შემოგვიერთდი

23.05.2012 14:57

ჟურნალისტ(იკ)ის დასაცავად

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა 21 მაისს გაავრცელა განცხადება, რომ ჟურნალისტთა შეურაცხყოფისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებმა იმატა. ის სტუდია „ჯიენეს“-ის ჟურნალისტის ბელა ზაქაიძის ინციდენტს გამოეხმაურა (რომელსაც 11 მაისს პოროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მიეცა) და პროკურატურას საქმის გამოძიება მოსთხოვა. სახალხო დამცველი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავების, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტითაც დაინტერესდა.

საქართველოს სინამდვილეში ეს შემთხვევები გამონაკლისი არ არის და ამ პროფესიის ადამიანების უფლებები სულ უფრო ხშირად ირღვევა. ასევე ხშირად არსდება ორგანიზაციები, რომლებიც მიზნად ჟურნალისტთა უფლებების დაცვას ისახავენ. თუმცა მათი როლი ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კუთხით საკმაოდ სუსტია.

2010 წლის 18 ივლისს, „მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი“ ოფიციალურად დაფუძნდა. დამფუძნებელმა კონგრესმა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მედიასაშუალებების 100–ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო, 15 წევრისაგან შემდგარი გამგეობა აარჩია და ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მიანდო. იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესზე რეგიონული მედიის საქმიანი აქტიურობა თვალშისაცემი იყო, ითქვა, რომ გამგეობას, ქვეყნის სამხარეო-ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად, რეგიონული კოორდინატორები დაემატებოდნენ.   

ახალი პროფესიული კავშირის სამოქმედო გეგმა ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის გაფართოებას, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებასა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან ახლო თანამშრომლობასაც ითვალისწინებდა. ‘‘მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ დამფუძნებელი კონგრესის უმთავრესი პრიორიტეტია მასმედიაში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა ისეთი საქმიანობისა, რომელიც უზრუნველყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, სოციალურ სამართლიანობას ძლიერი, სოლიდარული, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის მეშვეობით‘‘, - ჩაიწერა ერთხმად მიღებულ დოკუმენტში.

ღონისძიებას, რომელიც ოფიციალური მიღებით დასრულდა, ესწრებოდნენ: საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი ოლივერ რაისნერი, ამერიკის პროფკავშირების ,,სოლიდარობის ცენტრის‘‘ საქართველოს პროგრამის დირექტორი რობერტ ფილდინგი, იტალიის პროფკავშირების წარმომადგენლები - მასიმილიანო კოლომბი და მაურიციო პეტრიციოლი, ევრაზიის ფონდის წარმომადგენელი საქართველოში თამარ ზურაბიშვილი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს დირექტორი ია თიკანაძე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელშეწყობითა და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.

„ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო თავიდან, მაგრამ, როგორც იტყვიან, კრება დარჩა მხიარული. ბოლოს როდის შევიკრიბეთ გამგეობა, აღარც კი მახსოვს“, – ამბობს მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის გამგეობის წვერი, ჟურნლისტი ცოტნე გეგეჭკორი. ორგანიზაციამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. გეგეჭკორი მიიჩნევს, რომ მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის წარუმატებლობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი მასში, ჟურნალისტიკის ეთიკის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად განსხვავებული შეხედულებების ადამიანების არსებობა იყო. მისი თქმით, წარმოუდგენელია, ჟურნალისტური საქმიანობა ეთიკის პრინციპების, მასთან დაკავშირებული პოლემიკის გარეშე წარმოვიდგინოთ

„საერთო ენას ვერ გამონახავ ადამიანებთან, რომლებიც ჟურნალისტები კი აღარ არიან, პროპაგანდას ეწევიან. რამდენიმე ჩემმა თანამშრომელმა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე უარი სწორედ ამის გამო მითხრა. ასეთი რეალობა გვაქვს დღეს, ჟურნალისტიკა ორ პოლუსადაა (ოპოზიციის და ხელისუფლების მომხრეებად) გაყოფილი და ეს ყველამ იცის. პიროვნულად, ბევრთან მაქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ პროფესიულად, ისინი სხვაგან არიან“.   

მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის აღმასრულებელი მდივანი, ბექა ონიანი ამბობს, რომ ამ ტიპის ორგანიზაციის დაფუძნების მიზეზი ზოგადი მდგომარეობა გახდა, რომელიც ქართულ ჟურნალისტიკაში შეიქმნა. მაგალითად ის, თუ როგორ ირღვეოდა მედიაში დასაქმებულთა უფლებები. კავშირში დღეს 200 ადამიანია გაწევრიანებული, თუმცა, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, ეს ფორმალური წევრობაა. „აქტიური ორგანიზაცია ეს არ არის“, – ამბობს იგი, – „საფუძველი იყო, ბევრ ჟურნალისტს ჰქონდა ძლიერი ორგანიზაციის გაკეთების სურვილი, განსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა... ალბათ, მეტი ორგანიზებაც იყო საჭირო.“

