რაც ტელეკომპანიაში მოსვლისას დაისახა.

14 დეკემბერს გამოცხადდა კონკურსი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. კონკურსის პირველ ტურში 143 კანდიდატი, მეორე ტურში კი 5 კანდიდატი მონაწილეობდა. სამეურვეო საბჭომ 26 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად გიორგი ბარათაშვილი დაასახელა. ბარათაშვილი მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დირექტორი იყო და ჭანტურიას გადადგომის შემდეგ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test