შემოგვიერთდი

15.05.2012 07:55

ყველაზე „ცუდები“

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

ცოტა ხნის წინათ, ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელმა გაავრცელა საიტ Career Cast–ის მიერ 2012 წლისთვის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გაზეთებისა და სამაუწყებლო კომპანიების რეპორტიორები, ბოლო 34 წლის განმავლობაში, პირველად, აშშ–ში ყველაზე ცუდ ადგილებზე მომუშავეებად დასახელდნენ (http://ijnet.org/blog/newspaper-reporter-broadcaster-make-worst-jobs-list). გამოკითხულთა ამგვარი დამოკიდებულება ამ პროფესიების შემდეგმა მახასიათებლებმა განაპირობა: შრომით ბაზარზე არსებულმა არასტაბილურობამ, სტრესმა, შემოსავლების დაბალმა დონემ, სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა, სამუშაოს შესრულების მკაცრმა ვადებმა, კონკურენციამ, სასიცოცხლო რისკებმა.     

გაზეთის ჟურნალისტი დიდი ხანია ერთ–ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად პროფესიად მიიჩნევა საქართველოში. ეს ერთ–ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ გამოცდილი კადრები, ისინიც კი, ვისთვისაც ჟურნალისტიკა, პირველ ყოვლისა, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, ბეჭდურ მედიაში სულ უფრო იშვიათად რჩებიან. მათ სხვა სოციალური პასუხისმგებლობებიც აქვთ, ოჯახის, საკუთარი თავის წინაშე და, მათი შრომისა და სამსახურებრივი რისკებისთვის შეუფერებელ პირობებში ყოფნას, ვითარების გამოცვლას ამჯობინებენ.

გაზეთ „რეზონანსის“ სტაჟიანი ჟურნალისტი თინათინ მოსიაშვილი, რამდენიმე წელია, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის PR მენეჯერად მუშაობს. ჟურნალისტიკიდან მისი წასვლის მთავარი მიზეზი დაბალი ანაზღაურება იყო. „საგამომცემლო მედიას, ფინანსურად ძალიან გაუჭირდა“, – ამბობს იგი,  „ადრე სახელმწიფო სტრუქტურებში მაინც იწერდნენ ჟურნალ-გაზეთებს, 2004 წლის მერე კი, ვითარება შეიცვალა; ბოლო წლებში, მედიისთვის გამოყოფილმა გრანტებმა, ძირითადად, რეგიონულ მედიაში გადაინაცვლა; იკლო რეკლამამ და ჩვენ თვალწინ „მოკვდა" რამდენიმე გამოცემა. ბევრ მათგანს ვალად გაჰყვა ჟურნალისტებისთვის გასაცემი ხელფასები, მათ შორის – ჩემიც.“

თინათინ მოსიაშვილი ამბობს, რომ ზოგიერთი გაზეთი ერთ გვერდში დღესაც 8-10 ლარსიხდის და ჟურნალისტის საშუალო ხელფასი 200-300 ლარის ფარგლებშია. თუმცა, ბევრგან, ყოველდღიური მუშაობის მიუხედავად, ჟურნალისტები 100-150 ლარზე მეტს ვერ გამოიმუშავენებ და მასაც თვეობით ელიან; მხოლოდ რამდენიმე გამოცემაში აღწევს ხელფასი 700-800 ლარს და, კიდევ უფრო იშვიათად - ცოტა მეტს. „ეს ბუნებრივად განაპირობებს კადრების დენადობას, მით უმეტეს, რომ მედიაშიც, დამსაქმებლების ერთ-ერთი პოპულარული და საყვარელი განცხადებაა: „არ მოგწონს, წადი,“ – აღნიშნავს მოსიაშვილი.  

ახალგაზრდა ჟურნალისტი ქრისტინა ქაჩხაძე, რომელიც ქუთაისურ გაზეთ „ახალ გაზეთში“ მუშაობს, ფიქრობს, რომ რეგიონულ მედიაში მუშაობა პერსპექტიულია. „თუ ჟურნალისტი ამ საქმეში მხოლოდ მატერიალურ დაინტერესებას ხედავს, გაუჭირდება“, – ამბობს იგი, „რეგიონულ პრესაში ჟურნალისტის ანაზღაურება გამომუშავებაზეა დამოკიდებული და 100–და  300 ლარამდე მერყეობს. ამასთან, რედაქცია ჟურნალისტებს სხვადასხვა პროექტში რთავს, რომ მათი ანაზღაურება გაიზარდოს. რეგიონული ბეჭდური მედია, ძირითადად, დონორების დაფინანსებაზეა დამოკიდებული.“

„ახალი გაზეთის“ რედაქტორი ია ბობოხიძე გაზეთებში დაბალი ხელფასების არსებობას შემდეგნაირად ხსნის: „გამომცემლები რიგიანი ხელფასების დანიშვნას ვერ ახერხებენ მწირი ფინანსური რესურსებისა და არასტაბილური შემოსავლების გამო. რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე გარემოება განაპირობებს: არასაკმარისი კადრები გაყიდვების სფეროში, მენეჯმენტის არცთუ გამართული მუშაობა, დაბალი ტირაჟები და შეზღუდული სარეკლამო ბაზარი. ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენ  კვალიფიციური ექსპერტების დახმარებით ვცდილობთ“.    

ია ბობოხიძე საუბრობს პროგრამაზე „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას”, რომელსაც IREX, პროგრამა G-MEDIA–ს ფარგლებში, 2011 წლიდან ახორციელებს. ამ პროგრამით, „ახალი გაზეთი“ „ივონნა“ ჯგუფთან თანამშრომლობს, რაც გულისხმობს, მუდმივი კონსულტაციების გზით, მედიის, როგორც ბიზნეს ორგანიზაციის განვითარებისა და მდგრადობის ხელშეწყობას. „ახალი გაზეთის“ რედაქტორი იმედოვნებს, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მიღებული გამოცდილება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბეჭდურ გამოცემაში კარგი კადრების შენარჩუნებას.

ძირითადი გუნდის შენარჩუნება გამომცემლების, ერთ–ერთი მთავარი საზრუნავია. გაზეთ „ვერსიას“ გამომცემელი და რედაქტორი მაია ფურცელაძე ამბობს, რომ, დღეს გამომცემელი ცდილობს, მინიმალური კადრებით შეძლოს მაქსიმალურად გაყიდვადი პროდუქტი შექმნას, რაც შემოქმედებითი ჯგუფის მხრიდან საკმაოდ დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. „ჩვენ კადრების ოპტიმალური დაკომპლექტების გზით შევძელით, გარკვეული ოქროს შუალედი დაგვეჭირა,“ – ამბობს იგი, – „ყველაზე დაბალი ხელფასი „ვერსიაში“ 200 ლარია, ყველაზე მაღალი კი, 1000 ლარამდეც აღწევს“. თუმცა,  პროფესიონალი კადრების მწირი არჩევანი იმ პრობლემათაგანია, რომელსაც მაია ფურცელაძე განსაკუთრებულად უსვამს ხაზს.

„უნდა დაიწყოს მსჯელობა ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე შექმნილ ვითარებაზე, იმაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება უმაღლეს სასწავლებელებში კვალიფიციური კადრების მომზადება“, – ამბობს იგი, – „გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს საგაზეთო ბიზნესი სპეციფიკურ ბიზნესად, დააწესოს გარკვეული საგადასახადო და ბიზნეს-შეღავათები, რომ მედია ბიზნესმა შეძლოს განვითარება. ასევე, აუცილებელია, თანაბარ პირობებში ჩადგეს ყველა გამოცემა, როგორც ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რათა კონკურენცია იყოს პატიოსანი და, შესაბამისად, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რომელი და რა ტიპის  გამოცემა დარჩეს მედია ბაზარზე“.  

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, ია ანთაძე, გაზეთების შემოსავლებზე საუბრისას, ბეჭდურ მედიაში რეკლამის სიმწირეს, მის გადანაწილებასა და გაყიდვებს გამოჰყოფს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა სარეკლამო ბაზარი მედიაში და აღმოაჩინა, რომ ეს ბაზარი მონოპოლიზებულია, რაც უზღუდავს გაზეთებს საშუალებას, რეკლამიდან შემოსული თანხით განვითარდნენ“, – ამბობს იგი, – „რაც შეეხება გაყიდვებს, ვიცით, რომ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დაბალია. სოფელში თბილისიდან ჩატანილ გაზეთს, ხშირად, მთელი უბანი კითხულობს. გაზეთები ღარიბი მედია ორგანიზაციები არიან და, სამწუხარიდ, ვერ ქმნიან ხარისხიან, ძვირად ღირებულ პროდუქტს, რომელიც საზოგადოებისთვის მიმზიდველი იქნებოდა.“

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, რომელსაც ია ანთაძე წარმოადგენს, ერთ–ერთი იმ ორგანიზაციათაგანია, რომელიც ჟურნალისტებისთვის მცირე გრანტებს გასცემს. „ჩვენ ორგანიზაციას 750 ევრო გადაუხდია ერთ სიღრმისეულ რეპორტაჟში. ქართული თუ საერთაშორისო ორგანიზაციები არცთუ იშვიათად აცხადებენ თემატურ კონკურსებს და ასეთ კონკურსებში გამარჯვებული სტატიები, როგორც წესი, გაცილებით ძვირად ნაზღაურდება, ვიდრე გაზეთის ან ჟურნალის მიერ გადახდილი ჰონორარია,“ – ამბობს იგი, – „დაბალი ანაზღაურება, რა თქმა უნდა, განაპირობებს კადრების დენადობას გაზეთებიდან, მაგრამ, საბედნიეროდ, გაზეთებში ჯერ კიდევ მუშაობენ ჩვენი კოლეგები, რომელთა ნამუშევრით ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალისტური კორპუსი იამაყებდა.“

მონოპოლიზებული სარეკლამო ბაზარი, გავრცელების ცუდად აწყობილი სისტემა, მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარი, პროფესიონალი კადრების სიმცირე – ასეთი გახლავთ ძირითადი ჩამონათვალი საკითხებისა, რომლიც ქართულ ბეჭდურ მედიას მთავარ პრობლემებს უქმნის. რომ არა უმუშევრობის საერთო ეროვნული დონე, ქართველებს ამერიკელებზე გაცილებით მეტი მიზეზი გვექნებოდა იმისთვის, რომ საგაზეთო რეპორტიორის პოზიცია სამუშაოდ ყველაზე ცუდ ადგილად დაგვესახელებინა.     

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test