შემოგვიერთდი

12.05.2012 23:55

სტიქია და ქართული არხები

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე
Flood in Tbilisi (photo: )

ტელეკომპანია ”რეალტივი”, ერთადერთი ქართული არხი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში 12 მაისს მომხდარ   წყალდიდობას ოპერატიულად გამოეხმაურა და სტიქიის დრამატული კადრები პირდაპირ ეთერში გაუშვა. დანარჩენი არხები:

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი2, ”იმედი”, ”მაესტრო”, ”კავკასია”, ”აჭარა ტვ” და  ახლახანს შექმნილი "მეცხრე არხი", ეთერში  მხატვრულ ფილმებს, შოუებს, კონცერტებს,   ან დოკუმენტურ კადრებს უშვებდნენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი გადასცემდა სერიალს „სამხრეთის დედოფალი“, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადიოდა  დოკუმენტური ფილმი „ბიკინის სამყარო“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში კი  გადაცემა „ავტოპილოტის“ ნახვას შეძლებდით. ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში სტუდია "მონიტორის" საგამოძიებო ფილმი გადიოდა.

ის,  რაც ”რეალტივიმ”  აჩვენა, იყო ძლიერი სტიქია თბილისის რამდენიმე უბანში, რომელმაც ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  მათი დაღუპვის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. არ მოიპოვება დაზუსტებული ცნობები დაშავებულების შესახებაც.

არსებული ინფორმაციით, წყალდიდობა,   ინტენსიური წვიმის შედეგად, დაახლოებით საღამოს 10 საათის შემდეგ დაიწყო.   ”რეალტივის” ეთერში გაკეთებული კომენტარების თანახმად,  წყალდიდობა დედაქალაქის  მიმდებარე  მთის კალთებიდან წამოსულმა წყლის  ნიაღვარმა  გამოიწვია.

სტიქიის ადგილზე  მისულმა თბილისის მერმა გიგი უგულავამ, ”რეალტივის” ჟურნალისტს განუცხადა, რომ წყალდიდობა სავარაუდოდ კოლექტორის დაზიანების გამო მოხდა.

”როგორც ჩანს, წვიმის შედეგად მიწა მოწყდა და წყლის კოლექტორი ჩახერგა”, - თქვა უგულავამ.

მაგრამ ინტერნეტ-საიტებზე გავრცელებული სხვა კომენტარებით,   წყლის დიდმა ნაკადმა მდინარე მტკვრის ადიდება გამოიწვია, რის გამოც წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა.

”რეალტივიმ”  სპეციალური გამოშვება დაახლოებით 11 საათსა და 55 წუთზე დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ გადმოსცემდა პირდაპირ ეთერში თბილისის დატბორილ ქუჩებს, სახლებს, ამოტრიალებულ მანქანებს, მოგლეჯილ  ხეებსა და წაქცეულ  ნაგვის ურნებს. პანიკაში ჩავარდნილ მოსახლეობის გამოყვანა შენობებიდან, ”რეალტივის”  კადრების მიხედვით, მაშველების დახმარებით  ხდებოდა. ზოგ უბანში, გასაბერი ნავების გამოყენება გახდა საჭირო.

ექსტრემალური სიტუაციის შექმნიდან  სამი საათის შემდეგაც კი, ქართულ არხები სტიქიაზე არაფერს ამბობდნენ, ”რეალტივი” კი კვლავ განაგრძობდა მოვლენათა ეპიცენტრში არსებული მდგომარეობის გაშუქებას, თუმცა, კადრებში, მაინც მაშველების მუშაობა ჭარბობდა, თავად დაზარალებული ადამიანები კი მცირე დოზით ჩანდნენ.სამაშველო სამუშაოებში ჯარისკაცებიც ჩაერთვნენ.

Facebook-ში,  სადაც მომხმარებლები სტიქიის შესახებ  ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებდნენ, ხოლო  ტელევიზიებს მკაცრად აკრიტიკებდნენ,  ”მაესტროს” ხელმძღვანელმა, მამუკა ღლონტმა ბოდიში მოუხადა მაყურებელს.

”ბოდიშს გიხდით რეპორტაჟის დაგვიანებისთვის, ამგვარი სიტუაციისთვის მაესტრო არ იყო მზად, რაც გამოუცდელობის გამო დაგვემართა რეპორტაჟები მზადდება და მალე ჩავრთავთ, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით მაესტროს მაყურებლებს”, განაცხადა ღლონტმა.

”მაესტრომ” სტიქიის  გაშუქება  მხოლოდ ღამის 3-ის ნახევრიდან დაიწყო, დაახლოებით ასე მოიქცა  "მეცხრე არხიც".  წამყვანის, ნათია ლაზაშვილის განცხადებით, ტექნიკური პრობლემების გამო "მეცხრე არხის" პირდაპირ ეთერში ჩართვა გვიან, მაგრამ მაინც მოხერხდა. ამავე პერიოდში მაყურებლებს წყალდიდობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა „რუსთავი 2“-მაც, სუბტიტრების მეშვეობით. "რეალტივიმ" საგანგებო რეჟიმში მუშაობა ზუსტად ღამის 3 საათზე დაასრულა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test