შემოგვიერთდი

17.12.2012 09:23

„მზერა TV“-ს წვლილი ტელეკომპანია “გურიის” მუშაობაში ჯერ განსაზღვრული არ არის

მაია წიკლაური
ახლო ხედით
ტელეკომპანია

ტელეკომპანია „გურიას“ ოზურგეთში დიდი, ორ სართულიანი შენობა ეკუთვნის. შესვლისას შთაბეჭდილება მრჩება, რომ შენობაში არავინ არ არის - პირველი სართული ცარიელია და სიჩუმეა. მეორე სართულიც სიცარიელის შთაბეჭდილებას ტოვებს -  გრძელ  დერეფანში არავინ ჩანს. კარებზე კაკუნისას პასუხს არავინ გცემს. თუმცა დერეფანში უფრო ღრმად შესვლის შემდეგ, ტელევიზორის ხმა ისმის და  ხვდები, რომ ტელევიზიაში ვიღაც არის.  

რამდენიმე წუთში, არხის გენერალური დირექტორის, ზურაბ გობრონიძის კაბინეტში აღმოვჩნდი. Media.Ge  მას “გურიისა” და “მზერა TV”-ის შესაძლო შეერთების საკითხზე , ასევე რეგიონული არხის სამომავლო გეგმებზე და მფლობელების ცვლილებაზე სასაუბროდ შეხვდა. ინტერვიუში აქტიურად ჩერთო არხის აღმასრულებელი დირექტორი, ავთანდილ გველებიანი, რომელიც მანამდე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი იყო. ამ თანამდებობაზე გველებიანი გობრონიძემ მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც 2012 წლის 9 ოქტომბერს, “გურია” მისი ძველი მფლობელის, მერაბ სიორიძის ქალიშვილს, ხათუნა სიორიძეს გადაეცა. 

„გურიის“ მფლობელები

9 ოქტომბრამდე ტელეკომპანიას მალხაზ საბაძე ფლობდა. სიორიძე კი მიიჩნევდა, რომ მალხაზ საბაძე უკანონო მფლობელია და „გურიის“ დასაბრუნებლად სასამართლო დავა მიმდინარეობდა. გობრონიძე ამბობს, რომ საბაძის უკან რეალურად რეგიონული განვითარებისა და იფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი იდგა და საბაძე ფორმალური მფლობელი იყო“.

„2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაგვიკავშირდა ნიკოლაიშვილი და გვითხრა, რომ ტელევიზიას აბრუნებდნენ“, - ამბობს გობრონიძე. ყოფილ და ახალ მფლობელებს მიზეზებზე არ უსაუბრიათ - „მთავარია, დაგვიბრუნეს, ამიტომ სასამართლოში დავა და კომპენსაციის მოთხოვნა აღარ დავიწყეთ”, - განმარტავს გობრონიძე.

მოგვიანებით, 14 ნოემბერს, არხის წილის 51 პროცენტი ხათუნა სიორიძისგან “მზერა TV”-მ იყიდა, რომლის მფლობელიც, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილი მიხეილ ჩხარტიშვილია.

“მზერა TV” ტელეკომპანია „გურიაში“

ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელმა, გიორგი გიორგაძემ 15 ნოემბერს Media.Ge-ს განუცხადა, რომ „გურიის“ სამაუწყებლო ლიცენზიით „მზერა TV”-ს მაუწყებლობა იგეგმება.

როდის გავა “მზერა TV” “გურიის” ეთერით, რა დროს დაიკავებს მისი პროგრამები, რა ტიპის გადაცემები იქნება და რა ინტერესი აქვს ვანო ჩხარტიშვილს ტელევიზიის მიმართ, როცა საქართველოში ამ ბიზნესის კეთება მომგებიანი არ არის და “გურიაც” მწირი სარეკლამო შემოსავალით და გრანტების დახმარებით არსებობს, ეს არხის ადგილობრივი ხელმძღვანელობისთვის უცნობია.

“წუთი წუთზე ველოდებით “მზერა TV-ს ამუშავებას”, - ამბობს გობრონიძე, რომლისთვისაც უცნობია, “მზერა TV” “გურიის” სიხშირით იმაუწყებლებს, თუ ამისათვის სხვა წყაროს იშოვის, თუმცა “მზერა TV”-ს “გურიის” წილში შესვლით არხს “გაძლიერების შესაძლებლობა” ექნება“, - ამბობს გობრონიძე.

მისი თქმით, გაძლიერება ახალი პროგრამების გაკეთებაში და საინფორმაციო გამოშვებებში ადგილიდან პირდაპირი ჩართვების განხორციელების შესაძლებლობაში გამოიხატება.  იგეგმება ტელევიზიის ტექნიკური ბაზის განახლება და ახალი სტუდიების გაკეთება.

უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღება Media.ge-მ ვერც ჩხარტიშვილის მდივნისგან, გიორგი გიორგაძისგან შეძლო. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"გურია" ახლო ხედით 

რეგიუნული ტელევიზია 1992 წლიდან მაუწყებლობს. ის დეციმეტრული სიხშირით ვრცელდება და გურიასთან ერთად მის მეზობელ რაიონებს ფარავს. ტელეკომპანიაში 4 ჟურნალისტი და 3 ოპერატორი მუშაობს. გველებიანის თქმით, “გურიას” 200 ათასი მაყურებელი ჰყავს, ვისაც კვირის დღეებში საინფორმაციო გამოშვების და რამდენიმე გადაცემის ნახვა შეუძლია.

“გურიის” ნიშა ადგილობრივი ამბების გაშუქებაა. კვირაში ერთხელ ეთერში გადის   ტოქშოუ - “თქვენთან ერთად”, სადაც კვირის აქტუალური თემა განიხილება, მაყურებელს კი, სატელეფონო ზარებით შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობა იღებს გადაცემიდან “ინფორმირებული მოსახლეობა -ეფექტური ხელისუფლება”. ამავე თემაზე თვეში ერთხელ ანალიტიკური გადაცემა მზადდება. ეთერში გადის ახალგაზრდული გადაცემა “სმს მანია”, სადაც მაყურებელს მისთვის სასურველი ვიდეოკლიპის შეკვეთა შეუძლია და “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” გადაცემა“მრავალკუთხედი”. ბადის დანარჩენ ნაწილს კი, ფილმები და სერიალები იკავებენ.

გველებიანი ამბობს, რომ არხი აკეთებს იმდენ პროდუქტს, რისი შესაძლებლობაც აქვს. ჟურნალისტები ითავსებენ რამდენიმე ფუნქციას - არიან გადაცემის წამყვანები და რეპორტიორები, პროდიუსერი მემონტაჟეცაა და საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორიც.

არხის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, პროფესიული კადრების სიმცირე არის ზოგადად გურიის მახასიათებელი, რაც ტელევიზიაზეც აისახება.

“თბილისში მიდიან სასწავლებლად და აღარ ბრუნდებიან. გურიაში ჟურნალისტური სასწავლებელი არც არის და ხდებოდა კადრების გადინება - ყველა პრესსამსახურის წარმომადგენელი ჩვენი ყოფილი ჟურნალისტია. ახლა რაც მოვახერხეთ არის ის, რომ ასე თუ ისე სტაბილური სტაფი გვყავს და პროფესიული დონის ამაღლებას ვცდილობთ სხვადასხვა ტრენინგებში ჩართულობით”, - ამბობს გველებიანი.

კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურებოდა “გურიის” წარმომადგენლების ვიზიტი ამერიკის ქალაქ ტოლედოში, რომლის მაგალითზე სწავლობდნენ რეგიონული ტელევიზიის სპეციფიკას.

არხის ჟურნალისტის, ნინო ვაშალომიძის თქმით,  ამერიკაში ისწავლა როგორ გააკეთოს სხარტი ნიუსები. “სიღრმისეულად გაშუქება და დეტელებში შესვლა ამერიკულ ჟურნალისტიკას არ სჩვევია. ვისწავლე რომ უნდა იყო ლაკონური და არ უნდა დაღალო მაყურებელი”, - ამბობს ვაშალომიძე.

საინფორმაციო გამოშვებისთვის თემების მოძიება პრობლემაა, გვიხსნის ავთანდილ გველებიანი. ის ამბობს, რომ ეს ტენდენცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა, როცა პოლიტიკურად აქტიური ცხოვრება რეგიონში ჩაკვდა. “აღარც ღონისძიებები ტარდება, რომ რამე გაიხსნას. ხალხიც არ არის აქტიური, რომ ეს გააშუქო”, -ამბობს გველებიანი. არხი საინფრომაციო დეფიციტის შევსებას სხვადასხვა თემაზე ხალხის გამოკითხვით ცდილობს.

აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მათ მასალებს აქვთ შედეგიც - სიუჟეტს სოციალურად დაუცველი ბებიისა და შვილიშვილის შესახებ საზოგადოების გააქტიურება და მათი ფინანსური დახმარება მოჰყვა.

“ჩვენი სიუჟეტების შედეგად გზა დაგებულა და შუქი გაკეთებულა. ხალხი ჩვენ უფრო მოგვმართავს პრობლემებით, ვიდრე გამგეობას”, -ამბობს გველებიანი.

“გურია” ვებ-გვერდ guria.tv-ზეც არის ხელმისაწვდომი, რომელსაც დღეში 150-250 მომხმარებელი სტუმრობს. გველებიანის თქმით, არხის საიტს რეკლამის მოზიდვის მიზნით იყენებს, რადგან იქ რეკლამის განთავსების შესახებ სრული ინფორმაციაა მოთავსებული. არხის გადაცემების მაყურებლისთვის მისაწვდენად facebook-ის გვერდსაც იყენებენ.

“ზოგადად რეკლამის კუთხით გვინდა გააქტიურება, რადგან ერთ დღეს აღარ გვეყოლება პარტნიორი, ან დონორი და უნდა შევძლოთ არსებობა”, - ამბობს გველებიანი.

თუმცა ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად შესაძლოა ტელეკომპანიის გეგმებიც შეიცვალოს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test