შემოგვიერთდი

18.12.2012 07:12

“მონატრებული ვარ მრავალფეროვან ინფორმაციას” - ჩანაწერები ოზურგეთიდან

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
ოზურგეთი - ჟურნალისტის ჩანაწერები (photo: )

რა მედიასაშუალებებით იღებენ ოზურგეთელები ინფორმაციას, ენდობიან თუ არა ამ ინფორმაციას და რამდენად დამაკმაყოფილებელია ის მათთვის - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად Media.Ge-მ ოზურგეთელები გამოკითხა.

გამოკითხვის ერთ-ერთ მახასიათებელი ის იყო, რომ არავინ ამბობდა უარს კითხვაზე პასუხის გაცემაზე, როგორც ეს თბილისში ხდება ხოლმე და ამა თუ იმ მედიასაშუალების მიმართ სიმპათია ანტიპათიაზე გახსნილად საუბრობდნენ. 

ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქეების პოზიცია ასეთია:

32 წლის მაია ინფორმაციის მისაღებად უყურებს როგორც ინტერნეტს, ისე გაზეთებს და ტელევიზიას. “ამ მედიასაშუალებებიდან სარწმუნო უფრო ტელევიზია მგონია. ზოგადად, რომელი ინფორმაციაც გამართლდება, შემდეგ იმას ვენდობი”, - ამბობს მაია. ის ყველა არხს უყურებს, მათ შორის ადგილობრივ ტელეკომპანია “გურიასაც”. “პერიფერიის დონეზე ნორმალური არხია”, - ამბობს მაია. მისი თქმით, არჩევნების პერიოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ აზრის ჩამოსაყალიბებლად“რუსთავი 2”-ს და “მეცხრე არხს” უყურებდა. “ვადარებდი რა ხდებოდა რეალობაში და ვასკვნიდი რომელია სიმართლესთან უფრო ახლოს”, - აღნიშნავს მაია.

66 წლის ელიკო ტრაპაიძე კითხულობს ჟურნალებს “თბილისელები”, “გზა”, “სარკე”. თუმცა ამბობს - “ტელევიზიიდან “რუსთავი 2” მიყვარს. “გურიას” არ აჩვენებს ჩემთან თორემ სიამოვნებით ვნახავდი. “რუსთავი 2”-ს იმიტომ ვუყურებ, რომ ვენდობი, მჯერა იმის, რასაც მეუბნებიან. “მაესტროსაც” ხშირად ვუყურებ, “მეცხრე არხსაც”, მაგრამ ყოველთვის ვუყურებ “კურიერს”, ვენდობი ყველანაირად”.

“მონატრებული ვარ მრავალფეროვან ინფორმაციას, განსხვავებულ აზრს და ამიტომ ვუყურებ ახლა “მაესტროს” და “მეცხრე არხს”, - ამბობს 62 წლის მიხეილ შაფაქიძე. ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ს საერთოდ არ უყურებს, რადგან არ ენდობა. “არასწორ ინფორმაციას იძლევიან, აქეთ სხვას ლაპარაკობენ და იქით სულ სხვას. ალბათ მინდა რომ “მაესტრო” რასაც ლაპარაკობს, ის იყოს სწორი და ამიტომ ვენდობი”, - ამბობს შაფაქიძე. პრესას ვერ კითხულობს, რადგან მისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვს.

42 წლის ჯონი ინფორმაციის მისაღებად ტელევიზიას, გაზეთებს და ინტერნეტს იყენებს. კითხულობს “კვირის პალიტრას”, “ასავალ დასავალს”, “გურია ნიუსს”. არხებიდან კი ყველა სიხშირულ მაუწყებელს. “ზოგადად ჩემი ასაკის ხალხი საკუთარი გამოცდილებით, სიფრთხილით ეკიდება საზოგადოებრივი ძალების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და უნდობლობა ყოველთვის გვაქვს ხოლმე, ვცდილობთ გადავამოწმოთ”, - ამბობს ჯონი.  მიიჩნევს, რომ ტელევიზიებში ყველაფერი შუქდება და ტაბუდადებული თემები არ არის, თუმცა “ტენდენციაა დაახლოებით ისეთი ტიპის, როგორც 90-იან წლებში იყო - ზვიადისტებად და მის მოწინააღმდეგეებად რომ იყოფოდნენ. დღეს დღევანდელობის შესაბამისად ხდება ეს და ჩანს ტელევიზიაში. საზოგადოებრივი ინტერესი კი ნაკლებად არის გაზიარებული”, - აღნიშნავს ჯონი.

15 წლის ლევანი ახალ ამბებს ვებ გვერდ “დრონი.ჯი”-დან და “მეცხრე არხიდან” იგებს. “აქამდე “კურიერს” ვუყურებდი ხოლმე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ “მეცხრე არხი” უფრო ობიექტურად აშუქებს და ამიტომ ვუყურებ. “მაესტროსაც” ზოგჯერ, რადგან ის და “მეცხრე არხი” თითქმის ერთნაირად აშუქებენ ამბებს. “პირველ არხზე” ძირითადად შემეცნებით გადაცემებს ვუყურებ. გაზეთებიდან “კვირის პალიტრას” ვკითხულობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაზეთებით მიღებული ინფორმაცია დაგვიანებულია, ზოგადად ინტერნეტიდან ყველაზე სწრაფად და სრულყოფილად ვგებულობ ხოლმე იმას, რაც მაინტერესებს”, - ამბობს ლევანი.

14 წლის მარი ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებს. “იმდენი ვებ-გვერდია, რომელი დავსახელო არც ვიცი”, - ამბობს მარი. უყურებს “იმედს”, “რუსთავი 2”-ს, რადგან ფიქრობს, რომ იქ  უფრო ვრცლად არის ყველაფერი მოცემული. “გურიას” არ ვუყურებ რაგდან მოკლე საინფორმაციოა, ვრცლად რომ იყოს, შეიძლება ვუყურო”.

ლალი მსხილაძე ოზურგეთში პრესას ყიდის. ამბობს, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა აქვს “კვირის პალიტრას”, “ასავალ დასავალს”, “თბილისელებს”, “სარკეს”. “პირადად მე დროის უქონლობის გამო უფრო ტელევიზორს ვუყურებ, რომ უცებ მივიღო ინფორმაცია, ამისთვის ძირითადად “მეცხრე არხს” ვუყურებ ხოლმე. თან ახალი არხია და ამიტომ მაინტერესებს. სრულიად მაკმაყოფილებს და მჯერა მისი. როცა დრო მაქვს, “კვირის პალიტრას” ვკითხულობ ხოლმე”, - ამბობს მსხილაძე.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test