შემოგვიერთდი

19.09.2012 14:52

პატიმრათა წამების ფაქტების გაშუქება ქართულ ტელეკომპანიებში

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მაუწყებლის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ამბის ობიექტურად გაშუქება მოითხოვეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები 18 სექტემბერს ჯერ შსს-მ გაავრცელა, დამატებითი მასალა კი ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“ გაუშვეს ეთრში, თუმცა ეს ფაქტი საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის უინტერესო აღმოჩნდა. „პირველი არხის“ მაყურებელს საშუალება არ ჰქონია პატიმართა ცემისა და გაუპატიურების კადრები 19 სექტემბრის 16 საათამდე ენახა.

ამ არხმა განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 19 სექტემბრის 9 საათზე პრეზიდენტის განცხადებით დაიწყო. მან  პატიმართა წამების ფაქტი დაგმო და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა, ამ განცხადების შემდეგ მოკლე ინფორმაცია გაუშვეს  18 სექტემბერს გვიან ღამით გამართული სოლიდარობის აქციის შესახებ, რასაც მულტფილმი „მახინჯი იხვის ჭუკი“ მოჰყვა.

დილის 10 საათზე მთავარი თემა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის გადადგომა იყო. კვლავ გაიმეორეს პრეზიდნეტის განცხადება, ინფორმაცია გაავრცელეს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციების შესახებ. თუმცა, მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა კონკრეტულად რომელმა კადრებმა გამოიწვია მოქალაქეთა აღშფოთება.

წამებისა და გაუპატიურების კადრები „პირველ არხს“ არც 12 საათზე გასულ საინფორმაციო გამოშვებაში უჩვენებია. ამ დროს „მეცხრე არხი“ უკვე ახალ ვიდეოს ავრცელებდა, სადაც არასრულწლოვანთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები იყო ასახული. „პირველი არხის“ მაყურებელს არც ეს ინფორმაცია მიუღია. სამაგიეროდ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ეყურებინათ გადაცემისთვის „ცხოვრება მშვენიერია“.

18 სექტემბერს მომხდარი ფაქტების ქრონოლოგია „პირველმა არხმა“ 16 საათზე გასულ საინფორმაციო გამოშვებაში მეოთზე სიუჟეტად გაუშვა. მას წინ უძღოდა პირდაპირი ჩართვა მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან, აგრეთვე ინფორმაცია სხვადასხვა ადგილებში მიმდინარე აქციების შესახებ და არასამთავრობო ორგანიზავიების განცხადებები.

რუსთავი 2

პატიმრების წამების კადრების გავრცელება მთავარი თემა იყო „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებებისთვისაც. დილის ეთერში დიდი ქრონომეტრაჟი დაეთმო პრეზიდენტის განცხადებასა და ხათუნა კალმახელიძის გადადგომას. „მეცხრე არხისა“ და „მაესტროს“ მიერ გავრცელებული პატიმართა გაუპატიურების კადრები 12 საათზე გასულ საინფორმაციო გამოშვებაში აჩვენეს. თუ დილის საინფორმაციო გამოშვებაში ახსენეს რომ შსს-ს ინფორმაციით კადრების გადაღების შემკვეთი თამაზ თამაზაშვილია, ეს ტექსტი შემდეგ გამოშვებებში აღარ გაუმეორებიათ.

უკვე 15 საათზე გასულ ახალ ამბებში პირდაპირ ეთერში ჩართეს პრეზიდენტისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანეთა თათბირი, რომელიც 17 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათვე ცალკე სიუჟეტები მიუძღვნეს თბილისსა და რეგიონებში გამართულ ყველა აქციას.

გადაცემის თემა შეცვალა „დღის შოუმ“, წამყვანთა განცხადებით სტუდიაში „ბასტი ბუბუს“ ბავშვები უნდა მოეწვიათ და  ინოლა გურგულიას სიმღერები გაეხსენებინათ, თუმცა ამის ნაცვლად სტუდიაში სახლახო დამცველის წარმომადგენელი მოიწვიეს და პატიმართა წამებაზე იმსჯელეს.

იმედი  

პატიმრის გაუპატიურების კადრები, რაც “მეცხრე არხის” ეთერში გავიდა,  “იმედს” არ უჩვენებია და მხოლოდ ორ წამიანი კადრი გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს ციხის ადმინისტრაციის წარმოამდგენელი პატიმარს.

ამ ამბის გაშიქებისას ტელეკომპანია “იმედი” ყველა საინფორმაციო გამოშვებაში ამ თემაზე პრეზიდენტის, სახლახო დამცველის და სხვა პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებით შემოიფარგლა.

