შემოგვიერთდი

30.05.2012 11:23

GNCC-ში გამართულ კონფერენციაზე სატელეკომუნიკაციო სტანდარტებზე ისაუბრეს

David Mchedlidze
ციფრული მაუწყებლობა

ევროპაში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული სტანდარტები გააცნეს ორდღიან კონფერენციაზე ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) წარმომადგენლებმა 29-30 მაისს,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) შეკრებილ საზოგადოებას.

შეხვედრაზე, რომელსაც კომისიის თანამშრომლების გარდა,  საკომუნიკაციო კომპანიებისა და მაუწყებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმსჯელეს ციფრული მაუწყებლობის ახალი სტანდარტებზე, ციფრულ დივიდენდსა  და  რადიოსიხშირული სპექტრის რეგულირებაზე, ყურადღება ასევე გამახვილდა მობილურ ტელევიზიაზე და სხვა სტანდარტებზე, რომელიც ბაზარზე ახალი ტექნოლოგიის შემოსვლასთან ერთად იქმნება.

ETSI-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ შარპმა  (Michael Sharpe) სამაუწყებლო კონტენტის გავრცელებაზე ისაუბრა. „პროგრამებთან დაკავშირებით სიტყვა „მაუწყებლობას“ აღარ ვიყენებთ, რადგან დღეს კონტენტის დისტრიბუცია როგორც ტრადიციული ( მაუწყბლობით), ისე სხვა არხებით ხდება“, - თქვა მან და განმარტა, რომ გადაცემების მიტანა მაყურებლამდე რამდენიმე კომპონენტს შეიცავს, რომელთა შორისაა კონტენტის დაცვა, კოდირება, ჰიბრიდული მაუწყებლობა, რაც გულისხმობს ტელევიზიისა და ინტერნეტის შერწყმას და გადაცემების ისე გავრცელებას.

ETSI „ციფრული ვიდეო მაუწყებლობის პროექტთან“ (DVB)  ერთად მუშაობს ციფრული მაუწყებლობის სტანდარტებზე. ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მთავარი მიზეზი სიხშირული სპექტრის არაეფექტური გამ0ყენება გახდა, ამიტომაც 2006 წელს ევროპის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლისთვის ყველა ქვეყანა გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე,  რაც ერთ სიხშირეზე რამდენიმე არხის გატარებას გულისხმობს. ამის შემდეგ გამოთავისუფლებულ სიხშირეებს (ციფრული დივიდენდი) ქვეყანა სხვა მიზნებისთვის განოიყენებს.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას რამდენიმე სტანდარტი გამოიყენება. ETSI -მ მიწისზედა მაუწყებლობისთვის (სიგნალის ანტენით მიღება) DVB-T სტანდარტი შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაინერგა,  DVB-T2 კი მისი გაუმჯობესებული ვარიანტია. ამ სტანდარტს იყენებენ ის ქვეყნები, ვინც ახლა გადადის ციფურლ მაუწყებლობაზე.

სატელიტური მაუწყებლობისთვის ციფრული სიგნალისას არსებობს DVB-S/S2 სტანდარტი.  ინტერაქტიული ტელევიზიისთვის კი ETSI-მ  შეიმუშავა DVB – RCS/RCS2  სტანდარტი. 

„ამ შემთხვევაში ტელევიზიიდან სატელიტზე გაშვებული სიგნალი მიდის მაყურებლამდე, შემდეგ ისევ ბრუნდება სატელიტზე და მიეწოდება  ტელევიზიას. ამ  გზით შესაძლებელი ხდება  მონაცემთა გაცვლა და  შესაბამისად ინტერაქცია მაყურებელსა და მაუწყებელს შორის. მაგალითად,  მატჩის ბოლოს IPad-ით აირჩევთ საუკეთსო ფეხბურთელს”, - აღნიშნა მაიკლ შარპმა.

საკაბელო კომპანიებისთვის შექმნილია DVB-c/c2 სტანდარტი.  შარპის თქმით, ესაა ვიდეო გამოძახებით, როდესაც მაყურებელს საშუალება აქვს მოითხოვოს სასურველი მატჩი ან ფილმი და უყუროს მას.  ყველაზე ინტერაქტიული მაინც ჰიბრიდული მაუწყებელია. 

„ჰიბრიდული მაუწყებლობისას გადაცემა პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს და გადაიცემა არა სიხშირით ან კაბელით, არამედ ინტერნეტით, მაუწყებლის-ვებ გვერდზე. ამის მაგალითები ევროპაში არაერთი გვაქვს“, - დასძინა შარპმა.

კონფერენციაზე დიდი ადგილი დაეთმო მობილურ ტელევიზიას, რომელისთვისაც ციფრული მაუწყებლობის პერიოდში შექმნილია DVB-H სტანდარტი, ესაა DVB-T სტანდარიტის მოდიფიცირებული ვერსია და ორიენტირებულია მობილური ტელეფონის  ენერგიის დაზოგვაზე. თუმცა ETSI -ს ვიცე-პრეზიდენტის ანდრიან სქრაისის (Adrian Scrase) განცხადებით, ანალოგური მაუწყებლობის რეჟიმშიც მობილური ტელევიზია კომერციული თვალსაზრისით  წარუმატებელი აღმოჩნდა 

„პროექტს კომერციული ელემენტი  აკლია, რაღაც ვერ გავთვალეთ. უნდა გავითვალისწინოთ  ერთი მნიშვნელოვანი გარემოება -  რა ოდენობის   თანხას  გადაიხდის მომხმარებელი და  როგორი ხარისხის სატელევიზიო გამოსახულებას მოელის“, - განაცხადა სქრაისმა. მისი თქმით, მობილურებში ახლა ინერგება LTE სტანდარტი, რაც მობილურ ტელევიზიას  კომერციული თვალსაზისით უფრო მიმზიდველს გახდის როგორც საკომუნიკაციო კომპანიებისთვის,  ისე მომხმარებლისთვის. 

ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტი (www.etsi.org) ევროკომისიის მიერ ოფიციალურად არის აღიარებული სატელეკომუნიკაციოს სფეროში ევროპული სტანდარტების დამდგენ სტრუქტურად. ინსტიტუტი შეიმუშავებს საყოველთაოდ მისაღებ სტანდარტებს საინფორმაციო და  საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისთვის, მობილურის, რადიოს, მაუწყებლობის, ინტერნეტისა და სხვა სფეროებში.

ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული დირექტივები სახელმძღვანელო დოკუმენტებია მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების დარგში ევროპის და არა მარტო ევროპის ქვეყნებისთვის. საქართველოც ETSI-ის წევრი ქვეყანაა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test