შემოგვიერთდი

31.07.2012 13:10

„თანამედროვე ტელევიზიის ძირითადი სტანდარტი HD ხდება“ - ინტერვიუ SES–ის განვითარების მიმართულების დირექტორთან

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

ახალი არხები, როგორც წესი, მაუწყებლობას HD–ში იწყებენ, მაგრამ რამდენად სწრაფად შეცვლიან ისინი SD–კონტენტს ჩვენს ეკრანებზე? რა მოჰყვება HD–ს შემოტანას ბაზარზე?  HD–ტექნოლოგიების ბაზრის ბოლო სიახლეებზე, თანამედროვე ტენდენციებზე და ინდუსტრიის მომავალ სიახლეებზე SES–ის განვითარების მიმართულების დირექტორი ბენი ნორლინგი HD ტენდენციების, ახალი ფორმატებისა და ტელევიზიების კონტენტზე საუბრობს. 

რა ხდება HD–ბაზარზერა სიახლეებია HD–ტექნოლოგიების სფეროში?

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს HD ბაზრის სწრაფი ზრდა ბოლო წლებში, რამაც მოსალოდნელ შედეგებს გადააჭარბა. დღეს მსოფლიოში ჩვენი თანამგზავრებიდან 1200-ზე მეტი HD არხი მაუწყებლობს, ეს კი მთელი მაუწყებლობის დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს. ბოლო წლების ტენდენციაა, დაახლოებით 100 ახალი  HD არხის დამატება ყოველწლიურად.

ტექნოლოგიებს რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რომ 720p და 1080i – HD ფორმატი მხოლოდ პირველი თაობაა, ხოლო შემდეგი ფორმატი – ეს არის 1080p50,  Blu-Ray ფორმატი.

ამჟამად ტელეკომუნიკაციების ნაციონალურმა კავშირმა და ტელერადიომაუწყებლების ევროპულმა კავშირმა შეათანხმეს HDTV სტანდარტის მომდევნო თაობა – 4K. ლაპარაკია გაფართოების მნიშვნელოვან გაზრდაზე – ორიდან რვა მეგაპიქსელამდე. რა თქმა უნდა, ეს არის გზა უფრო ხარისხიანი გამოსახულებისკენ. რისთვის არის ეს საჭირო?  საქმე ისაა, რომ აშკარად ჩანს ეკრანების ზომების გადიდების შეუქცევადი ტენდენცია. ამჟამად სახლის დიდი ტელევიზორების ზომა 40–50 დიუიმს შეადგენს, მაგრამ, პროგნოზების თანახმად, ის 60–65 დიუიმამდე და უფრო მეტადაც გაიზრდება.

რატომ გააგრძელებს ტელევიზორის დიაგონალი ზრდას? დარგის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ OLED ტექნოლოგია 3–4 წლის განმავლობაში 5 მმ და უფრო ნაკლები სისქის ულტრათხელი ეკრანების შემუშავების საშუალებას მოგვცემს. თანაც მათი ფასი სრულიად მისაღები იქნება. შესაბამისად, მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ უზარმაზარი ეკრანები და მკაფიო გამოსახულებით ისიამოვნონ, თუნდაც ეკრანთან ახლოს ყოფნისას.  ასეთი ტელევიზორებისთვის საჭირო იქნება უფრო მაღალი გაფართოება. ამიტომაც იქმნება 4К ფორმატი.

ზოგჯერ პროგრესი ჩვენს მოლოდინებს უსწრებს. დღეს ჩვენ უკვე Ultra HD–ფორმატზე ვმსჯელობთ, რომელიც  4К–საც აღემატება.

ანუ, 4K და Ultra HD – ეს სრულიად სხვადასხვა რამეა

დიახ, ასეა. Ultra HD – ეს შემდეგი დონეა, ანუ 8K და უფრო მაღლა. თავის მხრივ, ეს გაფართოებას 32–ჯერ ზრდის. ВВС-მ NHK–თან ერთად უკვე მოახდინა Ultra HD–სტანდარტის დემონსტრირება. ამ ხარისხის შეფასება პირადად შეუძლიათ ოლიმპიური თამაშების დამსწრებს ლონდონში.  Ultra HD–ის ტრანსლაცია უკვე მოხდა თანამგზავრის მეშვეობით, მაგრამ დღეს ამ ამოცანის რეალიზაციისთვის უზარმაზარი გამტარუნარიანობაა საჭირო.

თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, მალე გამოჩნდება გამტარუნარიანობის შეკუმშვის შემდეგი თაობა – MPEG-5. თუ MPEG 2–დან MPEG 4–მდე გადასვლის პროცესი დაახლოებით 10 წელი გრძელდებოდა,  ჩვენ ამდენივე დრო დაგვჭირდება ახალი სტანდარტის დანერგვისთვის.  ჩემი შეფასებით,  ჩვენ ვნახავთ ახალ სამუშაო სტანდარტს, MPEG-5-ს უახლოესს 5–6 წელში.

თქვენ უკვე ისაუბრეთ  HD-არხების სულ უფრო მზარდ რაოდენობაზე SES–ის თანამგზავრებზე.  რამდენად სწრაფად ცვლის HD ფორმატი თავის წინამორბედს – SD–ფორმატს ევროპაში?

დღევანდელი ტრენდი ასეთია:  სულ უფრო მეტი ახალი არხი ირჩევს HD და არა SD–ფორმატს, ყოველ შემთხვევაში, რამოდენიმე ქვეყანაში.  ფასიანი ტელევიზიის ზოგიერთი ოპერატორი ამბობს,  რომ არ დაამატებს პაკეტებში ახალ  SD–არხებს და უპირატესობას HD–არხებს მიანიჭებს.    
თუ გადავხედავთ ფასიანი ტელევიზიის ბაზრის ლიდერებს, დაახლოებით 30% მათი მაუწყებლობის HD–ფორმატში ხორციელდება. რაც შეეხება აბონენტებს, მაგალითად, სკანდინავიაში მათი 50 პროცენტი იღებს HD–არხებს. სამი წლის წინ ეს მაჩვენებელი 30 პროცენტს შეადგენდა. გამოდის, რომ HD აუდიტორია წელიწადში 5–8 პროცენტით იზრდება.

მაგალითად, აშშ–ში, სადაც HD–ის განვითარებას დიდი ისტორია აქვს, HD–ხარისხში დაახლოებით 170 არხი მაუწყებლობს. უდაოდ, ბევრი არხი მაუწყებლობს როგორც
SD–ში, ასევე HD–ში. თუმცა ბოლო ფორმატი გარდაუვალ სტანდარტად ყალიბდება.

მე ბევრს ვურთიერთობდი სკანდინავიის მაუწყებლებთან, მათ შორის საზოგადოებრივ ტელეკომპანიებთან, და ისინი  რეგიონული არხების ჩართვასაც კი HD–ხარისხში ამჯობინებენ. ისინი აპირებენ მთლიანად გამორთონ SD მაუწყებლობა დაახლოებით 2020 წლისთვის. 

რომელი რეგიონები არიან HDTV–ის მოხმარების მსოფლიო ლიდერები?  როგორია  HD და SD–არხების თანაფარდობა ამ რეგიონებში?  

ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატებიამ სფეროს უპირობო ლიდერია.  მიზეზი საკმაოდ მარტივია – მათ დაიწყეს ტექნოლოგიური დანერგვა უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2002 წლის დასაწყისში.    

მე არ შემიძლია ვთქვა ზუსტად, მაგრამ შეიძლება ვივარაუდო, რომ HD–ს ამერიკელების დაახლოებით 40 პროცენტი  უყურებს. 

