შემოგვიერთდი

03.05.2012 18:24

„ბილიკელი“ ჟურნალისტები, მე და პრესის თავისუფლების დღე

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

დანიშნულ დროს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მივედი. ბავშვები მელოდებოდნენ. მრგვალ მაგიდასთან ფურცლები ჰქონდათ გაშლილი და შიგ იჭყიტებოდნენ. მივხვდი, რომ წინასწარ  მომზადებულები იყვნენ და ალბათ კითხვებით „დამბომბავდნენ“. მოლოდინი გამართლდა - არაერთი კითხვა დასვევს. ქართული მედიის დღევანდელი მდგომარეობის, პრობლემების, თავისუფლების ხარისხის, ეთიკური სტანდარტის შესახებ– ყველაფერი აინტერესებდათ.  

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“ ბავშვთა პრობლემებზე მუშაობს. ორგანიზაციას ჟურნალისტური სტუდია აქვს, სადაც მოზარდები ჯერ ჟურნალისტურ ანა–ბანას სწავლობენ, შემდეგ ორგანიზაციის გაზეთში სტატიებს აქვეყნებენ, ბოლოს კი თანატოლების შესახებ ერთწუთიან ფილმებს იღებენ. ყოველწლიურად სტუდიაში ახალი შევსება მიდის.   

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ამასთან  დაკავშირებით სტუდიის მოსწავლეეებმა ჩემთან შეხვედრა მოინდომეს, არ დავინტერესებულვარ,  რა კრიტერიუმით შემარჩიეს. ჟურნალისტური  სტუდიის ხელმძღვანელმა ეკა ქოთოლაშვილმა კითხვა–პასუხის ფორმატი შემოგვთავაზა. რა თქმა უნდა დავთანხმდი, მხოლოდ ერთი პირობით, შეხვედრის ბოლოს რამდენიმე კითხვა მეც უნდა დამესვა. შეთანხმებას  მივაღწიეთ და კითხვებიც წამოვიდა. ტრადიციულად,  ჯერ ჩემი სამუშაოთი და განვლილი პროფესიული გზით დაინტერესდნენ, მაგრამ ამ საკითხზე ახლა მკითხველის ყურადღებას არ შევაჩერებ. მომდევნო ნაწილი უფრო საინტერესო იყო. პრესის თავისუფლების დღეს ქართული მედიის თავისუფლების ხარისხით დაინტერესდნენ მოზარდები. გულწრფელად ვუპასუხე,– ზოგიერთ აზიურ ქვეყანასთან შედარებით უკეთესი გარემოა, მაგრამ ევროპასთან ამ მიმართულებით ახლოსაც ვერ მივალთ-მეთქი. იქვე განვმარტე, რომ  ევროპულ ოჯახში მისაღებად, ერთ–ერთ კრიტერიუმად მედიის თავისუფლებას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევენ და ამის მიხედვითაც გადაწყვეტენ,  გაგვიღონ ამ სრუქტურებში კარი თუ არა.   

„რა არის იმის მიზეზი, რომ ნახევრად თავისუფალი მედია გვაქვს“-იკითხეს მოზარდებმა.  „მიზეზი არაერთია. პოლიტიკოსებს ცოტა სხვა წარმოდგენა აქვთ მედიაზე, ჟურნალისტების ერთი ნაწილი პოლიტიკოსის ბრძოლის იარაღად იქცა და ასეთ გარემოში ბევრი ჩემი კოლეგა თავს კომფორტულადაც კი გრძნობს“, - გავეცი პასუხი. ისიც ვუთხარი,  ვიდრე აქ მედია პოლიტიკური იარაღი იქნება და თავისუფალ ბიზნესად არ გადაიქცევა წინ ვერ წავალთ და არაფერი გვეშველება-მეთქი. ვთხოვე ინტერნეტგამოცემა Media.Ge  ეკითხათ, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის მაჯისცემის შესახებ წერს.  საინტერესოა,  სწორედ ის კვლევები,  რომელიც პერიოდულად ამ საიტზე   ქვეყნდება და ეს კვლევები თვითონ მიგახვედრებთ როგორი მედია გვაქვს-მეთქი.  მოზარდებმა ამ პროფესიის რისკებზე თვითო ისაუბრეს, მათ ახსოვთ რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს,  ჩვენს რეგიონში სამი ჟურნალისტი დაიღუპა და არაერთი დაშავდა.