ორგანიზაციის წარუმატებლობას ბექა ონიანი, ძირითადად, სათანადო დაკვეთის არარსებობას უკავშირებს, თუმცა, აღიარებს იმასაც, რომ ჟურნალისტების წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე რეაგირებას მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი არ ახდენდა. „არ ვახდენდით, ვერ ვახდენდით, სამწუხაროდ,“ – ამბობს იგი, – „უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ არსებულმა ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა შესაბამისი სამუშაოს ჩატარება. მე, მაინც, მგონია, რომ ჯერ–ჯერობით, ამ ტიპის ორგანიზაციას არ ექნება შედეგი, შესაბამისი დაკვეთა არ არსებობს“.

სხვაგვარად ფიქრობენ კიდევ ერთი ორგანიზაციის „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლები, რომლებიც 2011 წლის დეკემბერში გაერთიანდნენ ჟურნალისტთა დასაცავად. ორგანზიაციის წევრი, გაზეთ „ალიას“ პასუხისმგებელი რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე ამბობს, რომ ახალი სუბიექტის ჩამოყალიბება, ბოლო დროს, ჟურნალისტებზე ზეწოლის გახშირებულმა ფაქტებმა განაპირობა. „იდეა მამუკა ღლონტს ეკუთვნის და ის ფოტოგრაფების გახმაურებული დაჭერის დროს გაჩნდა, მაშინ ყველამ დავინახეთ, რომ ერთიანობა დიდი ძალაა,“ – ამბობს იგი, – „მოგვიანებით, როცა, ეროსი კიწმარიშვილის გამო, პრობლემები „მაესტროს“ შეექმნა, იდეა უკვე საქმედ იქცა”. ტიკარაძე პირობას დებს, რომ ახალი მედიაორგანიზაცია ქმედითი იქნება ყოველთვის, როცა მის წევრებს პრობლემები შეექმნება“.

ორგანიზაცია „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ ოფიციალურად აპრილში დაფუძნდა. თუმცა მანამდე ორგანიზაციის მემორანდუმს, ხელი 41-მა დამოუკიდებელმა მედია ორგანიზაციამ მოაწერა (მათ შორის, როგორც ბეჭდურმა, ისე – ელექტრონულმა).

დიმიტრი ტიკარაძე განმარტავს, რომ „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ მედიის წინაშე წარმოქმნილ ყველა პრობლემაზე მოახდენს რეაგირებას. „პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, შეიქმნება ოთხკაციანი ჯგუფი, თავად მედიასაშუალების, იურისტისა და შემოქმედებითი ადამიანებისგან, რომლებიც საპროტესტო ღონისძიებებს მოამზადებენ“,  – ამბობს იგი, – „ჩვენ შემოვიღეთ ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმი და შევთანხმდით იმაზე, რომ წევრთა ორი მესამედის ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება ყველა წევრისთვის შესასრულებლად სავალდებულო იქნება.“

ორგანიზაციამ „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“, არსებობის 5 თვის მანძილზე წევრი მაუწყებლების დასაცავად, კომუნიკაციის ეროვნულ კომისიასთან გამართა აქცია „არეგულირე, ნუ ზღუდავ“. მანამდე კი, ტელეკომპანია „მაესტროს“ დაუჭირა მხარი. ტიკარაძის თქმით, სამომავლოდ კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. თავისი არსით, ეს არის მედია მფლობელების გაერთიანება, რომელიც, მედია ორგანიზაციების წინაშე მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად იბრძოლებს, თუმცა, როგორც დიმიტრი ტიკარაძე ამბობს, კონკრეტული ჟურნალისტის შრომით უფლებებსაც დაიცავს.

შრომითი უფლებების დაცვაში, აქ, ჟურნლისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის წინააღმდეგ ბრძოლა იგულისხმება. თუმცა, არსებობს სხვა შრომითი უფლებებიც, რომელიც მედია ორგანიზაციების შიგნით, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის წარმოიქმნება. ასეთი პრობლემები არის და ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა ის კაბალური კონტრაქტები, რომელთა ხელმოწერაც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ტელე მაუწყებლების თანამშრომლებს ამ ცოტა ხნის წინათ სთხოვეს. (ამ თემაზე იხილეთ „ნეტგაზეთის“ მასალა). გაზეთ „ნეტგაზეთის“ ცნობით, ტელეკომპანია „იმედის“ ახალი შრომითი კონტრაქტების მიხედვით, ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეუძლიათ დასაქმებულებს 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრონ.

კარგი ვითარება, ამ თვალსაზრისით არც იმ მედია ორგანიზაციებშია, რომელთა უმეტესობა დღეს დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო განვითარების დროშით გამოდის. სამწუხაროდ, ამ რეალობის შესაცვლელად გაერთიანება ქართველმა ჟურნალისტებმა ჯერაც ვერ მოახერხეს.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test