HD–ს განვითარების და დანერგვის ინტენსიურობით მეორე ქვეყანაა – დიდი ბრიტანეთი. BSkyB ითვლის დაახლოებით  10,5  მლნ აბონენტს, მათ შორის 3,5 მილიონს –  HD პაკეტებით. ფასიანი ტელევიზიის ოპერატორები უკვე ორი–სამი წელია, რაც მხოლოდ  HD მიმღებებს ავრცელებენ. მიუხედავად იმისა, უყურებს თუ არა აბონენტი HD ან SD ხარისხში, ნებისმიერ შემთხვევაში ის ყიდულობს HD–მიმღებს, რომელიც ორივე სტანდარტში ბრწყინვალედ მუშაობს. ეს აბონენტებს აძლევს  შესაძლებლობას სურვილის შემთხვევაში ადვილად გააუმჯობესონ ხარისხი.

HD–სიგნალის მიღება შესაძლებელია კაბელის, IPTV-ის და თანამგზავრის მეშვეობით.  რა ძლიერი და სუსტი მხარე აქვს თითოეულ მათგანს?

მოკლედ რომ ვთქვათ, თანამგზავრს აქვს დიდი გამტარუნარიანობა – ჩვენ არ გვჭირდება ყველა არხის რაღაც ჩარჩოებში მოქცევა, რაც ტრანსლაციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას ნიშნავს.

ოპტიკურ–ბოჭკოვან ქსელებსაც ასევე მაღალი გამტარუნარიანობა გააჩნიათ. მაგრამ ჯერ ოპტიკურ–ბოჭკოვან ქსელის აშენებაა საჭირო, ეს კი ძალიან ძვირია.  საკაბელო ქსელები ასევე მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევიან, მაგრამ მათი სუსტი მხარე ისევ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯებთან არის დაკავშირებული. უფრო მეტიც, კაბელი ხშირად მხოლოდ დიდ ქალაქებშია გავრცელებული, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით გამორჩეულ ტერიტორიებზე.    

ჩემი აზრით, ყველაზე რთულ სიტუაციაში IPTV–ის და მიწისზედა საეთერო ტელევიზიის ოპერატორები იმყოფებიან. მიწისზედა მაუწყებლობა იზღუდება იმით,  რომ მნიშვნელოვანი სიხშირული დიაპაზონი განეკუთვნება ფართოზოლიან მობილურ ინტერნეტს.  ხშირად მიწისზედა მაუწყებლობა თითოეულ ქვეყანაში მხოლოდ ხუთი–ექვსი მულტიპლექსის მეშვეობით ხორციელდება, ზოგჯერ – უფრო ნაკლებით.  ეს კი ნიშნავს, რომ გამტარუნარიანობა შეზღუდულია და შეადგენს, ვთქვათ, 30 მეგაბიტს წამში DVB-T2 ფორმატში, რომელსაც MPEG 4 იყენებს. ასეთი შეზღუდვა კი არხების დიდი რაოდენობის ტრანსლირების შესაძლებლობას არ იძლევა. IPTV ასევე ეფუძნება IP–ს, რაც სიგნალის დაყოფას ნიშნავს: როდესაც თქვენ სახლში HD–არხს უყურებთ, და უცებ მოგინდებათ ინტერნეტში შესვლა, ან სხვა რაიმე მოქმედებები ქსელში, სიგნალი დანაწილდება ყველა მომხმარებელზე, რაც აუცილებლად ხარისხის გაუარესებამდე მიგვიყვანს.  რა თქმა უნდა, ინერგება ადაპტირებული კოდირება, რაც სიტუაციას გააუმჯობესებს, მაგრამ IPTV–ით ორი სხვადასხვა HD-არხის ყურებისას ხარისხი არ შეიძლება საკმარისად კარგი იყოს.

ზოგჯერ ტექნოლოგოები უსწრებენ კონტენტის წარმოებას, მაგრამ HD შემთხვევაში ეს განცხადება, როგორც ჩანს, ძალას უკვე კარგავს.  რომელ პროგრამებს უჩვენებს ყველაზე კარგად HD?

რა თქმა უნდა, ეს არის სპორტული პროგრამები და გადაცემები ბუნებაზე. მათ HD მართლაც ძალიან ხარისხიანად უჩვენებს. რატომ?  იმიტომ რომ მათ ახასიათებთ გამოსახულების მაღალი დეტალიზაცია. ბუნებაზე გადაცემებს როცა უყურებ, მაგალითად  Discovery ან Viasat Nature, გამოსახულება დაუჯერებლად ცოცხალი და ფერადია.  ეს არის მინი–თავგადასავალი, რომელიც სავარძლიდან ადგომის გარეშე შეგიძლია განიცადო. თქვენ პრაკტიკულად თავს 3D–ში გრძნობთ, და სწორედ ეს იწვევს მაყურებელში ემოციურ რეაქციას. 

არც ფილმებს უჩვენებს HD ხარისხი ცუდად, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით სპორტული პროგრამების და კონცერტების პირდაპირი ტრანსლაციები სარგებლობენ, ასევე გადაცემები ბუნებაზე. სწორედ ეს კონტენტი უწყობს ხელს HD ხარისხის პოპულარობას.  შესაბამისად ფასიანი ტელევიზიების ოპერატორები ცდილობენ ეს პროგრამები თავიანთ პაკეტებში ერთმანეთს შეუთავსონ.  

ზოგადად,  რა მოლოდინები აქვს SES–ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებთან მიმართებაში?
რა თქმა უნდა, დასავლეთ ევროპა, HD–კონტენტის ხელმისაწვდომობის, მისი წარმოების და ზოგადად ეკოსისტემის თვალსაზრისით,  აღმოსავლეთ ევროპაზე უფრო სწრაფია. არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკური განვითარების ფაქტორიც.

რაც შეეხება მომსახურების ამ სეგმენტს, HD იმყოფება პრემიუმ–წინადადებების რანგში, ეს ფასიანი მომსახურებაა და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მისი შეძენის შესაძლებლობა.
ჩემი პროგნოზებით, დასაწყისში აბონენტების დიდი ტალღაა მოსალოდნელი, სავარაუდოდ უკვე არსებული ხელმომწერებისგან, შემდეგ, ალბათ, იქნება აბონენტების რაოდენობის სტაბილური, თანმიმდევრული ზრდა. მოგვიწევს დავიცადოთ კიდევ რამდენიმე წელი, სანამ მომხმარებლები 40 დიუმზე მეტი დიაგონალის ეკრანებს არ შეიძენენ. სწორედ ეს აქცევს HD ფორმატს სიცოცხლისუნარიანად. თუ თქვენი ეკრანის ზომა არ აღემატება 32 დიუიმს, HD არ იქნება იმდენად შთამბეჭდავი, რამდენადაც ეს შესაძლებელია დიდ ეკრანზე.     
ამასთანავე მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს გაყიდვაში არსებული თითეული ეკრანი არის HD-ready. HD-სთან არათავსებადი თანამედროვე ბრტყელი ეკრანი ძალიან ცოტაა. მე ვიცი, რომ დღემდე ფასდაკლებით იყიდება ძველი CRT–ტელევიზორები ელექტრონულმილაკიანი ეკრანით, ცხადია, რომ მათ HD ჩვენება არ შეუძლიათ. თანამედროვე ტელევიზორების ფასების დაკლებისას და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისას სულ უფრო მეტს ადამიანებს შეეძლება HD–ეკრანების ყიდვა და HD–არხების გამოწერა.  
ყველამ იცის, რას ნიშნავს HD მომხმარებლებისთვის მშვენიერი გამოსახულება, ხმა.  

თუმცა რა სარგებლის მიღება შეუძლიათ არხებს და ფასიანი ტელევიზიის ოპერატორებს?

ჩემი აზრით, როცა საუბარია HD–ზე, სიახლეების დანერგვაზე,  რა თქმა უნდა, საუბარი იქნება შემოსავლებზეც. როგორც წესი, HD–არხებზე აბონენტები მზად არიან დამატებით გადაიხადონ. და ეს ნიშნავს, რომ შემოსავლები მატულობს,  იზრდება ARPU (average return per user – აბონენტისგან საშუალო შემოსავალი წელიწადში).  ეს ოპერატორების მოგებაზე პოზიტიურად მოქმედებს.

ოპერატორებისთვის კიდევ ერთი უპირატესობა აბონენტების გათიშვების შემთხვევების შემცირება.  მხედველობაში მაქვს, რომ ერთხელ HD–ს ნახვის და HD–პაკეტის ჩართვის შემდეგ, მასზე უარის თქმა ძალიან ძნელია. HD სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აჯადოვებს მაყურებელს ხმის და გამოსახულების ხარისხით, მაყურებელს უკვე აღარ უნდა ძველ ფორმატს დაუბრუნდეს. ეს იგივეა რაც იყიდო შენთვის DVD, ხოლო შემდეგ დაუბრუნდე VHS–ს მისი კასეტებით. რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ ხდება. ადამიანები ეჩვევიან გადაცემების ყურებას უკეთესი ხარისხით. 

შესაბამისად, მაყურებლები უბიძგებენ მაუწყებლებს მაუწყებლობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. საინტერესოა, რომ კონტენტის ყურების დრო HD ხარისხში SD კონტენტის ყურებასთან შედარებით იზრდება. და რა თქმა უნდა, რეკლამიდან თქვენ უფრო მეტ შემოსავალს იღებთ, რასაც ასევე არც ისე ცოტა მოგება მოაქვს. აქედან გამომდინარე, HD–ფორმატსმაუწყებლებისთვისაც მოაქვს სარგებელი.

რომლებია HDTV მთავარი კონკურენტებიფასის და ხარისხის მიხედვით 3D ჯობია, თუ HD?

მე მსგავს შედარებას არ გავაკეთებდი.  თუ თქვენ HDTV–ის ნამდვილი ხარისხი მართლა გინახავთ, თქვენ პრაკტიკულად 3D ყურების გამოცდილებას მიიღებდით. როცა რამოდენიმე წლის წინ ჩვენ 3D–ს ვუშვებდით, ეს იყო საინტერესო წამოწყება, მაგრამ მაღალ გაფართოებას ჩვენ ვერ ვაღწევდით და ამიტომ სათვალეების გაკეთება იყო საჭირო.  მე დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ 4К  არის პირდაპირი გზა 3D–სკენ სათვალების გარეშე, როცა 4К და 3D გათანაბრდებიან დამატებითი აქსესუარების საჭიროების გარეშე.

დღეს ბაზარზე არსებობს ეკრანები, რომლებიც სათვალეებს არ საჭიროებს.  თუმცა თქვენ უნდა იმყოფებოდეთ აღქმის საუკეთესო ზონაში, პლიუს გაფართოება ჯერ არ შეესაბამება მოლოდინს. თუ თქვენ HD–ს მიეჩვიეთ, მაშინ 3D არ უნდა გამოიყურებოდეს უარესად.  მაგრამ ეს ჯერჯერობით ასე არ არის.

3D არ არის HD–ის ეკვივალენტური, რადგან ის სრულად არ ინახავს გაფართოებას, ყოფს რა ეკრანს ორ ველად. თუმცა 3D ასევე აძლევს საშუალებას მაყურებელს საინტერესო გამოცდილება მიიღოს.

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ HD არხები ბაზრიდან  განდევნიან SD არხებს. შესაძლებელია თუ არა ასეთი სიტუაციის განვითარება, როდესაც HD-არხები უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი?

რა თქმა უნდა.  ყველაფერი დამოკიდებულია  ტელემაუწყებლობის ეკოსისტემაზე.  მოწყობილობის მწარმოებლები  უშვებენ ვიდეომიქშერებს, ტელეკამერებს და სხვა ტექნიქას, რომლებიც  ძირითადად HD–ფორმატს შეესაბამება.  დღესდღეობით ყოველი ახალი კამერა, რომელსაც ჰყიდიან მსხვილი მწარმოებლები, მაგალითად, Panasonic, Sony და სხვები, ეს არის HD კამერა. SD კამერების რაოდენობა მცირდება, თუ ისინი საერთოდ დარჩა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ HD თქვენს მობილურ ტელეფონზეც კი. HD ხდება თანამედროვე ტელევიზიის ძირითადი სტანდარტი.   

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test