შემოგვიერთდი

01.05.2012 09:33

ერთი დღე ტელეარხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

საღამოს 9 საათი საქართველოში მთავარი საინფორმაციო გადაცემების  დროა.

ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „მაესტროსა“ და ახლა უკვე „მე-9 არხის“ საინფორმაციო გამოშვებები სწორედ 9 საათზე გადის. რომელმა არხმა,  რა და როგორ გააშუქა 30 აპრილს, ამას Media.Ge-კვირდებოდა.

„მე-9 არხის“ საინფორმაციო გამოშვება „ახალი ცხრაზე“ პირველად 30 აპრილს გავიდა ეთერში. გადაცემის პირველი საკითხი თავად ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყება იყო, ამას მოჰყვა კანადაში გარდაცვლილი ქართველის შესახებ ინფორმაცია. დაახლოებით სამი წუთი დაეთმო ადგილობრივების მიერ  ცხინვალიდან 2-3 კილომეტრში ერგნეთის ბაზრობის აღდგენის სურვილს. 

პირველ ბლოკში მოხვდა მალხაზ ჭკადუას სიუჟეტი „ლაზიკა -„ბერლინის კედელი“. სიუჟეტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალია ასაშენებელ  ქალაქ ლაზიკას „ბერლინის კედელს“ ადარებს, იქვე მოყვანილია  ოპოზიციონერ  პოლიტიკოსთა კრიტიკული კომენტარები და უმრავლესობის წევრის, პავლე კუბლაშვილის პასუხი.

ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებას“ ორი სიუჟეტი მიძღვნა. პირველ მასალაში საუბარი იყო  კოალიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე, რომლის ჩატარებაც ეროვნულ სტადიონზე სურთ.  ამ  გეგმას, მეორე სიუჟეტში,  „სახალხო კრების“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე  აკრიტიკებს.

სიუჟეტების ქრონომეტრაჟი საშუალოდ 2-2  წუთი იყო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ მთავარი თემა კი უკრაინაში (ასევე პოლონეთში-რედ.) გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემიონატის მიმართ რამდენიმე ქვეყნის მიერ გამოთქმული ბოიკოტი იყო, რისი მიზეზიც, სიუჟეტის ავტორის განცხადებით,  უკრაინის ყოფილი პრემიერ- მინისტრის იულია ტიმოშენკოს პოლიტიკური დევნა  გახდა. ამ საკითხს ტელეკომპანიამ 5 წუთი დაუთმო.

„რუსთავი 2“-მა რვა წუთი დაუთმო ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს საქართველოში. გაშუქდა  მისი სტუმრობა ყვარელში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კუთვნილ კარმიდამოში. თავად სააკაშვილის საუბრის ქრონომეტრაჟი 2 წუთი და 30 წამი იყო.

პრეზიდენტი გამოჩნდა „კურიერის“ მომდევნო სიუჟეტშიც, რომელიც ქალაქ რუსთავის რეაბილიტაციას მიეძღვნა. ქალაქის აღმშენებლობაზე მისი საუბარი   3 წუთი და 30 წამი გაგრძელდა ტელეეთრში. პირველ ბლოკში მოხვდა ხელისუფლების ახალი ინიციატივა სტუდენტურ ბარათებზე, თემა დადებით ტონში გაშუქდა, ამავე ბლოკში გავიდა  მასალა  „რუსთავი 2“-ის პროექტ „ნიჭიერის“ შესახებ.

„მე-9 არხისა“ და „რუსთავი 2“-ისგან განსხვავებით,  „მაესტრომ“  „ახალი ამბების“ მთავარ თემად „ოქროპირიძის საქმე“ გააშუქა. ახლობლებმა მსჯავრდებულ ოქროპირიძეს მთელი დღის განმავლობაში ვერ მიაკვლიეს. მათ ეჭვი აქვთ,  რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აწამებენ. ამ თემას“ მაესტრომ“  8 წუთი დაუთმო. პირველ ბლოკში ასევე გავიდა სიუჟტები „ტელეარხი 25“-ის მფლობელების ახლობლებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონების, ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის დაწესებული დიდი პირგასამტეხლოსა და „ქართული ოცნების“ მომავალი აქციის შესახებ. ეს თემები „კურიერს“ არ გაუშუქებია.

„მაესტრომ“ იმ დღეს ასევე გააშუქა პრეზიდენტის ქუთაისში ვიზიტი, ნეიტრალურ ტონში.  სიუჟეტის ქრონომეტრაჟი სულ 2 წუთი იყო. ამ არხისგან განსხვავებით, სააკაშვილის იმერეთში სტუმრობას 15 წუთი დაუთმო „რუსთავი 2“-მა. მისი საუბარი სიუჟეტში 12 წუთს ისმოდა. მომდევნო სიუჟეტიც ქუთაისის მოდერნიზაციას დაეთმო. ჯამში პრეზიდენტი „კურიერში“  სამ სიუჟეტში გამოჩნდა და 18 წუთი ისაუბრა. „კურიერის“ მთელი გამოშვების განმავლობაში პოლიტიკური ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი საერთოდ არ გაუშუქებია „მე-9 არხს“.  ამ არხის საინფორმაციო გამოშვების მეორე ბლოკში დიდი დრო სამხედრო თემატიკას დაეთმო. გიორგი ცხვიტავას სიუჟეტში თავდაცვის სფეროში შექმნილ პრობლემების მიზეზად კადრების ხშირი ცვლილება  და რეფორმების დაუსრულებლობა დასახელდა. ამავე ბლოკში მოხვდა სიუჟეტი დამეწყრილი სურამის შესახებ. აქცენტი ადგილობრივების პრობლემებზე იყო გაკეთბული.

„რუსთავი 2“-ისა და „მე-9 არხისგან“ განსხვავებული ამბები გაშუქდა „მაესტროს“ მეორე ბლოკშიც. გავიდა სიუჟეტები გატაცებული მწყემსების, ბათუმში განათების ბოძის დაზიანებისთვის დაწესებულ ჯარიმებსა და აღურიცხავ საწარმოებზე.

„მაესტროს“, „რუსთავი 2“-სა და „მე-9 არხს“ საერთო მხოლოდ ერთი თემა ჰქონდათ - ქართველი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test