შემოგვიერთდი

18.05.2012 13:24

სიძულვილის ენა ქართულ პრესაში - „ინტერნიუსის“ მესამე კვარტალური ანგარიში

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

"ინტერნიუსი-საქართველო“ 18 მაისს აქვეყნებს  ქართული  პრესის მონიტორინგის მესამე კვარტალურ ანგარიშს, რომელიც  2011 წლის 1 დეკემბერიდან  2012 წლის  29 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.

მონიტორინგი ხორციელდება  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის  (EIDHR) ფარგლებში.

„ინტერნიუსი-საქართველო“ ქართულ პრესაში  ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქების,  მათ მიმართ სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული გამონათქვამების გამოყენების  მონიტორინგს ატარებს.   კვლევის  მიზანია ქართულ პრესაში სიძულვილის ენის გამოვლენა და საზოგადოებაში დისკუსიის გაღვივება.

ახალ შემაჯამებელ ანგარიშში, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებია  წარმოადგენილი.

კვლევისთვის შერჩეულია 9 ეროვნული და 3 რეგიონალური გამოცემა: "რეზონანსი", "ალია" და "კვირის ქრონიკა", "ახალი თაობა", "ვერსია", "კვირის პალიტრა", "ასავალ-დასავალი", "24 საათი" და მისი დამატება  "Weekend", "პრაიმ-ტაიმი", "ბათუმელები" (ბათუმი), "სამხრეთის კარიბჭე" (ახალციხე)  და "ახალი გაზეთი" (ქუთაისი).

ანგარიში მომზადებულია გიორგი თაბაგარის   და დიანა ჩაჩუას მიერ.

მონიტორინგის პერიოდში ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული 123 სტატია გაანალიზდა.

ანგარიშის თანახმად, უმცირესობების თემაზე ე ყველაზე მეტი სტატია "ასავალ-დასავალში", "ახალ თაობასა" და "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა.  ეთნიკური უმცირესობების გაშუქებისას ყველაზე მეტი ყურადღება სომხებს, ბოშებს და აფხაზებს დაეთმო. პრესამ  თურქების მიმართ   ყურადღება აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხმა გამოიწია.  ეს  თემა ხშირ შემთხვევაში  ნეგატიურად შუქდებოდა, ისეთი   ტერმინების და შეფასებების გამოყენებით, როგორიცაა: “გათურქება” ან  “დიდი თურქობა”.

ქართული ბეჭდური მედიის ერთი ნაწილი კვლევის პერიოდში, ისევე როგორც წინა კვლევების დროს,  კვლავინდებურად  განაგრძობდა “სომეხის” როგორც სალანძღავი სიტყვის გამოყენებას. ქსენოფობიური განცხადებები უმეტეს შემთხვევაში კეთდებოდა  საქართველოს პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის, ასევე ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლების მისამართით. კვლევის პერიოდში,  ეთნიკურ წარმომავლობაზე ხშირად აპელირებდა   “ასავალ-დასავალი”, “ალია” და “ კვირის ქრონიკა”. 

 წინამდებარე  კვარტალური მონიტორინგის პერიოდში,   "ასავალ-დასავალი" და "ალია ჰოლდინგი" (გაზეთები - "ალია" და "კვირის ქრონიკა") ისევ არღვევდნენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს და ავრცელებდნენ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს. ამასთან, კვლევის ავტორთა შეფასებით,   “ალიას”, “კვირის ქრონიკის” და “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტები,  ამჯერადაც გამოხატავდნენ   ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ დამოკიდებულებას რესპოდენტებისთვის დასმულ კითხვებში თუ თავიანთ კომენტარებში.

მედიის მკვლევარები  კვარტალურ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის პერიოდში "24 საათი", "რეზონანსი", "ბათუმელები", "ახალი თაობა", "კვირის პალიტრა" უმცირესობების თემებს აშუქებდნენ ბალანსის დაცვით,    სიძულვილის ენის გამოყენების გარეშე.  

ანგარიშში ასევე წერია,რომ  გაზეთებმა “პრაიმტაიმი” და “ვერსია” კვლევის პერიოდში  ნაკლები ყურადღება დაუთმეს უმცირესობების თემას.

მონიტორინგის ავტორებმა ასევე  შემჩნიეს  ანალიტიკური საგაზეთო სტატიების ნაკლებობა სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების თემებზე.

 „მონიტორინგის შედეგები ნათლად მიუთითებს ფაქტზე, რომ ქართულ პრესაში უმცირესობების მიმართ ჰომოფობიური და ქსენოფობიური დამოკიდებულების არაერთ გამოვლინებას აქვს ადგილი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ჯერაც დგას შემწყნარებლობის და განსხვავებულობის მიღების პრობლემა“, წერია მესამე კვარტალური ანგარიშის დასკვნაში.

მესამე კვარტალური ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ Media.Ge- ს გვერდიდან.

პირველი და მეორე კვარტალური ანგარიშები იხილეთ მისამართზე: http://www.media.ge/content/umtziresobebi_qarthul

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test