შემოგვიერთდი

26.12.2012 12:28

რუსული არხები ქართული საკაბლო კომპანიების ქსელში

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

ქართულმა საკაბელო კომპანიებმა რუსული საინფორმაციო არხები - OPT; HTB; PTP, Интересное TВ, Телеканал ДОЖДЬ და ТВ центр-ი 2012 წელს საკუთარ ქსელში ეტაპობრივად ჩართეს. რუსული საინფორმაციო არხები საკაბელო კომპანიებიდან 2008 წლის ომის შემდეგ გაქრა. მაშინ ოფიციალურ მიზეზად ამ ტელეკომპანიებთან არარსებული ხელშეკრულებები სახელდებოდა. რიგ შემთხვევაში საკაბელო კომპანიები ვერ ახერხებდნენ რუსულ საინფორმაციო არხებთან ხელშეკრულების გაფორმებას. ზოგიერთი საკაბელო კომპანიის მფლობელი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობდა, თუმცა ანონიმურად. შესაბამისად ზეწოლის დამადასტურებელი ფაქტები არ გავრცელებულა.

კომუნიაციების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ საკაბელო კომპანიებმა რუსულ არხებთან ხელშეკრულებები 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში გააფორმეს.

რუსულენოვანი საინფორმაციო არხების ჩართვისა და სამომავლო გეგმების შესახებ Media.Ge საკაბელო კომპანიების - „სილქნეტის“; „გლობალ TV“-ის; „დიდგორის“; „TV ერას“ და „ბლექ სი სატის“ წარმომადგენლებს ესაუბრა.

კომპანია „სილქნეტის“ კომერციული დირქტორი, ნუგზარ ჩინჩალაძე რუსულ არხებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე „სილქნეტის“ მენიუში რამდენიმე რუსულენოვანი შემეცნებით–გასართობი არხია ჩართული. მათ შორის Кухна TВ, Интересное TВ, ასევე საინფორმაციო არხები რუსულენოვანი „ევრონიუსი“ და ДОЖДЬ-ი.  რუსულ საინფორმაციო არხებთან OPT -სა და HTB-სთან კი „სილქნეტს“ ხელშეკრულება ჯერ არ აქვს გაფორმებული.

„ჩვენს ინტერესშია ყველა არხი, რომელიც „სილქტივის“ მენიუშია, ოფიციალური და ლეგალური გზით იყოს მიღებული. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე რუსულ ტელეარხთან“, - ამბობს ჩინჩალაძე.

2012 წლის აგვისტოდან რუსული არხების ტრანსლირება დაიწყო საკაბელო კომპანია „გლობალ ტვ“-მაც, რომლის მფლობელი, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია. თუკი ეს კომპანია მანამდე მხოლოდ გასართობ-შემეცნებით არხებს უჩვენებდა, 2012 წლის აგვისტოდან საკუთარ ქსელში ორი საინფორმაციო არხი ჩართო - TВ Центр-ი და OPT. 

სწორედ „გლობალ ტვ“-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, ზურაბ ბაზლიძე საუბრობს 2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან საკაბელო კომპანიების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. თუმცა კონკრეტულ პირებს არ ასახელებს.

მისი თქმით, ხელისუფლება საკაბელო კომპანიებს უკრძალავდა რუსლი არხების გავრცელებას. იმ შემთხვევაში, თუ კომუნკაციების ეროვნული კომისია შეამჩნევდა, რომ საკაბელო კომოანიები რუსულენოვანი არხების ჩართვის სურვილს გამოთქვამდნენ, იწყებდნენ რეაგირებას და პრობლემების  შექმნას. „ჩვენს კომპანიას ჩასაფრებულის პოზიციიდან აკვირდებოდნენ, თუ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვევებს  ვერ აღმოაჩენდნენ სხვა ორგანოები იწყებდნენ რეაგირებას. „კუდი“ და „სოდი“ პირდაპირ ზეწოლას მიმართავდნენ და გვეუბნებოდნენ - რად გინდა პრობლემას რომ იქმნიო“, - ამბობს ბაზლიძე.  მისი თქმით, კომპანიამ პრობლემების თავიდან არიდების მიზნით უარი თქვა არხების გავრცელებაზე. როგორც „გლობალ ტვ“-ს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, არხების მომწოდებელ კომოპანიასთან შეწყვეტილი კონტრაქტების გამო დაჯარიმდნენ. გარდა ამისა, რუსულენოვანი არხების შეწყვეტის გამო კომპანიამ აბონენტების ნაწილი დაკარგა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით „გლობალ TV“-ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - გაფრთხილება  დაეკისრა არხების - Discovery, Discovery Science და Animal Planet კომერციულ სუბიექტებთან (სასტუმროებთან) გავრცელების გამო.

