შემოგვიერთდი

05.05.2012 15:14

ეთერიდან განდევნილები

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

იმ დროს, როცა პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს -  3 მაისს - მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, სტუდენტებთან ერთად,  თბილისში აქციებით აღნიშნავდნენ და პრესის  თავისუფლებას ითხოვდნენ,  ქუთაისში  ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავდნენ.  3 მაისს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ დახურულ შეხვედრაზე მისულ ირაკლი ვაჩიბერიძეს,  გაზეთ „P.S."-ის ჟურნალისტს,  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა  წაართვეს. მუშაობის  საშუალება არ მიეცათ იქვე  მისულ სხვა ჟურნალისტებსაც.

ერთი დღით ადრე,  2 მაისს, ქუთაისის დღესთან დაკავშირებით, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც  იყო მისული,  ჟურნალისტთა და მედია საშუალებათა ნაწილი არ დაუშვეს. ინციდენტი მოხდა ზუგდიდშიც.  4 მაისს ადგილობრივი  პროკურატურის შენობასთან  ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად მისულ Netgazeti.ge-ს და Livepress.ge-ს  რეპორტიორებს, მათივე განცხადებით,  აპარატურა წაართვეს და გადაღებული კადრები წაუშალეს. ზეწოლა მოხდა tspress.ge-ს რეპორტიორ იზა სალაყაიზეც, რომელიც აღნიშნავს, რომ 4 მაისს, ფოთში,  პრეზიდენტის მიერ საავადმყოფოს გახსნაზე მისულს ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულმა პირებმა შენობიდან გააძევეს.

ეს  მოვლენები - თბილისური აქციები და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები - ეროვნული მაუწყებლების  ყურადღების მიღმა  აღმოჩნდა.  

მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  3 მაისს მთავარ საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ ვრცლად ისაუბრა ჰოლანდიაში ყაჩაღურ თავდასხმაზე, ინტერპოლის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაცია „მაიასა“ და IRI-ის  კვლევაზე, რომლის მიხედვით, მმართველი ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს. საზოგადოებრივი მაუწყებელს არ გაუშუქებია თბილისური აქციები და „P.S.“-ის ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერიძის ცემის ფაქტი. ამ  თემებს საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში არც  „რუსთავი 2“ შეხებია.  დუმდა ტელეკომპანია ”იმედიც.

მაუწყებელმა 4 მაისს, ყველაზე დიდი ქრონომეტრაჟი ფოთში პრეზიდენტის სტუმრობას  დაუთმო, სიუჟეტში დაახლოებით სამ წუთს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა.  სამაგიეროდ  ეთერში არ მოხვდა Tspress.ge-ს   ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევა.   

ფოთში პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებას  საზოგადოებრივ მაუწყებელზე   გაცილებით მეტი დრო ტელეკომპანია „იმედმა“ დაუთმო. მთავარ საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკის”  10-წუთიან სიუჟეტში პრეზიდენტის ხმა  4 წუთის განმავლობაში ისმოდა. ”ქრონიკაშივე”გაშუქდა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სტუმრობა  რაჭაში, პირველი ლედის სტუმრობა ჰააგაში. სიუჟეტი მომზადდა რუსეთში ანტიპუტინური აქციის მზადებისა და იქაურ ტაძარში მოქალაქეთა ნაწილის არშეშვებაზე, თუმცა არაფერი თქმულა Tspress.ge-ს   ჟურნალისტთან   დაკავშირებულ ინცინდენტზე.

”რუსთავი2”-მა    4 მაისს  9-საათიან ”კურიერში”, ზუგდიდის პროკურატურასთან აღმოჩენილი ბომბის განაღმვის ფაქტს ჯამში  13- წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა,  მაგრამ არ გააშუქა  განაღმვის ოპერაციის გასაშუქებლად მისული Netgazeti.ge-ისა და  Livepress.ge-ის ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები.

სხვა სურათი იყო „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ ეთერში. ორივე არხმა  3 მაისის  საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში,  პრესის საერთაშორისო დღისადმი  მიძღვნილ აქციებსა  და ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს   დაახლოებით 3-წუთიანი სიუჟეტები მიუძღვნა. ეს მოვლენები    ტელეკომპანიების  დღის საინფორმაციო გამოშვებებშიც გაშუქდა. მათი   ყურადღების ცენტრში მოხვდა  ასევე 4 მაისს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტიც, რომელიც Netgazeti.ge-ს და Livepress.ge-ს ჟურნალისტებს შეემთხვა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test