შემოგვიერთდი

09.11.2012 20:09

საზოგადოების ნაწილი აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნატა იმედაიშვილის კანდიდატურას განიხილავს

მაია წიკლაური
ახლო ხედით
ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი (photo: )

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა ცეცხლაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 2012 წლის 2 ნოემბერს დატოვა.  არჩევნების შემდეგ ამ პოსტზე “ინფო 9” –ის ჟურნალისტ მარინა კუპრეიშვილისა და “გურია ნიუსის” ჟურნალისტ ზურაბ ბაუჟაძის კანდიდატურებს მოიაზრებდნენ. თუმცა დღესდღეობით აჭარაში  საზოგადოების ნაწილი ყველაზე აქტიურად რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტის, ნატა იმედაიშვილის კანდიდატურას განიხილავს.

სოციალურ ქსელ Facebook-ზე 6 ნოემბერს გამოჩნდა იმედაიშვილის მხარდამჭერი გვერდი სახელწოდებით - “ნატა იმედაიშვილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი”. გვერდი დღემდე 400-მდე ადამიანმა მოიწონა, 50-მდე ადამიანმა გააზიარა და 100-მდე მომხმარებელმა კომენტარი გააკეთა. კომენტარები ძირითადად მილოცვითი ხასიათისაა. 

თავად ჟურნალისტმა მისი მხარდამჭერი საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ შემთხვევით  გაიგო. Media.Ge-სთან საუბრისას ჟურნალისტი იხსენებს, რომ მეგობარმა დაურეკა და აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა. შემდეგ Facebook-ის გვერდიც ნახა.

“გვერდის სახელწოდებიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ დანიშნული ვიყავი, მილოცავდნენ. ვიფიქრე, მე ხო მაინც გავიგებდი, თავმჯდომარე რომ ვიყო თქო”, - იხსენებს იმედაიშვილი.

ის 2005-წლიდან დღემდე რადიო “თავისუფლების”კორესპონდენტია აჭარაში. ასევე თანამშრომლობს გაზეთ „რეზონანსთან“ და აჭარაში “ჰაინრიხ ბიოლის ფონდის” მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიებს უწევს კორდინირებას. 2004-2005 წლებში კი - აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. როგორც თვითონ ამბობს, ტელევიზია არსებული პოლიტიკური წნეხისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო დატოვა.

ნატა იმედაიშვილს აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. თუმცა არც ის იცის, შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება, თუ - არა.

„ერთი კვირის წინ მქონდა აჩემება, რომ ასეთ შემოთავაზებაზე ცალსახად უნდა მეთქვა - არა. დღეს შესაძლებელია ვიფიქრო სხვაგვარად. თუ დამიძახებენ, მაგალითად ხელისუფლების პირველი პირები და მეტყვიან, რომ განვიხილოთ ეს საკითხი,  მე წავალ მოლაპარაკებაზე. მოვუსმენ რას ფიქრობენ აჭარის ტელე- რადიო დეპარტამენტზე, მოისმენენ მე რას ვფიქრობ. ვნახავ  რა შემოთავაზებები იქნება და მერე გადავწყვეტ”, -  ამბობს ჟურნალისტი.

იმედაიშვილი ტელევიზიის რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის მომხრეა, რადგან მიიჩნევს რომ საქართველოში არსებული კერძო ტელევიზიების გვერდით საზოგადოებრივ ტელევიზიას თავისი სტატუსიდან გამომდინარე უდიდესი ბერკეტი აქვს.

“აჭარის ტელევიზიასა და რადიოს აქვს საშუალება, რომ იყოს რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს მიღწევადია. არ იქნება მარტივი, მაგრამ არ  იქნება არც ისე რთული, რადგან არიან ადამიანები რომელთა რესურსის გამოყენებაც შეიძლება”. 

იმედაიშვილის კანდიდატურას მხარს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი, მედეა ჩარკვიანი უჭერს. მან 8 ნოემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრის მისამართით სოციალურ ქსელ Facebook-ში  გაავრცელა მიმართვა, სადაც ბიძინა ივანიშვილს „აჭარის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სახელით“ აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თანამდებობაზე ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა შესთავაზა.       

“ბატონო ბიძინა, გვაქვს რა თქვენი კეთილგონიერების, ობიექტურობისა და სამართლიანობის იმედი, აჭარის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სახელით გვსურს შემოგთავაზოთ რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტის, ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. იგი არის არაჩვეულებრივი პროფესიონალი, სამართლიანი, ობიექტური, ნიჭიერი, კეთილშობილი, კომუნიკაბელური, ერთგული და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი. ამასთანავე შეუდარებელი მეუღლე, შვილი, მეგობარი და სამი ვაჟკაცის დედა”, -აღნიშნავს ჩარკვიან თავის მიმართვაში.

იმედაიშვილის კანდიდატურას უხელმძღვანელოდ დარჩენილ აჭარის ტელევიზიაშიც განიხილავენ.

„ნატა ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც რჩებოდა სტუდენტებისა და  ყველა კატეგორიის ჟურნლისტებისთვის სტანდარტის მაჩვენებელად, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი”, - ამბობს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება “დროს” რეპორტიორi მარინა ბოლქვაძე, რომელსაც იმედაიშვილთან 9 წლიანი საქმიანი და პირადი ურთიერთობა აკავშირებს.  ბოლქვაძის აზრით, იმედაიშვილი დაეხმარება ტელევიზიას -  საზოგადოებაში დაიმკვიდროს ნიშა როგორც ნეიტრალურმა და მიუკერძოებელმა ტელევიზიამ.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება “დროს”  წამყვანი ნათია კირცხალია ფიქრობს, რომ თუკი ნატა იმედაიშვილს აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნავენ, მას უფრო რთულ პერიოდში მოუწევს მუშაობა.

„დეპარტამენტში სიტუაცია დასალაგებელია, რასაც მედიასაშუალების ყოფნა-არყოფნის საკითხიც ემატება“, - ამბობს კირცხალია.

ერთ-ერთ ხელისშემშლელ გარემო ფაქტორი, რის გამოც იმედაიშვილი, მისი როგორც აჭარის ტელვიზიისა  და რადიოს ხელმძღვანელად დანიშვნას თავიდან გამორიცხავდა, მისი მეუღლის პოლიტიკური აქტივობაა. იმედაიშვილის მეუღლე, კობა ჩხეიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიიდან.

„მე მიმაჩნია რომ ეს არის ინტერესტთა კონფლიქტი”, - ამბობს ჟურნალისტი. ის  2010 წლის ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებს იხსენებს, სადაც  მისი მეუღლე კენჭს იყრიდა, მან კი დროებით საქმიანობა შეწყვიტა. “რომ არ ყოფილიყო ინტერესთა კონფლიქტი და ეს მდგომარეობა ჩემს სიუჟეტებში ნებსით ,თუ უნებლიეთ არ ასახულიყო, მე ავიღე თვენახევრიანი შვებულება”, - იხსენებს იმედაიშვილი. თუმცა ახლა, მიუხედავად ყველაფრისა, მზადაა ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, თუკი შემოთავაზება იქნება.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test