შემოგვიერთდი

12.06.2012 14:04

ბათუმში ჟურნალისტებისთვის ციფრული მაუწყებლობის შესახებ სემინარი ჩატარდა

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა
სემინარი ბათუმში,

8 და 9 ივნისს ბათუმში „ციფრული ტელევიზიების და კომერციული სატელევიზიო პლატფორმების გაშუქების“ საკითხზე ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა. სემინარს უძღვებოდნენ ტრენერები, დავით მიქაუტაძე და ივან პოლტავეცი. სემინარში მონაწილეობა 22-მა ჟურნალისტმა მიიღო. საიდანაც 13 მონაწილე თბილისიდან იყო, 9 კი - რეგიონებიდან. სემინარის ორგანიზატორი „ინტერნიუსი - საქართველოა“.

სემინარის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ციფრულ მაუწყებლობასა და კომერციულ სატელევიზიო პლატფორმებზე; ასევე გაეცნენ ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას და განიხილეს საქართველოს ტელეაუდიტორიის ინფორმირების საჭიროების საკითხები. რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ტელემაყურებლებს, ან თავად ტელეკომპანიებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში.

სემინარის ტრენერების განცხადებით, ჟურნალისტების მიზანი ციფრულ ტელემაუწყებლობაზე მოსალოდნელი გადასვლის თაობაზე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება უნდა იყოს. ტრენინგი დაეთმო ტექნიკური დეტალების განმარტებებსაც.

“იმდენად, რამდენადაც საერთოდ არაფერი ვიცოდი ციფრულ მაუწყებლობაზე, ამ ეტაპზე ტრენინგიდან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო. თუმცა ტექნიკური დეტალები ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის ნაკლებად საინტერესო იყო და მაინცდამაინც არ დამამახსოვრდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხები კი, კვლავ ბუნდოვანია, მათზე თავად ტრენერებსაც არ ჰქონდათ პასუხი.

მაგალითად, არ ვიცით, როგორია საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცედურა, რადგან ჯერ არ არის სახელმწიფო სტრატეგია დადგენილი. ასევე არ ვიცით, რა ფინანსური რესურსია საჭირო ამ პროცესისთვის, იქნება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, ან რა ბედი ეწევათ რეგიონალურ მაუწყებლებს და პატარა ტელევიზიებს ზოგადად, რომლებსაც არ აღმოაჩნდებათ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის საჭირო ფინანსური რესურსი“, - განაცხადა ტრენინგის მონაწილე თამთა კაპანაძემ, რომელიც თავისუფალ ჟურნალისტთა გაერთიანების პროექტის, ონალინ გაზეთ Sando.Ge-ს რედაქტორია.

საქართველოში 2015 წლის 1 ივნისს ანალოგური სიგნალი გაითიშება. მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საქართველოს მხოლოდ 3 წელი დარჩა, ქვეყანას ამ მიმართულებით სტრატეგია ჯერ კიდევ არ აქვს. 2012 წლის 14 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავების ვადა  კიდევ ერთხელ გადაწია - 2012 წლის დეკემბრამდე. 

 

ამავე თემაზე:

რა იცვლება ტელემაყურებლებისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით?

ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის მოლოდინში

ციფრული მაუწყებლობის ტერმინების ცნობარი Media.Ge-ს ბიბლიოთეკაში

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test