თუმცა კომუნიკაციების კომისიაში მაშინ განმარტავდნენ, რომ საკაბელო კომპანიებს იმ არხების ჩევენების უფლება არ ჰქონდათ, ვისთანაც ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული.

რუსულენოვანი არხების ჩვენების გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობს კომპანია „დიდგორის“ დირექტორი, კახა ნადირაძეც. მისი თქმით, „დიდგორი“ თავის აბონენტებს რუსულენოვან საინფორმაციო არხს - PTP-ს აწვდიდა. იმის მიუხედავად რომ კომპანიას PTP-ის ჩვენების ლიცენზია ჰქონდა, „დიდგორმა“ მისი ტრანზიტი მაინც შეწყვიტა.

„არხის ჩართვის გამო გვქონდა პრობლემები კუდის, თუ სოდის თანამშრომლებთან. მოსულები იყვნენ და გვითხრეს, რომ სასურველია არ ჩაგვერთო რუსულენოვანი საინფორმაციო არხები, იმის მიუხედავად რომ გვქონდა ლიცენზიები“, - ამბობს ნადირაძე.

2012 წლის საპარლამენტი არჩევნების შემდეგ „დიდგორმა“ კვლავ დაიწყო რუსულენოვანი საინფორმაციო არხების ტრანზიტი. ამ ეტაპზე „დიდგორის“ მაყურებელს - OPT-სა და PTP-ის პროგრამების ნახვა შეუძლია.

კომუნკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „დიდგორი 2“-ს 2 დოკუმენტია წარდგენილი. 2012 წლის 1 ნოემბერს „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას თავისი ამობონენტებისთვის PTP-ის შეთავაზება შეუძლია. ამავე წლის 16 ნოემბერს შპს „გეოკრიფტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით კი, OPT-ს გავრცელება შეუძლია.

რუსული საინფორმაციო არხის - OPT ყურება „TV ერას” მაყურებელისთვის 2012 წლის 16 იანვარს შპს „გეოკრიფტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. „TV ერას” დირექტორის მერაბ მეტრეველის ინფორმაციით,  ამ დრომდე ქართული საკაბელო კომპანიებისთვის შეუძლებელი იყო რუსული საინფორმაციო არხების ჩვენების ლიცენზიების მოპოვება. „ვცდილობთ HTB-სა და PTP-ის მიწოდების ლიცენზიის ყიდვას, ფიზიკურად ვერ ვახერხებთ მათი ლიცენზიების მოპოვებას“, - ამბობს მეტრეველი. იგი რუსული არხების საქართველოში ტრანზიტის შეწყვეტის პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავს. „TV ერა” „გეოკრიფტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებითვე აბონენტებს რუსულენოვან გასართობ-შემეცნმებით არხებსაც - Карусель, Дом Кино, Телекафе-სა და Музика Первего სთავაზობს.

სატელიტური კომპანია „ბლექ სი სატის“ არხის დირექტორის, მამუკა ცქიტიშვილის ინფორმაციით ამ ეტაპზე რუსულენოვანი საინფორმაციო არხებიდან მხოლოდ Телеканал ДОЖДЬ-ის ყურებაა შესაძლებელი მისი აბონენტებისთვის. „ისეთი საინფორმაციო არხები, როგორიცაა OPT; HTB; PTP ლიცენზიის არქონის გამო არ შეგვითავაზებია ჩვენი მაყურებლისთვის.  როგორც მე ვიცი, ეს არხები აწესებდნენ აკრძალვებს და არ ყიდდნენ თავიანთი არხების ჩვენების ლიცენზიას ქართულ პროვაიდერებზე“, - ამბობს ცქიტიშვილი. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test