შემოგვიერთდი

08.06.2012 20:33

კონფერენცია ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა
ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა - კონფერენცია - 7-8 ივნისი/2012 (photo: )

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ამერიკული კომპანია „ჰარისის“ ინიციატივით თბილისში ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხები განიხილეს.  კონფერენცია, სადაც „ჰარისის“ წარმომადგენლებმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას შექმნილ ამოცანებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, 7 და 8 ივნისს ჩატარდა. კონფერენციაზე კომპანია „ჰარისმა“ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროდუქციაც წარუდგინა.  

„ჰარისი“ სატელევიზიო და რადიო სიგნალის გავრცელებისა და დამუშავებისათვის საჭირო აპარატურას აწარმოებს. ის მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში საქმიანობს და რამდენიმე მათგანს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესშიც ეხმარება.

„საქართველოს წინაშე დგას ამოცანა - 2015 წლიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადაერთოს. ეს ძალიან დიდი სამუშაოა, არა მხოლოდ, მაუწყებელების, არამედ მომხამრებლების მხრიდანაც, არადა ცოტა დრო რჩება. უნდა მომზადდეს შესაბამისი ბაზა, უნდა არსებობდეს კონვერტორები. ამისთვის კი მზად უნდა იყოს, როგორც მთავრობა, ისე მაუწყებლები, მოსახლეობა და მეწარმეები. „ჰარისის“ ინტერესია, რომ მოხდეს ყველა მხარის ინფორმირება. გვსურს საქართველოში მონაწილეობა მივიღოთ ამ მოდერნიზაციის პროცესში“, - განაცხადა კომპანია „ჰარისის“ წარმომადგენელმა საქართველოში, თეიმურაზ გიორგაძემ Media.Ge-სთან საუბრისას.

კონფერენციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა და სამეურვეო საბჭოს წევრები, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის მინისტრი ბათუ ქუთელია, უშიშროების საბჭოს წევრი თამარ კინწურაშვილი, ასევე IREX-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხებით სხვადასხვა ქართული ტელეკომპანიებისა და საკაბელო კომპანიების ტექნიკური სამსახურების თანამშრომლებიც დაინტერესდნენ.

კონფერენციის პირველ დღეს დამსწრეებმა გამომსვლელებისგან ზოგადი ინფორმაცია მოისმინეს. თუ, რა უპირატესობა აქვს ციფრულ მაუწყებლობას და როგორ მოხდა ბრიტანეთსა და ამერიკაში ანალოგური მაუწყებლობის ციფრული მაუწყებლობით ჩანაცვლება.

ბრიტანული კომპანია DTG-ის (ეს კომპანია მონაწილეობდა ბრიტანეთის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში) წარმომადგენელმა, ენდრიუ დამბრეკმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს წარმატებულს გახდის. დამბრეკის თქმით, მნიშვნელოვანია მიმდინარეობდეს დიალოგი გადაწყვეტილების მიმღებებ პირებსა და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების მწარმოებლებს, საცალო მოვაჭრეებს შორის; ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ნათელი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა და უნდა არსებობდეს შესაბამისი რეგულირების ჩარჩო, რაც ხელს შეუწყობს მიზნების ჩამოყალიბებას და პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილებას; თავიდანვე უნდა დადგინდეს, თუ რომელი ორგანიზაცია, ან უწყება რა საქმიანობაზეა პასუხისმგებელი. დამბრეკის განმარტებით, ეს თავიდან აგვაცილებს შემდგომ გაურკვევლობას; ყველაფერთან ერთად მისი თქმით, მნიშვნელოვანია პროექტების მკაცრი და სწორი მენეჯმენტი, ასევე კონკრეტული დედლაინების მკაცრად განსაზღვრა და ტექნოლოგიების სწორად შერჩევა.    

დამბრეკმა კითხვაზე, რეალურია თუ არა, რომ საქართველომ მოასწროს 2015 წლის პირველ ივნისამდე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება, ასე უპასუხა: „დანამდვილებით რაიმეს თქმა ძნელია. თუმცა, თუკი დღესვე დაიწყებთ ამისთვის მუშაობას, ვფიქრობ, პროცესის დროულად დასრულება შესაძლებელია“.

კონფერენციაზე მოწვეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების კავშირგაბმულობის კომისიის წარმომადგენელი, ჯონათან ლევი, რომელმაც ამერიკაში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი მიმოიხილა. გარდა ამისა, მან ისაუბრა must carry-ს პრინციპის მნიშვნელობაზეც. 

