შემოგვიერთდი

18.06.2012 09:05

„როგორ არ უნდა დავეხმაროთ მედიას“ – „ტაბულა“

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

ჟურნალი „ტაბულა“ 18-24 ივნისის ნომერში საკაბელო და ციფრული ოპერატორებისათვის Must Carry-ს პრინციპის საქართველოში დანერგვაზე წერს. სტატიაში, სათაურით „როგორ არ უნდა დავეხმაროთ მედიას“, ავტორი ზურა ჯაფარიძე განმარტავს, რომ ახალი რეგულაციის შემოღება და საკაბელო და ციფრული სატელევიზიო ქსელების დავალდებულება, აბონენტებს ყველა ადგილობრივი საერთო მაუწყებლის სიგნალი მიაწოდონ, ამ ქსელების მეპატრონეების საკუთრების უხეში ხელყოფაა. რადგან მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელი არხის მიწოდება ურჩევნიაT, ან მომგებიანად მიაჩნიაT, და რომლის - არა.

„მეპატრონეს, კომერციულ მოსაზრებებთან ერთად, უფლება აქვს პოლიტიკური, ან სხვა სახის მოსაზრებებით, უარი თქვას ამა თუ იმ არხის ტრანსლირებაზე. იგივე შეიძლება ითქვას კერძო სატელევიზიო მაუწყებლებზე. თუ მათ მეპატრონეებს არ სურთ, რომ ეს არხები გადაიცემოდეს რომელიმე საკაბელო თუ ციფრული ქსელის მიერ, ეს მათი ნებაა. საბოლოო ჯამში ისინი დაზარალდებიან, რადგან დაკარგავენ მაყურებლის ნაწილს - პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ეკონომიკურად წამგებიანია. ასევე დაზარალდებიან საკაბელო ქსელების მფლობელები, რადგან მომხმარებელთა ნაწილი, ვისაც სურს უყუროს მაესტროს ან მე-9 არხს, მოძებნის საკუთარი სურვილის დაკმაყოფილების ალტერნატიულ გზას“, - ვკითხულობთ წერილში.

ავტორი განმარტავს, რომ Must Carry-ს შემოღების შემთხვევაში ნებისმიერ ფაშისტურ ჯგუფს ექნება უფლება საკაბელო ქსელის ოპერატორს საკუთარი მაუწყებლობის გადაცემა მოსთხოვოს.

„რატომ არ უნდა ჰქონდეს ქსელის მფლობელს უფლება, უარი უთხრას ასეთ ჯგუფს საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე და რატომ უნდა ვაიძულოთ ის, იმოქმედოს საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ?“ - აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, Must Carry-ს დანერგვის ინიციატორები პირველ ადგილზე აყენებენ საზოგადოებრივ სიკეთეს (ამ რეგულაციის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ Must Carry-ს დანერგვით საქართველოში მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი და მომხმარებელთა ინტერესებს დაიცავენ) და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ამ სიკეთის ხარჯზე კერძო მაუწყებლებისა და საკაბელო ქსელების მეპატრონეების საკუთრების უფლება უნდა შეზღუდოს. ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციების შემოღება ჩანასახის სტადიაში მყოფ საკაბელო მაუწყებლობის ბიზნესის განვითარებას ხელს შეუშლის. მისი თქმით იმაზე საუბარი, რომ Must Carry-ს პრინციპის შემოღებით მედიაპლურალიზმის დონე გაუმჯობესდება, ილუზიაა.

„თუ მაინცდამაინც პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციის თითოეულ მოქალაქემდე მიტანაა უმთავრესი სიკეთე (მიუხედავად იმისა, უნდათ ამ ინფორმაციის მირება თუ არა), რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს განაპირობებს, რატომ არ დავავალდებულებთ ყველა მოქალაქეს, რომ საკუთარ ბინაში, აღმოსავლეთ კედელზე გამოაკრას ყველა ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის საარჩევნო პროგრამა? მით უმეტეს, რომ ასეთი ვალდებულება ავტომატურად განაპირობებს იმავე კვალიფიციური სუბიექტებისათვის საარჩევნო პროგრამის შექმნის და გამოქვეყნების ვალდებულებას, რაც ბუნებრივია, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული პოლიტიკური კულტურის ამაღლების პროცესში.

ასევე შეგვიძლია დავავალდებულოთ ყველა ბეჭდური გამოცემა, რომელიც პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებს, რომ ერთი მხრივ, გაზარდოს ტირაჟი ისე, რომ საქართველოს ყოველ 3 ზრდასრულ მოქალაქეზე ერთი ეგზემპლარი მოდიოდეს, ხოლო მეორე მხრივ დავავალდებუყლოთ მოქალაქეები, ზედმიწევნით ყურადღებით წაიკითხონ ეს გამოცემები“, - წერს ავტორი.

 

მასალის სრული ვერსიის ხილვა „ტაბულას“ 18-24 ივნისის ნომერში შეგიძლიათ. 

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან