შემოგვიერთდი

04.07.2012 18:03

„ტელეარხი 25“ ხელისუფლების კომენტარების გარეშე

მაია წიკლაური
ახლო ხედით
ტელეარხი 25 (TV 25 - Batumi, Adjara) (photo: )

“უარი თქვა კომენტარზე? კარგი რა. კი, სიუჟეტში ვიტყვით, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა ამ თემაზე ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ რამდენჯერ შეიძლება ეს უთხრა მაყურებელს?”- პასუხობს „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი, ირინა ყურუა ჟურნალისტს, რომელიც სიუჟეტს საინფორმაციო პროგრამა “მაცნესთვის” ამზადებს.

არხზე საინფორმაციო გამოშვება დღეში ხუთჯერ გადის, ნიუსრუმშიც სამუშაო გარემოა, ჟურნალისტები მასალისთვის ბოლო დეტალებს აზუსტებენ.

“ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომენტარის მიღება ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, როგორც წესი ჩვენს ტელევიზიასთან არავინ მოდის კონტაქტზე”, - ამბობს ყურუა.

“ეს იმიტომ ხდება, რომ სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით, ჩვენთან მოულოდნელი კითხვებისგან არ არიან დაცული”. ყურუას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები არც ყოველდღიურ ანალიტიკურ ტოქ შოუ “დიალოგში” მოდიან, სადაც დღის აქტუალური თემა განიხილება, რაც ბალანსის და გადაცემის მრავალფეროვნების პრობლემას ქმნის.

„ტელეარხი 25“ ცხრამეტი წელია მაუწყებლობს და მისი ყურება აჭარაში, გურიაში, სამეგრელოს ნაწილშია შესაძლებელი. არხი ხელმისაწვდომია როგორც სატელიტური ანტენის, ისე საკაბელო ქსელის საშუალებით.

არხის გენერალურ დირექტორთან, გიორგი სურმანიძესთან ახლადმიღებულ კანონზე ვსაუბრობთ, რაც Must Carry-ს (საკაბელო კომპანიების დავალდებულოება პაკეტში ჩართონ ყველა ტელეკომპანია) პრინციპის წინასაარჩევნო პერიოდში ჩართვას გულისხმობს. გიორგი სურმანიძე ამბობს, რომ ეს კანონი მათთვის არაფერს ცვლის, რადგან საკაბელო პროვაიდერებში ჩართვის პრობლემა არხს ისედაც არ აქვს. “ჩვენ რომ ამ კანონით თბილისში მაუწყებლობა შეგვძლებოდა, კარგი იქნებოდა”,- აღნიშნავს სურმანიძე.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2011 წლის კვლევის მონაცემებით, „ტელეარხი 25“ რეგიონულ მაუწყებლებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და მას გამოკითხულთა 75 პროცენტი  უყურებს.

საინფორმაციო გამოშვება, ანალიტიკური ტოქშოუ - “დიალოგი”, ტოქშოუ - “უპასუხე ხალხს”, სადაც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, რესპონდენტები რეგიონიდან  Skype-ის მეშვებით ერთვებიან, სამედიცინო გადაცემა, სადაც ექიმი მოსახლეობისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობს და მუსიკალური გადაცემა, სადაც მაყურებლები sms-ებით ირჩევენ სასურველ სიმღერებს  - ამ გადაცემებისგან შედგება არხის სამაუწყებლო ბადე.

სამ კვირაში ერთხელ ეთერში გადის საგამოძიებო გადაცემა “უცნობი ფაქტები”, რომლის დროულად მომზადებას საჯარო ინფორმაციის მოძიების პრობლემა უშლის ხელს.

“თითქმის ვერასოდეს ვასწრებთ საგამოძიებო ფილმის მომზადებას სამ კვირაში, ამიტომ ყოველთვის გვაქვს სარეზერვო ფილმები”, - ამბობს გადაცემის ავტორი, ჯაბა ანანიძე.

მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის მიწოდებას აგვიანებს თითქმის ყველა უწყება. “სასამართლოც კი, რომელიც უნდა იყოს გარანტი, რომ საჯარო ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში ჩვენი გასაჩივრების საფუძველზე დააკმაყოფილებს მოთხოვნას, თავადაც აგვიანებს საჯარო ინფორმაციის გაცემას. გვეუბნებიან, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ და ასეთი ინფორმაციის მოძიებაზე დროს ვერ დაკარგავენ ”, - ამბობს ანანიძე.

მისი თქმით, როგორც წესი საჯარო ინფორმაციის მოწოდება ბევრად აჭარბებს 10 დღეს და ხელმისაწვდომია მაშინ, როცა თემა კარგავს აქტუალობას. ის საგამოძიებო ფილმები, კი, რომელთა მომზადებაც ხერხდება, ზოგჯერ ცვლილებებს იწვევს.

“გვქონდა, მაგალითად, გადაცემა სახელწოდებით “პლაჟის ქურდები”, სადაც კომპანია “ნიუ ენერჯი” პლაჟიდან უკანონოდ იღებდა ქვიშას. ფილმის გასვლის შემდეგ გარემოს დაცვის სამართლებრივმა ინსპექციამ თქვა, რომ ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ იყო და შედეგი იყო ის, რომ ამის შემდეგ ეს კომპანია პლაჟზე აღარ მუშაობდა. თუმცა, სხვა რაიმე სახით დასაჯეს, თუ არა ეს კომპანია, უცნობია”, - ამბობს ანანიძე.

პროფესიული კადრების სიმცირე არხის ერთ-ერთი პრობლემაა. “როცა მოდიან ჩვენთან ჟურნალისტები, რამდენიმე თვე გადიან ერთგვარ მომზადებას, რომ აქ მუშაობა შეძლონ”, - ამბობს არხის დირექტორი და აღნიშნავს, რომ მცირე ფინანსები აგრეთვე ართულებს არხის მუშაობას - “ზოგი გადაცემა ჩვენი რესურსით ვერ იარსებებს, მაგალითად, საგამოძიებო ფილმებს ვერ გავაკეთებთ”. არხი შემოსავალს გრანტებით და რეკლამით იღებს.

ნათია ყურუა, რომელიც საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერობასთან ერთად, გადაცემა “დიალოგის” წამყვანობასაც ითავსებს, ამბობს, რომ მცირე შემოსავალია მიზეზი, რის გამოც ჟურნალისტიკაში დარჩენას არ გეგმავს. “განსაკუთრებით რეგიონებშია მძიმე ვითარება. ასაკის და ოჯახის მატებასთან ერთად, მეტი შემოსავალი გჭირდება, რის საშუალებასაც ამ სფეროში მუშაობა არ გაძლევს”, - ამბობს ყურუა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას.

არხის სამომავლო გეგმები კი, წინასაარჩევნო პერიოდისთვის და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მომზადებას უკავშირდება. აგვისტოს ბოლოდან არხზე გამართულ დებატებში მონაწილების მიღება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეეძლება.

“ვაგროვებთ თანხას ციფრული მაუწყებლობისთვისაც, რადგან შესაბამისი ტექნიკის შეძენა ისეთ თანხებს უკავშირება, რასაც ერთბაშად ვერ გავწვდებით”, - ამბობს სურმანიძე.

გიორგი სურმანიძე „ტელეარხი 25“-ის 50 პროცენტს ფლობს. მასთან ერთად ტელეკომპანიის დამფუძნებლები 25-25 პროცენტით მერაბ მერკვილაძე და  მალხაზ ვერძაძე არიან. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test