შემოგვიერთდი

06.12.2012 10:57

მაყურებლის ნდობის დაბრუნება - ახალი „იმედის“ მიზანი

მაია წიკლაური
ახლო ხედით
ტელეკომპანია

ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შესვლისთანავე ნიუსრუმთან დიდ აბრაზე  გამოკრული „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები“ გხვდება თვალში. საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა ამბობს, რომ ამ პრინციპების დაცვამ უნდა დაუბრუნოს „იმედს“ მაყურებლის ნდობა. "იმედის" თანამშრომლების მთავარი მიზანი ამ ეტაპზე სწორედ ტელეკომპანიისთვის მაყურებლის ნდობის აღდგენაა.

ახალი ამბები

განახლებული „იმედის“ ეთერში ახალი კადრების მიერ მომზადებული საინფორმაციო გამოშვება პირველად 3 დეკმებერს გავიდა. მას შემდეგ დილის 9 საათიდან მაყურებელს 3 საათიანი ინტერვალებით აწვდიან ახალ ამბებს, შემაჯამებელი გამოშვება 20:00 საათზე გადის. ბაია ცანავას თქმით, ახალი ამბების გუნდი უკვე დაკომპლექტდა. ჯამში დაახლოებით 22 ჟურნალისტი მუშაობს.

„ჟურნალისტების შერჩევისას  გარდა პროფესიული უნარ-ჩვენებისა, ყურადღებას ვაქცევდით  პროფესიულ რეპუტაციას, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ქართულ მედიაში მწვავედ დგას. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ამ გუნდით. ვქმნით პროდუქტს, რომელიც დახვეწის სტადიაშია“, - აღნიშნავს ბაია ცანავა და ხაზს უსვამს იმას, რომ მათი ამოსავალი წერტილი ზუსტი ინფორმაცია იქნება, - „ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც რეალობას აჩვენებს მაყურებელს“.

არხზე დაწყებული რეორგანიზაციის შემდეგ მხოლოდ ტექნიკური პერსონალი და რამდენიმე სტაჟიორი დარჩა. დაიხურა უცხოეთის ბიუროები. ჯერ არ გადაუწყვეტიათ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიმდინარე ამბებს როგორ გააშუქებენ. სამსახურიდან გათავისუფლება განსაკუთრებით მწვავედ რეგიონულმა ჟურნალისტებმა მიიღეს.

„არ მგონია, რომ რეგიონალური ჟურნალისტებს რაიმე განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ. განხილვის ეტაპზე დადგა მათი გაშვების და ახლით ჩანაცვლების საკთხი. გვინდოდა ახალი სახეები. გვჭირდება იმ ნდობის მოპოვება, რაც ამ არხს ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობის პერიოდში“, - განმარტავს საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

გეგმები

ახალი 2013 წლიდან ღამის საინფორმაციო გამოშვების და საზოგადოებრივ - პოლიტიკური ტოქშოუს გაკეთება იგეგმება, ფიქრობენ კვირის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაზეც. სამაუწყებლო ბადეში რჩება „იმედის გმირები“, აგრეთვე გასართობი შოუები „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და „ახალი ხმა“. არხზე დაბრუნდა დავით გოგიჩაიშვილის „ღამის შოუს“ სტუდიის მიერ მომზადებული იუმორისტული გადაცემები.

არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მფლობელი კომპანიის „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დირექტორის მოადგილე რევაზ საყევარიშვილი ამბობს, რომ ეთერს მალე დილის და შუა დღის გადაცემაც დაემატება. იქნება შემეცნებითი გადაცემებიც. 

„იმედის“ გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა ალეკო ქვირია, რეჟისორი, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა.  ბოლო პერიოდში კი ლონდონში საქმიანობდა. „მიხარია, რომ ის დათანხმდა ჩვენი გუნდის შეთავაზებას“, - აღნიშნავს საყევარიშვილი და სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციაზე საუბრობს.

რადიო „იმედის“, საინფორმაციო სამსახურსაც ბაია ცანავა ხელმძღვანელობს და ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებასთან სრულად ინტეგრირებულია. რადიოს რეორგანიზაცია უკვე დასრულებულია. არხის ხელმძღვანელის თქმით ეს მიდგომა გავრცელდება „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ შემავალ ყველა ერთეულზე, რითაც თავიდან აიცილებენ ზედმეტ ხარჯებს.

