შემოგვიერთდი

23.06.2012 12:19

ძველი ახალი პრობლემა – პლაგიატი

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

ორი წლის წინათ, Presa.ge-სათვის მოვამზადე მასალა, სახელმძღვანელოებით დამძიმებული სასკოლო ჩანთების შესახებ. „მძიმე ბავშვობა – რამდენს იწონის მოსწავლის ჩანთა?“ - ასე ჰქვია ამ ნამუშევარს, რომელიც იმავე დღეს ტელევიზიების ინტერესის საგანი გახდა. „მაესტრომ“ და „რუსთავი 2“-მა მასზე დაყრდნობით სიუჟეტები მოამზადეს, თუმცა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, როგორც შინაარსობრივი, ისე - ეთიკური თვალსაზრისით.

„მაესტრომ“ მიუთითა, რომ მისი სიუჟეტის პირვეწყარო Presa.ge-ზე გამოქვეყნებული მასალა იყო და ეს შესაბამისი კადრებითაც დაადასტურა, თუმცა, სტატიის ავტორი არ დაუსახელებია. ამდენად, იმას, რომ სიუჟეტი, ფაქტობრივად, ჩემი ნამუშევრის ვიზუალურ ხორცშესხმას წარმოადგენდა, არ გავუღიზიანებივარ. შეიძლება, იმიტომაც, რომ ეს არ იყო ამ ტიპის პირველი შემთხვევა ჩემ პრაქტიკაში. აი, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულმა სიუჟეტმა კი, ძალიან გამაბრაზა. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ დასკვნა, რომელიც მასალაზე მუშაობის შედეგად მივიღე, მასში დამახინჯებული იყო.

ფრანგული სასამართლო ამ ფაქტს უთუოდ გამოეხმაურებოდა და, ალბათ, ჩათვლიდა, რომ ამ ტრანსფორმირებით დაიკარგა სტატიის სული. დაახლოებით ისე, როგორც 1985 წელს მოხდა, პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით საქმეზე Leonide Zorine vs Theatre du Lucernaile. საქმე ეხებოდა აბსოლუტურად აპოლიტიკურ კომედიას, რომელიც სცენაზე პოლიტიკური კონტექსტით დაიდგა. სასამართლომ ეს საქმე მოსარჩელის, პიესის ავტორის სასარგებლოდ გადაწყვიტა, აღნიშნა რა შემდეგი: მართლია, რეჟისორმა სცენაზე უნდა გააცოცხლოს ნაწარმოები, იგი შემოქმედია და, აქედან გამომდინარე, აქვს ინტერპრეტირების თავისუფლება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, დაკარგული იყო ლეონიდ ზორინის ნაწარმოების სული.

საფრანგეთი იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, სადაც საავტორო უფლებები ასეთ მაღალ დონეზეა აყვანილი. ზოგადადაც, საავტორო უფლებების დამცავი პირველი დოკუმენტი – ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენცია, რომელიც 1886 წლის 9 სექტემბერს იქნა მიღებული, ფრანგი კლასიკოსების - ჰიუგოს, ბალზაკის, ფლობერის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. ამ ბუმბერაზი მწერლების მთავარი სატკივარი პლაგიატი იყო და საავტორო უფლების დადგენის ძირითად კრიტერიუმად ნაწაროების ორიგინალობა განისაზღვრა.

მედია სამართლის ექსპერტი, ლიკა საჯაია ამბობს, რომ პლაგიატი ქართული კანონმდებლობითაც დაცულია, თუმცა, გასათვალისწინებელია დეტალები, რომელმაც, შეიძლება, სასამართლო დავისას, ავტორის სასარგებლოდ არ იმეტყველოს. მისი განმარტებით, „საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე დასაშვებია ნაწარმოების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშეობით ან საჯაროდ გადაცემა.

„ესენია: მიმდინარე ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური საკითხები. ავტორის თანხმობის გარეშე  რეპროდუცირება ან საჯაროდ გადაცემა სხვა მედია საშუალებებმა მხოლოდ მაშინ შეიძლება განახორციელონ თუკი  რეპროდუცირება ან საჯაროდ გადაცემა  სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო მფლობელის მიერ.“ - ამბობს ლიკა საჯაია, - „ამგვარად თუკი გსურთ, რომ მიუხედავად ჟურნალისტური მასალის შინაარსისა და გამოყენების მიზნისა, თქვენი სახელის მითითებითაც კი, თქვენი ნაწარმოები არ გამოიყენონ, ამის შესახებ მედია საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას უნდა მიუთითოთ“.  

