შემოგვიერთდი

06.08.2012 12:52

ინტერნეტ-პორტალი News.ge ახლო ხედით

ნატა ძველიშვილი
ახლო ხედით

ინტერნეტ-პორტალი  News.ge, რომლის რედაქცია განთავსებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე  ერთ-ერთ კორპუსში,  ინტერნეტ სივრცეში ექვსი თვის წინ გამოჩნდა. რედაქცია  აგურის კედლებით დატიხრულ ერთი დიდ ოთახში მუშაობს.  კედლებზე, ტელეფონის ნომრებთან ერთად,   გაკრულია ამონარიდი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 154-ე მუხლიდან, რომელიც შეგვახსენებს, რომ  ჟურნალისტურ  საქმინობაში ხელის შეშლა  კანონით ისჯება. მართალია,  News.ge-ს ჟურნალისტებს  პროფესიულ საქმიანობაში  ხელი  ჯერ არ შეშლიათ, მაგრამ როგორც რედაქციაში ამბობენ, მედიის წარმომადენლებს  საკუთარი უფლებები ყოველთვის უნდა ახსოვდეთ.

ინტერნეტ-პორტალი  News.ge, ისევე  როგორც ინტერნეტ ტელევიზია TV.News.ge,   შპს „ნიუს-ჯის“  ეკუთვნის.  კომპანიის მთლიანი წილიდან   15-15 პროცენტს ფლობენ:   მამუკა მონავარდისაშვილი,  გიორგი გარსევანიშვილი, მამუკა ფაჩუაშვილი და  პაატა ვეშაპიძე, ხოლო  40 პროცენტი  დავით სიხარულიძეს ეკუთვნის. ფაჩუაშვილი და ვეშაპიძე თავის მხრივ გაზეთ „24 საათის“ გამოსცემენ,  მონავარდისაშვილი და გარსევანიშვილი კი სააქციო საზოგადოება  ITDC -ის დამფუძნებლები არიან. კომპანია ITDC ამზადებს ვებ-გვერდებს კომერციული და  სამთავრობო სტრუქტურებისთვის. მასვე ეკუთვნის პოპულარული ინტერნეტ- პორტალი myvideo.ge.

პაატა ვეშაპიძის თქმით,  News.ge –ს რედაქცია დამოუკიდებელია   და არაფერი აკავშირებს  TV.News.ge -სა და „24 საათის“ სარედაქციო საქმიანობასთან,   მიუხედავად იმისა, რომ „24 საათის“ ორი ჟურნალსიტი News.ge-შიც არის დაკავებული.  

„სამივე რედაქცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს“, - ამბობს პაატა ვეშაპიძე.  

მისივე თქმით,  დღეს ინტერნეტ გამოცემა   ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე საგაზეთო ბიზნესი.

„მარკეტინგული და სარეკლამო მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია,  ყველა   რეკლამა  თავად კომპანიების შეთავაზების  შედეგად მოხვდა საიტზე . რეკლამის მოზიდვაზე მუშაობას  მაშინ დავიწყებთ, როცა უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა მინიმუმ 25 ათასს მიაღწევს“, - აღნიშნავს პაატა ვეშაპიძე media.ge-სთან საუბრისას. ამ რაოდენობის  ვიზიტორთა მიღწევას რედაქცია სექტემბრის ბოლოსთვის ვარაუდობს, ამჟამად კი   news.ge-ს ყოველდღიურად  საშუალოდ 14 ათასი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

News.ge  რედაქტორი მარიკა ბოჭორიძე ამბობს, რომ  ვებ-პორტალის ტესტურ რეჟიმში მუშაობა სწორედ სექტემბრის ბოლოდან შეწყდება.  News.ge ამჟამად მხოლოდ ახალ ამბებს აქვეყნებს.

„ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა სფერო და ჩვენს მკითხველს შევთავაზოთ როგორც ტექსტური, ისე ვიდეო მასალები, პრესკონფერენციებიდან თუ შემთხვევის ადგილიდან“, - აღნიშნავს მარიკა ბოჭორიძე და ამბობს, რომ News.ge-სთვის მომუშავე 18 ჟურნალისტი აღჭურვილია პატარა კამერით, ლეპტოპითა და ინტერნეტ მოდემით. „ისინი დროს აღარ კარგავენ, შემთხვევის ადგილიდანვე ტვირთავენ ტექსტსაც, ფოტოსაც და ვიდეოსაც, შემდეგ მე ვნახულობ და ვაქვეყნებ“, - აღნიშნავს რედაქტორი, თუმცა ამბობს, რომ სისწრაფეზე მეტად მნიშვნელოვანია ს სიზუსტე.

რედაქტორი ყველაზე რეიტინგული მასალებიდან თბილისში მიმდინარე წლის მაისში  მომხდარ წყალდიდობას ასახელებს. მაშინ news.ge-ს ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვის აპარატით, რეალურ რეჟიმში, ქალაქის დატბორილი  უბნებიდან  პირდაპირ  საიტზე   აქვეყნებდა  ვიდეოკადრებს.  

ახალი ამბების გარდა საიტზე სოციალურ ქსელებში მიმდინარე ამბებსაც მიმოიხილავენ. თემები და ვიდეოები, რომელიც ამგვარ ქსელებში პოპულარული ხდება, რუბრიკაში „სიცალური მედია“ თავსდება. ჟურნალისტი მოკლედ მიმოიხილავს ამ თემაზე გამოქვეყნებულ კომენტარებსაც. 

„ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს  ვიდეოკადრები რეალურ მოვლენებს ასახავს, ამიტომაც ვემიჯნებით მას. უბრალოდ,  ეს რუბრიკა იმ ტენდენციებს წარმოაჩენს,  რომელიც საზოგადოებას აინტერესებს“, - ამბობს მარიკა ბოჭორიძე.

რუბრიკა „სახალისოში“ კი ქართულ და უცხოურ შოუბიზნესთან დაკავშირებული გასართობი ვიდეოები ქვეყნდება, რედაქტორის თქმით, ამგვარი თემების განთავსება დამფუძნებლების მოთხოვნა იყო,  „უნდათ რომ ყველანაირი მომხმარებლის ინტერესი დაკმაყოფილებული იყოს“.

news.ge-ზე ერთგვარი მონაცემთა ბაზაც არის  განთავსებული. რუბრიკაში  „ორგანიზაციები“ თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში არსებული სხვადასხვა  კომპანიის შესახებ. იქვე შესაძლებელია  ყველა იმ მასალებია ნახვა, რომელიც News.ge-ს ამ ორგანიზაციის შესახებ მოუმზადებია.

რუბრიკაში „პერსონები“ კი საზოგადოებისთვის ცნობილი პირების შესახებ ინფორმაციას და იმ სტატიების ჩამონათვალს გვთავაზობს, რაც მათთან დაკავშირებით news.ge-ს გამოუქვეყნებია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test