შემოგვიერთდი

28.05.2012 07:07

დარღვეული სამაუწყებლო ბადეები

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

26- 27 მაისი მოვლენებით დატვირთული შაბათ-კვირა აღმოჩნდა და მედიასაც საგანგებო რეჟიმში მოუწია მუშაობა.  26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, 27 მაისს კი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დაწყების გამოსაცხადებლად  ათასობით ადამიანი თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრიბა.


დღე პირველი - 26 მაისი

26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უფრო მეტი დრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“ და საზოგადოებირივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ დაუთმო. დღის განმავლობაში ღონისძიებების დაწყებამდეც ყველა საინფორმაციო გამოშვებაში პირდაპირ ეთერში ჩართეს ჟურნალისტები ქუთაისში ახლადაშენებული პარლამენტის შენობიდან, ამავე ქალაქში დაგეგმილი აღლუმისა და კონცერტის ჩასატარებელი ადგილიდან. აგრეთვე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამრეწველო აღლუმისა და მარჯანიშვილის მოედანიდან, სადაც სუხიშვილების კონცერტი გაიმართა.  ჟურნალისტებმა დეტალური ინფრომაცია მიაწოდეს მაყურებელს თითოეული ღონისძიების შესახებ.

სამაუწყებლო ბადის დაღვევა მოუწია „რუსთავი 2“-ს, საინფრომაციო გამოშვებაში 15:00 საათზე. გამოშვება ჩვეულებრივ ნახევარ საათს გრძელდება ხოლმე, 26 მაისს კი - საათნახევარს გაგრძელდა. ისევე როგორც იმ დღის წინა გამოშვებებში, ახლაც მნიშვნელოვანი შვიდი თემა გამოიყო - პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში, სამხედრო და სამრეწველო აღლუმი, პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებულებთან, ფოტოალბომი -საქართველოს ახალი არქიტექტურა და კონცერტი ქუთაისსა და თბილისში.

საინფორმაციო გამოშვება ბათუმისა და თბილისის სტუდიებიდან გადაიცემოდა. „რუსთავი 2“-ის იდენტური თემები ჰქონდა მთავარ საკითხად „პირველ არხსა“ და „იმედსაც“. ეს უკანასკნელი ქუთისისა და თბილისის სტუდიებიდან ერთვებოდა ეთერში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სტუდიიდან გადაცემის წაყვანაზე უარი თქვა - წამყვანებმა ახალი ამბები ქუთაისისა და თბილისის ქუჩებიდან გადასცეს.

16:30 წუთზე სამივე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ჩაირთო ქუთაისი. მაყურებელს საშუალება მიეცა ენახა, თუ როგორ შედიან კანონმდებლები პარლამენტის ახალ შენობაში. სრულად გაუშვეს პრეზიდენტის სიტყვა, რომელიც 17 საათსა 30 წუთზე დასრულდა. მას მოჰყვა სამხედრო აღლუმი. მისი დასრულების შემდეგ, 19:00 საათზე „რუსთავი 2“-მა თავისი ჟურნალისტის, დავით კაკულიას მიერ მომზადებული ნახევარ საათიანი ფილმი გაუშვა, რომელიც საქართველოს მიერ წარმოებულ ჯავშანტექნიკას „ლაზიკასა“ და „დიდგორს“ ეხებოდა.

სამივე არხზე, მთვარ საინფორმაციო გამოშვებებშიც ძირითადი აქცენტი კვლავ ზემოთაღნიშნულ შვიდ თემაზე გაკეთდა. იმ განსხვავებით, რომ „იმედმა“ ქუთისში მიმდინარე კონცერტი ერთი საათის ქრონომეტრაჟით გაუშვა ეთერში, საიდანაც ათი წუთი ფეიერვერკს დაეთმო. „რუსთავი 2“-მა კი - თბილისში მიმდინარე  სუხიშვილების კონცერტი გადასცა სრულად.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღის საინფორმაციო გამოშვებებში ტელეკომპანია „მაესტრომაც“ გააშუქა. ტელეკომპანიას ჰქონდა ჟურნალისტების პირდაპირი ჩართვა ქუთაისიდან. „მაესტრომ“ სამაუწყებლო ბადე საღამოსკენ დაარღვია. მან პარლამენტის ახლადაშენებული შენობა პირდაპირ ეთერში 16:45 წუთზე ჩართო, სრულად გაუშვა პრეზიდენტის სიტყვა და შემდეგ სამხედრო აღლუმი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებს ტელეკომპანია საღამოს 9 საათზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც შეეხო.  ჰქონდა ჩართვები ქუთაისიდან - პარლამენტის ახალი შენობიდან, რასაც  7 წუთი დაეთმო. მეორე თემად „მაესტრომ“ პატიმართა შეწყალება გაუშვა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი  ერთ, 7 წუთიან  სიუჟეტში მოაქცია. გამოშვების ბოლოს სიუჟეტი გავიდა სამრეწველო აღლუმზე პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.

დღის საინფორმაციო გამოშვებებში ქუთაისის ახალი პარლამენტიდან და აღლუმიდან ჟურნალისტები ერთვებოდნენ „მეცხრე არხზეც“.  „მეცხრე არხმა“ პირდაპირ ეთერში საღამოს 6 საათიან გამოშვებაში ჩართო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა აღლუმზე. აღლუმსა და პარლამენტის ახალი შენობის გახსნის ცერემონიალს „მეცხრე არხი“ საღამოს საინფრომაციო გამოშვებაშიც შეეხო, თუმცა ეს მთავარი თემა არ ყოფილა.  გამოშვებაში პირველი საკითხი გასულ წელს ოპოზიციის მიერ ორგანზიებული აქციის დაშლის გახსენება იყო. ჯამში ამ თემას მთავარ გამოშვებაში ტელეკომპანიამ დაახლოებით შვიდი წუთი დაუთმო, გააშუქა სამრეწველო აღლუმი და ნაციონალური არხებისგან განსხვავებით აჩვენეს ის მოქლაქეებიც, რომელთაც აღლუმი არ მოეწონათ. 