„იმედი“ „ქართული ოცნების“ მიერ აქციის ორგანიზებაზე აკეთებდა აქცენტს გლდანის მერვე საპყრობილესთან გამართული აქციის გაშუქებისას. ფილარმონიის წინ  გამართული აქციის შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გადაინაცვლეს იქ და მათ შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიაციების და ოპოზიციის წარმოამდგენლები. კადრებში ჩანდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ინტერვიუები ოპოზიციის წევრებთან იყო ჩაწერილი. მოქალაქეები ამ მასალაში არ ფიგურირებდნენ.

განსხვავებული იყო 14 საათიანი გამოშვება, სადაც თქვეს რომ დღეს ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო საზოგადოება იყო.

 რეალ ტივი

პარტიმართა წამების შესახებ სიუჟეტის მომზადებისას საკუთარი შეფასებებით გამოირჩეოდა ტელეკომპანია „რეალ ტივი“.  13 საათზე გასულ საინფორმაციო  გამოშვება „რეალობაში“ წამყვანმა განაცხადა:

„რატომღაც „მაესტრომ“ ეს მასალა მხოლოდ მას შემდეგ გაუშვა ეთერში, რაც შსს-მ თამაზ თამაზაშვილის მიერ დაკვეთილი სცენარით პატიმრების წამების ამსახველი სკანდალური კადრები გაავრცელა. დამატებითი მასალის ჩვენება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს კადრები წინასწარ იყო გადაღებული და ახლა მისი საჭიროება შექმნილი მდგომარებოს გამო ნაადრევად დადგა.

სავარაუდიდ, სცენარი, რომლის განხორციელებაშიც ივანიშვილის ფავორიტმა შევარდნაძის ეპოქის ძალოვანმა თამაზ თამაზაშვილმა სოლიდური თანხა გადაიხადა, მიზნად საერთაშორისო სკანდალის აგორებას ისახავდა“.

ტელეკომპანია აქცენტს ამ ფაქტთან „ქართული ოცნების“ კავშირზე აკეთბდა და ამბობდა, რომ მის „უკან ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი პატიმარი თამაზ თამაზაშვილი დგას“.

18 სექტემბერს ღამით გამართული აქციის გაშუქებისას კი აღინიშნა, რომ შეკრებილებს შორის „ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ჭარბობდნენ“. გლდანის ციხესთან მიმდინარე აქციისას კი „განსაკუთრებით აქტიურობდა თამაზ თამაზაშვილის დასაყრდენად ქცეული ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთი ფრაზით იყო აღნიშნული, რომ  „მეოცნებები კადრებთან კავშირს უარყოფენ“.

მაესტრო

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საინფორმაციო გამოშვება ყოველ საათში ერთხელ გადიოდა.  არხმა პატიმართა წამების ამსახველი ყველა ვიდეო მაასალა გაუშვა ეთერში, რაც ამ დრომდე გავრცელდა მედიასაშალებებსა და სოციალურ ქსელებში.

„მაესტრომ“ დილის 9 საათიდან საღამოს 4 საათამდე გამოშვებებში უჩვენა პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული სოლიდარობის აქციები, როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში. „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა პრეზიდენტის შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები პატიმრების წამების ფაქტთან დაკავშირებით. არხმა გააშუქა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კომენტარებიც.

მეცხრე არხი

პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელება დილიდან მთავარი თემა იყო „მეცხრე არხისთვისაც“. ამ საკითხზე წამყვანებმა მოწვეულ სტუმართან ერთად იმსჯელეს.

უკვე 12 საათზე ტელეარხმა ახალი ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც არასრულწლოვანთა მიმართ არაადამიანურად მოპყრობის ფაქტები იყო ასახული. ასევე გაამეორეს 18 სექტემბერს გავრცელებული გაუპარიურების ამსახველი ვიდეომსალაც.

„მეცხრე არხმა“ დღის განმავლობაში დეტალურად გააშუქა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციები, ჰქონდათ ჩართვები თითქმის ყველა აქციიდან. მათ ეთერში გავიდა ასევე პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები.  თუმცა არ უჩვენებიათ პრეზიდენტისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანეთა თათბირის ამსახველი ვიდეო მასალა.

 

P.S. აღნიშნული მასალა მოიცავს ქართული ტელეკომპანიების მეშვეობით გავრცლებულ ინფორმაციებს 19 სექტემბერის 17 საათამდე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test