„ ჟურნალისტიკა ყველაზე სახიფათო პროფესიების ათეულში შედის და არამარტო საომარი მოქმედებების, არამედ მშვიდობიან პერიოდშიც იღუპებიან რეპორტიორები“, -ვუთხარი.  ასე რატომ ხდებაო-იკითხეს,  იმიტომ,  რომ ვიღაცეებს მათი საქმიანობა არ მოსწონთ,  რადგან პრობლემები ექმნებათ“–შევეცადე მათთვის გასაგებ ენაზე ამეხსნა  ყველაფერი.  

ბოლოს ჟურნალისტურ ეთიკაზეც ვისაუბრეთ. სხვათაშორის,  მოზარდებმა  უკვე იციან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მუხლები და კმაყოფილები არიან,  რომ ბავშვთა უფლებების საკითხებს ქარტიაში ცალკე მუხლი აქვს დათმობილი. რა საჭიროა ქარტიაო,   იკითხა ერთ–ერთმა, იმისთვის გვჭირდება,  რომ საკუთარი პასუხისმგებლობა გავზარდოთ და ნდობა მოვიპოვოთ-მეთქი. მერე,  თავადაც ახსენეს მოდელირებული ქრონიკა, მაშინ ყველას შეგვეშინდაო. ბავშვები მშვენივრად ხვდებიან რა არის ჟურნალისტური სტანდარტი, მეტის დამატება აღარც იყო საჭირო, ერთმანეთს მშვენივრად გავუგეთ. ბოლოს ჩემი კითხვების დრო დადგა:  „აქ ვინც  ხართ ყველას ჟურნალისტობა გინდათ?“  მხოლოდ ორმა გამცა დადებითი პასუხი, დანარჩენები სხვა პროფესიებზე ფიქრობენ, მაგრამ ჩვენი საქმე აინტერესებთ და ამიტომ დადიან „ბილიკის“  ჟურნალისტურ სტუდიაში. „რას გვირჩევ?“– მკითხეს. „ბევრი იკითხეთ, ბევრი კითხვა დასვით, რომ ჯერ თქვენ იყოთ ინფორმირებული და შემდეგ საზოგადოებაც ინფორმირებული გახადოთ“-გამოვთქვი ჩემი აზრი. ისიც ვუთხარი:  „ყურადღება გრამატიკას მიაქციეთ, რადგან ბევრი შეცდომა ისმის ეკრანებიდან და ყველას ყურში გვხვდება. გრამატიკა მე–7 კლასამდე ისწავლება, თუ მასწავლებელი საჭიროდ ჩათვლის,  არაპროგრამულაად რაღაცეებს ჩაგვაწერინებსო, მითხრეს მოზარდებმა. ამან გამაკვირვა.   გამახსენდა მე–11 კლასში ქართული საგნის  პედაგოგი ცალკე რვეულში მართლწერის საკითხებს გვაწერინებდა. ახლა კი, თურმე,  გრამატიკას სკოლაში დიდი ყურადღება აღარც ექცევა. „თქვენ თავზე იმუშავეთ და ნაკლები შეცდომები მოგივათ“,  -  ვურჩიე ახალგაზრდებს.

დამშვიდობების წინ ვუთხარი– უკვე ვიცი ჟურნალისტები თუ არა აქტიური მოქალაქეები მაინც იქნებით და ეს ძალიან მახარებს- მეთქი. ეს ბავშვები მართლა აქტიურები არიან, ბევრის გაგება უნდათ, ბევრ კითხვას სვამენ, ეს კი უკვე ნახევარი საქმეა. რესპოდენტის ამპლუაში იშვიათად ვხვდები, იოლი საქმე ნამდვილად არ არის. მე ამ ახალგაზრდებიდან ცოტა რამ კიდევ ვისწავლე, ალბათ მათაც წაიღეს რამე. აი ასე გავატარეთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე, მე და „ბილიკის“ ჟურნალისტური სტუდიის მოსწავლეებმა. ერთმაეთს საუკეთესო სურვილებით დავემშვიდობეთ, მე კი ახლაც მათ მიერ დასმულ კითხვებზე ვფიქრობ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test