პლაგიატი ქართულ მედიაში, განსაკუთრებით, ინტერნეტ-მედიაში, საიდანაც მასალების კოპირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რეალური პრობლემაა. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტმა თაზო კუპრეიშვილმა, 23 ივნისს, facebook–ზე სპეციალური გვერდიც გახსნა – „პლაგიატი მედიაში – ყველა ფაქტი აქ გროვდება“. „ნეტგაზეთის“ რედაქტორის მაია მეცხვარიშვილის თქმით, პლაგიატი მათი ინტერნეტგამოცემისთვის იმდენად ხშირია, რომ, ყველა ფაქტზე რეაგირების შემთხვევაში, მთელი დღეების სასამართლოში გატარება მოუწევთ. ბოლო ასეთი ფაქტი for.ge-ს ჟურნალისტის მიერ „ნეტგაზეთის“ ექსკლუზიური მასალის გამოყენება იყო.

„ამ მასალის მომზადებას, ფაქტების მოძიებას დიდი ენერგია შევალიე“, – უთხრა Media.ge-ს მაია მეცხვარიშვილმა, – „for.ge-ს ჟურნალისტს კი, მთელი აბზაცები აქვს წაღებული, ზუსტად აქვს კოპირებული მნიშვნელოვანი ადგილები და მიმატებული აქვს კომენტარები. მას შეეძლო გამოეყენებინა ჩვენი ინფორმაცია, მაგრამ უნდა მიეთითებინა წყარო.“ ინციდენტი „ნეტგაზეთისა“ და for.ge-ის რედაქტორებს შორის შეთანხმებით დასრულდა. for.ge-ის რედაქტორმა სრულად გაიზიარა „ნეტგაზეთის“ პრეტენზიები და სტატიაში წყაროს მითითების პირობა დადო. 

როგორც ლიკა საჯაია აღნიშნავს, პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, თუკი მხარეებს შორის მოლაპარაკება არ შედგა, დაზარალებულმა სასამართლოს უნდა მიმართოს, რადგან სხვა არცერთი ორგანო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს რეაგირება ავტორის პირადი არაქონებრივი უფლების დარღვევაზე. ამასთან, მისი სიტყვებით, უნდა გვახსოვდეს, რომ საავტორო სამართალი იცავს გამოხატვის ფორმას და არა ნაწარმოების შინაარსს, მასში გაჟღერებულ ინფორმაციას, ფაქტს, იდეას და ა.შ. ყოველივე ეს დაცულია სამართლის სხვა დარგებით.

სასამართლოსთვის აპირებს მიმართვას tspress–ის რედაქტორი ელისო ჯანაშია, რომელიც მიიჩნევს, რომ „ტაბულამ“ მისი ინტერნეტგამოცემის ქონებრივი და მისი ფოტორეპორტიორის საავტორო უფლებები შელახა. საუბარია tspress–ის ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ფოტოებზე, რომელიც „ტაბულაში“ მოხვდა. თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომ „ტაბულამ“ ფოტოები აიღო YouTub-იდან, სადაც არ იყო მინიშნება ავტორის შესახებ, ელისო ჯანაშია შემდეგს უპირისპირებს: „ტაბულამ“ იქამდეც იცოდა, ვინ იყო ფოტოების ავტორი, რადგან ეს ექსკლუზიური ინფორმაცია, tspress–ში მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ერთი ფოტოს თანხლებით და შესაბამისი წყაროს მითითებით გაავრცელა.  

როგორც მედია სამართლის ექსპერტი განმარტავს, დავისას, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ გამოცემის (ქონებრივი) და საავტორო უფლებები, - სხვადასხვა სახის  საავტორო უფლებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე - სისხლის სამართლის წესით, თუმცა, ყოველივე ეს არ შეეხება ავტორის პირად არაქონებრივ უფლებებს და, შესაბამისად, პლაგიატს.

„პლაგიატის შემთხვევაში თავი უნდა დავიცვათ სამოქალაქო სამართლებრივი წესით,“ - აღნიშნავს ლიკა საჯაია, - „ავტორს, ამ შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს: უფლების აღიარება; უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით; ზიანის ანაზღაურების ნაცვლად, იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო უფლების დარღვევის შედეგად. ხოლო, თუკი პლაგიატისას დაირღვა პირის სახელის უფლება, პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია, ავტორს შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურებაც.“

ამ შესაძლებლობათა კონტექსტში, საინტერესოა ისიც, რომ ქართული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რითი უნდა შეძლოს ავტორმა თავისი სიმართლის დამტკიცება, არ მიუთითებს, თუ რა მტკიცებულება უნდა იქნეს წარმოდგენილი სასამართლოში. ეს შეიძლება იყოს, როგორც მასალის გამოქვეყნების თარიღი, კომპიუტერში დოკუმენტის შექმნის თარიღი, ელექტრონულ ფოსტაზე ნაწარმოების გაგაზავნის თარიღი, ისე -  ნაწარმოების საქპატენტში დეპონირების ფაქტი, მოწმეთა ჩვენებები და სხვა, ყველა კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან