შემოგვიერთდი

04.06.2012 14:58

NATO, დავით გარეჯი, ბიძინა ივანიშვილი და “პირველი სტერეო” - ტელევიზიების პრიორიტეტული თემებია

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე
http://cdi.org.ge (photo: )

საქართველოს ურთიერთობა NATO-სთნ, დავით გარეჯის პრობლემა, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის კრიტიკული შეფასება და კონფლიქტი ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” მფლობელებს შორის ის საკითხებია, რომლებიც ქართულმა ტელევიზიებმა 11-დან 24 მაისამდე პერიოდში ყველაზე ინტენსიურად გააშუქეს - ნათქვამია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მეოთხე ორკვირიანი პერიოდის შემაჯამებელ კვლევაში.

კვლევა, რომლის სახელწოდებაა „ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა წინასაარჩევნო პერიოდში“,  შვიდი ტელევიზიის - “რუსთავი 2 “-ის, “იმედის”, “პირველი არხის”,”რეალ ტვ”-ს, “კავკასიისა” და “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგს გულისხმობს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მედიის მონიტორინგის მეოთხე ორკვირიან პერიოდში პირველად გამოიკვეთა ოთხი პრიორიტეტული თემა (წინა პერიოდებში იყო მხოლოდ ორი ან სამი). ისევე, როგორც გასული კვირების ანგარიშებში, ამჯერადაც თანხვედრილია სამი ტელევიზიის პირველი პრიორიტეტული თემა: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“ და „რუსთავი 2“ ყველაზე ინტენსიურად, ამჯერად, აშუქებს საქართველოს ურთიერთობას NATO-სთან. დაემთხვა ორი ტელევიზიის - „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ მთავარი თემაც - დავით გარეჯის პრობლემა. განსხვავებული პრიორიტეტული თემები აქვთ „რეალ TV“-ს და „კავკასიას“ – „რეალ TV“ პოლიტიკოს, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის კრიტიკულ შეფასებას უთმობს ყველაზე მეტ ყურადღებას, ხოლო „კავკასია“ - ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ მფლობელებს შორის კონფლიქტს.

გარდა პირველი პრიორიტეტული თემების თანხვედრისა,  აღნიშნულია კვლევაში, გამოჩნდა კიდევ ორი თემა, რომელიც ერთბაშად რამდენიმე ტელევიზიამ გააშუქა ინტენსიურად - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობის კრიტიკული შეფასება და ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ფიგურის კრიტიკული შეფასება მოხვდა „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და „რეალ TV“-ს სამ მნიშვნელოვან თემას შორისაც. ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა კი „მაესტრომ“, „მე-9 არხმა“ და „რეალ TV”-მ გააშუქეს, როგორც მეორე პრიორიტეტული თემა. შესაბამისად, ყველა ტელევიზიამ პრიორიტეტულად გააშუქა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხები - მისი საქმიანობა, ან ამ საქმიანობის კრიტიკული შეფასება.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მიმართ ყველაზე ნაკლები ინტერესი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოიჩინა.

“„მაესტრომ“ და „კავკასიამ“, სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით, კვლავ შეინარჩუნეს ინტერესი პარლამენტის მიმართ. ოღონდ, ამჯერად, „კავკასიამ“ აქცენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გააკეთა, „მაესტრომ“ კი პარლამენტის საქმიანობის უფრო მრავალმხრივი გაშუქება შესთავაზა მაყურებელს”,- ნათქვამია კვლევაში. 

მოცემულ სააანგარიშო პერიოდში აღნიშნული იყო „რეალ TV“-ს დაინტერესება პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნებით“. ტელევიზიის სამივე პრიორიტეტული თემა მთლიანად ეთმობოდა „ქართულ ოცნებას“. ასევე, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დანარჩენი სიუჟეტებიც - ამავე კოალიციის ლიდერების, „სახეების“, მათი საქმიანობის გაშუქებას. სხვა თემები ამ ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამის ეთერში გაცილებით უმნიშვნელოდ იყო წარმოდგენილი.

ამავე კვლევის ფარგლებში “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დაკვეთით  მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის მეთოდით ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისში. 400 რესპონდენტის აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს სატელევიზიო არხების მიერ გაშუქებული ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი თემიდან გამოკითხულთა 65 პროცენტი დავით გარეჯის პრობლემას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხოლო 17.4 პროცენტის აზრით, საქართველოს ურთიერთობა NATO-სთან არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი. გამოკითხულთა 16.4 პროცენტი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ფიგურის კრიტიკული შეფასებაა მათთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი, ხოლო „პირველი სტერეოს“ მფლობელთა კონფლიქტი მხოლოდ გამოკითხულთა 1.2 პროცენტისთვისა დასახელებულ ოთხ თემას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი.

კვლევის ფარგლებში დაისვა კითხვა - „2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია. მოსალოდნელია, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები კონკურენტული იქნება, ხოლო არჩევნების შედეგები - ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ახლა შეგეკითხებით, არჩევნებთან დაკავშირებით, რომელი თემების შესახებ გსურთ ინფორმაციის მიღება მედიასაშუალებებით?“, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ არჩევნების სამართლიანობა, გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა ყველაზე მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 11.3  პროცენტისთვის, მეორე ადგილზეა პარტიების საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაცია , რომელიც რესპონდენტთა 9.2 პროცენტს აინტერესებს.

მესამე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც მოსახლეობის 7.9 პროცენტი ისურვებდა ინფორმაციის მიღებას სოციალური კეთილდღეობა და ეკონომიკის გაძლიერებაა.

 

კვლევის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ მისამართზე - http://cdi.org.ge/main/wp-content/uploads/2012/06/report_week_4.pdf

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან