შემოგვიერთდი

24.12.2012 13:49

„რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველებს მათ მიმართ არ აქვთ ცუდი დამოკიდებულება“, - რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე შამშიევი

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე
რუსი და ქართველი ჟურნალისტების შეხვედრა (photo: )

“ქართველებს რუსეთში ჩასასვლელად ვიზა სჭირდებათ?”- იკითხეს “კავკასიური სახლის” პროექტ “ქართულ- რუსულ დიალოგში” მონაწილე რუსმა ჟურნალისტებმა ერთკვირიანი შეხვედრის პირველ დღეს.  მოგვიანებით, მათ ქართულ-რუსული ურთიერთობების მაქსიმალურად სრული სურათი, ამჯერად ქართული მხრიდან დანახული, უშუალოდ პროცესში ჩართული ქართველი დიპლომატებისგან გაიგეს.

ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე პროექტში მონაწილე ქართველ და რუს ჟურნალისტებს ესაუბრნენ: სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი,  პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე.

რუსი ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ მათთვის საინტერესო იყო ქართული მხარის პოზიციის უშუალოდ გაცნობა, რისი დანახვაც რუსეთიდან რთულია. მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ქართველების მხრიდან უაგრესიო დამოკიდებულება რუსების მიმართ. მათი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მათ სხვანაირი ჰქონდათ.

მედიამკვლევარის, იულია იაკუშევას თქმით, როცა საქართველოში მოდიოდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ჩიხის შეგრძნება ჰქონდა და ამას იზიარებენ მისი ნაცნობი რუსებიც იმ ინფორმაციაზე დაყრნობით, რომელსაც რუსეთში იღებენ. “არ მაქვს ილუზიები, რომ ჩვენ შევცვლით პოლიტიკურ სიტუაციას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ხალხთან შეხვედრა, ის, რომ ნამდვილი ადამიანები, ჟურნალისტები საუბრობენ ამ თემებზე.  ვფიქრობ ამ შეხვედრების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რომ ქართველი და რუსი ხალხი ზის და მშვიდად განიხილავს რთულ საკითხებს”- ამბობს იაკუშევა.

“მინდა კიდევ მივიღო მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, შემდეგ ჩავიდე რუსეთში და ვთქვა სად ვიყავი, რომ ხალხს შევხვდი, რომ პოლიტიკოსებს ვუსვამდი კითხვებს და რომ მათი მხრიდან ჩემთან შეხვედრისას იყო ღიაობა”,- ამბობს იაკუშევა და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, რუსეთში ანალოგიური შეხვედრების მოწყობა რუსული ბოიუროკრატიიდან გამომდინარე ალბათ ვერ მოხერხდებოდა.

ტელეკომპანია “დოჟდის” ჟურნალისტი, ლოლა ტაგაევა აგრეთვე იზიარებს აზრს, რომ ქართულ-რუსული პოლიტიკური ჩიხის დაძლევა რთული იქნება, თუმცა ის ხედავს ამის მეტ მზაობას  საქართველოს მხრიდან.

“ვფიქრობ, ადრე ხალხს ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სურვილი, პრეზიდენტ სააკაშვილს კი - არა. ახლა ახალი მთავრობის და ხალხის პოზიცია თითქოს ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პუტინი ალბათ არასოდეს იტყვის უარს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, არ ვიცი - შექმნილი ჩიხიდან როგორ უნდა გამოვიდეთ”, - ამბობს ტაგაევა. მისი თქმით, საქართველოში მას მოეწონა ის, რომ ხალხი უფრო პოლიტიზირებულია და ჩართულია ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობაში, ვიდრე რუსები.

