17.05.2012 09:14
პავლე კუბლაშვილის აზრით, საჯარო პირის სამივლინებო ხარჯები საზოგადოებრივი ინტერესის საგანი არ არის
მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებგაზეთი „რეზონანსის“ ცნობით, 16 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმ კანონპროექტზე იმსჯელეს, რომლითაც „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლი უქმდება. ამ ნორმით საჯარო პირების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა იყო უზრუნვეყოფილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის თქმით, საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს რომელიმე თანამდებობის პირის სამივლინებო ხარჯები.
„თქვენ თუ გაინტერესებთ კონკრეტულად რომელ რიცხვში, სად აიღო ამა თუ იმ საჯარო პირმა სამივლინებო თანხა, არამგონია ეს იყოს საზოგადოებრივი ინტერესის საგანი. საზოგადოებრივი ინტერესი არის იმის მიმართ, თუ წლის განმავლობაში რა შემოსავალი აქვს ამა თუ იმ თანამდებობის პირს“, - აღნიშნა კუბლაშვილმა განხილვისას. მისი თქმით, სწორია, რომ უნდა არსებობდეს კონტროლი, თუ რას იღებს საჯარო თანამდებობის პირი, მაგრამ მეორეს მხრივ, კუბლაშვილს არც ის მიაჩნია მართებულად, რომ საჯარო პირის ფინანსების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას.
„ეს არის გარკვეული ბერკეტი იმისათვის, რომ ადამიანი კორუფციულ სქემებში არ იყოს ჩათრეული და თუკი ასეთი რამ ხდება, უნდა გამოავლინოს... ცხადია, ის თუ რამდენი იხარჯება ზოგადად მივლინებებზე, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამაზე შორს წასვლა, თუ თითოეულმა რამდენი დახარჯა - რაში სჭირდება?“ - თქვა პავლე კუბლაშვილმა.
„რეზონანსის“ ცნობით, განხილვისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა თქვა რომ მათ ვერ მოიპოვეს ინფრომაცია თუ რა დაჯდა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მივლინება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„მანამდე არსებობდა ეს პრობლემა და ახალ ამას მთლიანად რომ ამოვიღებთ, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება. რეალურად დადგება ის საკითხი, რომ ეს საჯარო ინფორმაცია მთლიანად დაიხურება“, - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა თათული თოდუამ დისკუსიისას განაცხადა რომ „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლი საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი ბერკეტი, რადგან შეიძლება პირად საიდუმლოს მიეკუთვნოს საჯარო პირთა მონაცემები.
„ამ მუხლში საუბარი იყო იმაზე, რომ ამ პირებზე რა ინფორმაციაც არის დაცული საჯარო დაწესებულებებში, ის საზოგადოებისთვის არის ღია. ამ მუხლის ამოღება კი იმას ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია ავტომატურად ხელმისაწვდომი აღარ იქნება“, - თქვა თათული თოდუამ.
„რეზონანსი“ წერს, რომ ამავე სხდომაზე იუსიტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ თათული თოდუას საჯარო პირთა შესახებ ინფორმაციის მისაღბად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის გამოყენება ურჩია.
ძაგნიძის საპასუხოდ თოდუამ განაცხადა, რომ ამ კანონით არ ხდება საჯარო პირსა და რიგითი მოქალაქეს შორის გამიჯვნა და ორივე კატეგორიის შესახებ ინფორმაცია ერთ რეჟიმშია დაცული. შესაბამისად, მათი თანხმობის გარეშე ინფორმაცია ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
„თქვენ რომელ მუხლებს ეყრდნობით, როდესაც ამბობთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი გვაძლევს სრულ გარანტიას, რომ „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლის გაქრობა არაფერს არ დააზიანებს? მიგვითითეთ მუხლები. ასეთი მუხლები არ არსებობს“, - უთხრა ძაგნიძეს თათული თოდუამ.
„რეზონანსის“ ინფორმაციით, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე პავლე კუბლაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხს“ სხდომის გადაღების უფლება არ მისცა.