 

დღე მეორე - 27 მაისი

ტელეკომპანიებს შორის განსხვავებული პრიორიტეტები 27 მაისს კიდევ უფრო გამოიკვეთა. „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აქციის გამო სამაუწყებლო ბადე შეცვალეს „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“ და აქციის მონაწილეების მსვლელობა გამოსვლების დაწყებამდე პირდაპირ ეთერში საათნახევრით ადრე ჩართეს. აქციაზე ამ ტელეკომპანიების რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობდა და მსვლელობას რამდენიმე ადგილიდან აჩვენებდნენ. „მაესტრომ“ აქციის ტრანსლირება კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ შეწყვიტა. „მეცხრე არხმა“ კი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მოვლენები მას შემდეგ კიდევ ნახევარ საათს გაუშვა ეთერში.

მრავალათასიანი აქციას ნაკლები დრო დაუთმეს „პირველმა არხმა“, რუსთავი 2“-მა და „იმედმა“.  ამ ამბავს ისინი მხოლოდ ფორმატით გათვალისწინებულ საინფრომაციო გამოშვებებში შეეხნენ. მაშინ, როდესაც „მაესტროსა“ და „მეცხრე არხზე“ აქციას პირდაპირ ეთერში უშვებდნენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16 საათზე გასულ საინფორმაციო გამოშვებაში მთავარი თემად ევროპაში მიმდინარე აქციები გააშუქა. აქცენტი კი  იტალიასა და ბოსნია ჰერცოგოვინაში გამართულ დემონსტრაციაზე გააკეთა. ამას მოჰყვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი და პრეზიდენტის შეხვედრა მეწარმეებთან. თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას გამოშვების მეოცე წუთზე ჟურნალისტ რატი მუჯირის 2 წუთიანი ჩართვით შეეხნენ.

დღის 15:00 საათიანი და 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება „რუსთავი 2“-მა, 17 საათიანი კი „იმედმა“ „ქართული ოცნების“ აქციით დაიწყეს. ორივეს ჰქონდა პირდაპირი ჩართვა თავისუფლების მოედნიდან და ეთერში აქციის ორგანიზატორთა მიმართვებიც გაუშვეს. არაფერი უთქვამთ ხალხის რაოდენობაზე და რამდენიმე კადრი აჩვენეს, სადაც აქციის მონაწილეები ჩანდნენ. აქციის გაშუქების ქრონომეტრაჟი 10-15 წუთი იყო.

„რუსთავი 2“-მა „ქართული ოცნების“ აქცია და საარჩევნო კამპანიის დაწყება საღამოს მთავარ გამოშვებაში, „კურიერ P.S.”, პირველივე თემად შეარჩია. აქციას „კურიერმა“ დაახლოებით 7 წუთი დაუთმო. სიუჟეტში აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა ჟურნალისტს არ დაუსახელებია, თუმცა ითქვა, რომ თავისუფლების მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი ხალხის შეკრება მოახერხა. სიუჟეტში გასულ ახლო და შორ კადრებში კარგად ჩანდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხის მასა. გამოშვებაში „ქართული ოცნების“ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და ხალხმრავალი აქციის მნიშვნელობაზე.

საღამოს მთავარი საინფრომაციო გამოშვება კვირაობით არ აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „იმედს“, თუმცა „პირველ არხზე“ აქციის შესახებ  ეკა კვესიტაძის ტოქშოუში ისაუბრეს. „იმედზე“ ჩვეულებისამებრ გადაცემა „ქალური ლოგიკა“ გავიდა.

კვირაობით საღამოს საინფორმაციო გამოშვება არ აქვს არც „მაესტროსა“ და „მეცხრე არხს“, თუმცა მათ ფორმატი დაარღვიეს და 27 მაისს ახალი ამბები 21:00 საათზე ეთერში მაინც გაუშვეს.

„მეცხრე არხმა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისადმი მიძღვნილ აქციას ჯამში 20 წუთი დაუთმო. დეტალურად ისაუბრეს  დღის განმავლობაში აქციის მსვლელობაზე, ორგანიზებაზე, მონაწილეებზე, აგრეთვე კულტურის წარმომადგენლებზე, რომლებიც აქციას შეუერთდნენ.  27 მაისს განვითარებული მოვლენები შეაფასებინეს ექსპერტებსაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ არჩვნებს მოიგებს. სიუჟეტებში აქცენტი ხალხის რაოდენობაზე იყო გაკეთებული.

„მაესტროსთვისაც“ მთავარი თემა 27 მაისის აქცია იყო.  აქციის მიმდინარეობა მონაწილეთა შეკრებიდან დაიწყო, სიუჟეტებში საუბრობდა თითქმის ყველა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც აქციაში იღებდა მონაწილეობას. პირდაპირ ეთერში ჩართეს „სახალხო კრების“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, კოალიციის წევრი გუბაზ სანიკიძე და პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. 27 მაისის აქცია შეაფასებინეს უმრავლესობასაც, მიმოიხილეს, თუ როგორ გამოეხმაურნენ  უცხოური მედიასაშუალებები აქციას, ყურადღება გაამახვილეს აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე და ის ემიგრანტებიც აჩვენეს, რომლებიც  დღევანდელ აქციას გამოეხმაურნენ. ამ სიუჟეტების ქრონომეტრაჟმა ჯამში 36 წუთი შეადგინა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test