“არ მომეწონა ის, რომ იგრძნობა კონომიკური და სოციალური რეფორმების უკმარისობა. ძალიან არ მომეწონა, როცა ვნახე პრეზიდენტის ახლადაშენებული სასახლე იმ ფონზე, როცა თბილისის კვარტალების უმეტესობა საშინელ მდგომარეობაშია. თუმცა, აქ ის მაინც არის დასაფასებელი, რომ სააკაშვილმა ის ააშენა და არ მალავს მაინც მას, როგორც ეს სხვა პოლიტიკოსების შემთხვევაში ხდება ხოლმე”, - ამბობს ტაგაევა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ აგრეთვე ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებს, სტუმრობდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით დისკუსია ვერ შედგა. ქართველ და რუს ჟურნალისტებს ყველა შეხვედრაზე ჰქონდათ შესაძლებლობა პოლიტიკოსებისთვის, ექსპერტებისთვის თუ სხვადასხვა უწყების - პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის დაესვათ კითხვები, მათ შორის მწვავეც და მიეღოთ მათგან პასუხები. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების გაღიზიანება კი,  გამოიწვია Media.Ge-ს კითხვამ, იმის თაობაზე, რომ რეფორმების მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აღიქმება საზოგადოებრივ ტელევიზიად და მისი საინფორმაციო გამოშვების ობიექტურობის ხარისხი, თუ მაუწყებლის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი  პროგრამული ბადე საზოგადოებისთვის არ არის მისაღები. მაუწყებლის წარმომამდგენელმა კითხვას “უტაქტო” უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში ამ მხრივ ბევრად უარესი ვითარებაა. რადგან საქართველო ამ მხრივ “ბევრად წინ არის, ამით უნდა დავკმაყოფილდეთ”. ამავე შეხვედრაზე, “ბევრად აქტუალური” აღმოჩნდა კითხვა, მაუწყებლის შენობის რემონტის შესახებ.

გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას” ჟურნალისტის, ალექსანდრე შამშიევის თქმით, ქართულ და რუსულ მედიას მსგავსი პრობლემები აქვს. “როგორც დავინახე, ჟურნალისტებს ჩვენთანაც და თქვენთანაც აქვთ მიზანი, რომ ნაკლებად იყვნენ პოლიტიკური გავლენის ქვეშ და ჰქონდეთ მეტი დამოუკიდებლობა. ჩვენთან მედია პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს, როგორც მივხვდი, იგივეა თქვენთანაც. ამავდროულად, როგორც თქვენი, ისე ჩვენი მიზანია საზოგადოების სამსახური”,- ამბობს შამშიევი. მისი თქმით, მედიის პოლიტიზირებულობის გამო, რუსეთში მცირეა ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია, ამიტომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გეგმავს ამ თემაზე მასალების ციკლის მომზადებას.

“საქართველო უფრო გახსნილი ქვეყანაა, ვიდრე მეგონა და ეს კარგი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის. მინდა ჩემს მასალებში რუსულ-ქართული ურთიერთობების კომპლექსურობა ავსახო, ხაზი გავუსვა პოზიტიურ და დადებით მომენტებს. რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველებს რუსების მიმართ არ აქვთ ცუდი დამოკიდებულება”, - ამბობს შამშიევი.

რუსულ-ქართული დიალოგის ქართველი მონაწილეების თქმით, ელოდნენ და ასეც აღმოჩნდა, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა უფრო მეტი იციან ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ, ვიდრე რუსმა ჟურნალისტებმა. შეხვედრა მათთვის კოლეგების გასაცნობად და მათთან პირადი კონტაქტების დასამყარებლად იყო სასარგებლო, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ვითარებაში, როცა ქართველ ჟურნალისტებს რუსეთში ჩასვლის და ვითარების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა, გართულებული სავიზო რეჟიმიდან გამომდინარე, პრაქტიკურლად არ აქვთ.

შეგახსენებთ, “რუსულ-ქართული” დიალოგის ფარგლებში შედგა შეხვედრა რუს პოლიტოლოგებთან და უფლებადამცველებთან. წლის ბოლოს იგეგმება საქართველოში რუსი ეკონომისტების ჯგუფის ჩამოსვლაც.

“ქართულ-რუსული დიალოგის” მიზანი ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ ქართველი და რუსი ახალგაზრდაპროფესიონალების ცნობიერების ამაღლება და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებაა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test