კომპანია ასევე ფლობს შპს „ტელეკომპანია აისის“ სამაუწყებლო ლიცენზიასაც, სადაც ადრე აზარტული თამაშების არხი Play TV მაუწყებლობდა. ამჟამად იქ „იმედის“ საარქივო მასალები გადის. რევაზ საყევარიშვილის თქმით, ამ სიხშირეთან დაკავშირებითაც აქვთ გეგმები.

„რაკი ეს სიხშირე გაგვაჩნია მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მის ეთერშიც უნდა გადიოდეს პროდუქცია, ისიც უნდა ასაქმებდეს კონკრეტულ ადამიანებს და მოჰქონდეს მოგება. წინააღმდეგ შემთხვევაში მის არსებობას აზრი არ აქვს“, - განმარტავს საყევარიშვილი და ამბობს, რომ კომპანიის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი რეორგანიზაციაში ჩართულია „იმ ფორმით, როგორც მონაწილეობენ ხოლმე მესაკუთრეები ანუ ამ პროცესს მათ მიერ დანიშნული მენეჯერები უზრუნველყოფენ“.

ეთიკის საბჭო

პატარკაციშვილების ოჯახის ინიციტივით ყალიბდება „იმედის“ ეთიკის საბჭო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ოთხი ადამიანი შედის - ჟურნალისტები ზვიად ქორიძე და შორენა შავერდაშვილი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და იურისტი ლია მუხაშავრია. მენეჯმენტს სურს, რომ შემდეგ მათვე გადაინაცვლონ ეთიკის საბჭოში.

„მაღალი სტანდარტის ეთიკური მაუწყებლობის უზრუნველყოფად ეთიკის საბჭო მნიშვნელოვან მექანიზმად მიგვაჩნია. ჩვენ შევუერთდით იმ ეთიკურ პრინციპებს, რაც „ჟურნალსიტური ეთიკის ქარტიას” აქვს შემუშავებული და სწორედ ეს ავიღეთ „იმედის“ სახელმძღვანელოდ“, - არხის ხელმძღვანელის თქმით, ამ პრინციპების შესაბამისად იქმნება საბჭოს დებულება, განისაზღვრება წესი და უფლებამოსილება.  

გეგმის თანახმად, საბჭოს წევრი არაუმეტეს 5 ადამიანი იქნება. ისინი არხს მონიტორინგს გაუწევენ. დააკვირდებიან საინფორმაციო გამოშვებას. „მინიმუმ თვეში ერთხელ და მაქსიმუმ საჭიროებისამებრ“ შეიკრიბებიან და არხის მენეჯმენტთან ერთად განიხილავენ პრობლემურ საკთხებს  და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს.

„იმედი“, როგორც ბიზნესი

არხის დაბრუნების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ განაცხადა,რომ „იმედს“ საქველმოქმედო პროექტად განიხილავს. თუმცა, რევაზ საყევარიშვილის თქმით, მაქსიმალურად ეცდებიან ტელევიზია მოგებაზე ორიენტირებული გახადონ. ამ მიზანს ემსახურება არხის სტრუქტურის ოპტიმიზაციაც. იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაცია ჯერ სრულად არ შეუსწავლიათ.

„დაბალანსებული და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული საინფორმაციო გამოშვება ერთი საკითხია და მეორეა, რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფდეს არხი თვითკმარი ფორმით -საკუთარ თავს ინახავდეს, არ იყოს დამოკიდებული დონაციებზე და რელურად გვაძლევდეს სურათს თუ რა ტიპის ბიზნესია.“

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“  წილის გადაცემისას დადებული ხელშეკრულების თანახმად გამყიდველები (გიორგი არველაძე, გიორგი კორახაშვილი, გიორგი მიქელაძე) აცხადებენ, რომ კომპანიის „ვალდებულებების საერთო მოცულობა (გარდა საგადასახადო ვალდებულებებისა) ჯამში არ აღემატება 6 მილიონ ლარს“.

რევაზ საყევარიშვილი ამბობს,რომ ამ დავალიანების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. „მე რამდენადაც ვიცი, პატარკაციშვილების ოჯახს ტელევიზია ფინანსურად გასუფთავებული სახით დაუბრუნდა. დავალიანება, როგორც ასეთი, არ უნდა ერიცხებოდეს“, - აღნიშნავს ის და იქვე ამატებს, რომ ამგვარ დავალიანებას ახალი მენეჯმენტი საკუთარ თავზე ვერ მიიღებს, რადგან მათი მოსვლის შემდეგ კომპანიას ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test