„აშშ-ში საკაბელო ტელევიზიის სისტემები და პირდაპირ სახლში (Direct to home, DTH) სატელიტური მომსახურება ექვემდებარება სავალდებულო ტრანზიტის  (“must-carry”) პრინციპებს/წესებს. საკაბელო ოპერატორები ვალდებული არიან, გადასცენ თავისუფალი წვდომის მაუწყებლობის (free-to-air, FTA) საეთერო ტელე სადგურების სიგნალი  ადგილობრივ ბაზარზე. მაგალითად, ტელესადგური, რომელიც მაუწყებლობს ჩიკაგოში, უნდა გადაიცეს ყველა საკაბელო სისტემის მიერ ჩიკაგოს ბაზარზე. მაგრამ საკაბელო სისტემები ლოს ანჯელესში არ არიან ვალდებული გადასცენ ჩიკაგოს ტელე-სადგურები. პირდაპირ სახლში (Direct to home, DTH) სატელიტური მომსახურება ვალდებულია გადასცეს ყველა თავისუფალი წვდომის მაუწყებლობის (free-to-air, FTA) საეთერო ტელე-სადგურების სიგნალი  ადგილობრივ ბაზარზე, თუ მას სურს, გადასცეს რომელიმე ადგილობრივი არხი. მაგალითად,  ბაზარზე, სადაც ხუთი ტელე-სადგური ფუნქციონირებს სატელიტურ მომსახურებას შეუძლია არ გადასცეს არც ერთი მათგანი, ან გადასცეს ხუთივე. მას არ აქვს არჩევანის უფლება, ხუთიდან ჩასვას სამი და უარი თქვას დანარჩენ ორზე. 

აშშ-ში მოქმედებს კომერციული სატელევიზიო არხები და არა-კომერციული საგანმანათლებლო არხები, რომელთაც ასევე ”საზოგადო” არხები ეწოდება.  კომერციულ არხებს დამატებითი არჩევანის უფლება აქვთ. მათ შეუძლიათ აირჩიონ  სავალდებულო ტრანზიტის  (“must-carry”) სტატუსი, ან ”განმეორებით ჩვენებაზე თანხმობის” (“retransmission consent”) სტატუსი. თუ არხი ირჩევს სავალდებულო ტრანზიტს, მაშინ მისი განხორციელება უნდა მოხდეს ზემოთ ნახსენები წესების შესაბამისად და არხი ვერანაირი კომპენსაციას ვერ მიიღებს  არხების ჩასმის სანაცვლოდ. ”განმეორებით ჩვენებაზე თანხმობის” შემთხვევაში დაუშვებელია საკაბელო ან სატელიტური მომსახურებით არხის გადაცემა არხის ნებართვის გარეშე, და არხს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია საკაბელო ან სატელიტური მომსახურებისგან. ტელე სადგურებს არ აქვთ უფლება ”განმეორებით ჩვენებაზე თანხმობის” ექსკლუზიური შეთანხმებები გააფორმონ ბაზარზე მხოლოდ ერთ საკაბელო, ან სატელიტურ მომსახურებასთან. ტელე სადგურები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად აწარმოოონ მოლაპარაკებები საკაბელო ან სატელიტურ სისტემებთან ”განმეორებით ჩვენებაზე თანხმობის” თაობაზე", - განაცხადა ჯონათან ლევმა.  

კონფერენციის მეორე დღეს, კომპანია „ჰარისის“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა ტელეკომპანიების ტექნიკურ პერსონალს დეტალურად გააცნეს, თუ როგორ ხდება ანალოგური სიგნალის ჩანაცვლება ციფრული სიგნალით. ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რა სამუშაოების ჩატარება მოუწევთ მაუწყებლებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში და რა სახის ტექნიკა შეიძლება გამოიყენონ. 

მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საქართველოს მხოლოდ 3 წელი დარჩა, ქვეყანას ამ მიმართულებით სტრატეგია ჯერ კიდევ არ აქვს. 2012 წლის 14 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავების ვადა  კიდევ ერთხელ გადაწია - 2012 წლის დეკემბრამდე. 

 

ამავე თემაზე:

რა იცვლება ტელემაყურებლებისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით?

ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის მოლოდინში

ციფრული მაუწყებლობის ტერმინების ცნობარი Media.Ge-ს ბიბლიოთეკაში

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test