19.04.2012 10:26
მედია საჩხერესა და ჭიათურაში
მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
ჭიათურასა და საჩხერეში ჩემი მივლინება 9 აპრილს დაემთხვა. ქალაქის ცენტრში ახლად დაგებულ გზაზე, ორშაბათ დღეს ქუჩაში ხალხი კანტი-კუნტად დადიოდა.
2008 წლის მონაცემებით ჭიათურაში 19 ათას 587 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში გადაადგილების ძირითადი საშუალება საბაგირო გზაა,რომელიც მთებით გარშემორტყმულ ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს. ჭიათურაში მსხვილი დამსაქმებელი „ჯორჯიან მარგანეზია“, რომელიც მანგანუმის ყველა საბადოს ფლობს. მოსახლეობის ძირითადი ნაწილიც აქ მუშაობს.
ჭიათურაში ერთი ტელევიზია მაუწყებლობს და ერთი გაზეთი გამოიცემა. ტელეკომპანია „იმერვიზია“ და გაზეთი „ჭიათურა“.
რაიონში ადგილობრივი ტელევიზიის მნიშვნელობაზე საუბრობს 64 წლის პენსიონერი გიორგი კობახიძე და ამბობს, რომ ადგილობრივ ახალ ამბებს სისტემატურად ეცნობა.
„რაიონში საჭიროა ტელევიზია არსებობდეს. ცენტრალური ტელევიზიები აქ მხოლოდ მაშინ ჩამოდიან თუკი რომელიმე თანამდებობის პირი ესტუმრება ჭიათურას. „იმერვიზიას“ ვუყურებ, რადგან ქალაქის პრობლემებს ხშირად აშუქებს “, - ამბობს გიორგი კობახიძე.
ნაციონალურ მაუწყებლებს მუშაობას უწუნებს პროფესიით ექიმი მანანა მოდებაძე. მისი თქმით, ცენტრალური ტელევიზიები რეგიონების გაშუქებას ყურადღებას საერთოდ არ უთმობენ.
„რამდენიმე თვის წინ საავადმყოფოში ექიმები მასობრივად შეამცირეს, ვინც დარჩა დღეები შეუმცირეს და ხელფასი 50 ლარი დაუნიშნეს. არ შეიძლებოდა მსგავსი პრობლემა „იმედს“ და „რუსთავი 2“- ს გაეშუქებინა?“ - გვიხსნის ქალბატონი მანანა.
დღის ოთხ საათზე, ქალაქში გასულმა, გულმოდგინედ ძებნის მიუხედავად, პრესის ვერც ერთი სტენდი ვერ აღმოვაჩინე. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ამის მიზეზი რელიგიური დღესასწაული ბზობა იყო.
ადგილობრივი გამოცემა „ჭიათურას“ რედაქცია ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობაში, ერთ ოთახშია განთავსებული. გაზეთის ძირითადი დამფინანსებელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტია. გამოცემამ გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მათ განცხადებებს, დადგენილებებსა და აუქციონებს აქვეყნებს.
გაზეთი „ჭიათურა“ 88 წელია არსებობს და მკითხველს ჭიათურის ამბებსა და მიმდინარე პროცესებზე მოუთხრობს. გამოცემა 1924 წელს დაარსდა და ჯერ „ახალგაზრდა მაღაროელის“, შემდეგ კი „ჭიათურის მაღაროელის“ სახელწოდებით გამოიდოდა.
ქართულენოვანი გამოცემა 1000 ტირაჟით ორ კვირაში ერთხელ გამოდის და ჭიათურაში ვრცელდება. მისი ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.
გამოცემის 20-20 პროცენტი თანაბრად ფრიდონ წერეთელს, ცირა გორგაძეს,
ლატავრა კაკოჩაშვილს, თემური შეყრილაძეს და დარეჯან ჩუბინიძეს ეკუთვნით.
გამოცემის რედაქტორის ფრიდონ წერეთლის თქმით, გაზეთის გვერდების რაოდენობა შემოსავალზეა დამოკიდებული, ამიტომ„ჭიათურა“ ხან 6, ხანაც - 8 გვერდიანი. გაზეთი ხელმომწერების საშუალებითაც ვრცელდება თუმცა მათი რაოდენობა 150-ს არაღემატება.
პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა- „ჭიათურის“ ძირითადი რუბრიკებია.
„მკითხველს ძირითადად ადგილობრივი ამბები და სოციალური თემატიკა აინტერესებს. განსაკუთრებით - სოფლისმეურნეობა“, - ამბობს ფრიდონ წერეთელი.
„ჯიხურებში ცოტა იყიდება. გაყიდვები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა თემას შევარჩევთ“, - ამბობს წერეთელი.
რედაქციაში სულ სამი ადამიანი მუშაობს. ჭიათურაში სტამბის არარსებობის გამო გაზეთი ჭიათურაში იწყობა და თბილისში იგზავნება დასაბეჭდად.
2010 წელს ჭიათურაში გაზეთი "ახალი ჭიათურა" გამოიცემოდა, რომელსაც ენთუზიაზისტი ახალგაზრდები თვეში ერთხელ უშვებდნენ, თუმცა დაფინანსების არარსებობის გამო გაზეთმა არსებობა მალევე შეწყვიტა.
ჭიათურაში ვრცელდება ყოველთვიური გაზეთი "ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" გამოსცემს. ის ძირითადად კომპანიის თანამშრომლებისა და მაღაროელების ცხოვრებასა და მუშაობას აშუქებს.
„სამადლობელი სიგელი კაზმის მიმწოდებელს“, „აღებული ტემპის შენარჩუნებისათვის“, „მე-4 ღუმელის ახალი სიცოცხლე“, „ჭიათურა და თბილისი ორივე საქართველოა“, - მსგავსი სათაურების ნახვისას ძნელად მიხვდები, რომ 2012 წლის მარტის ნომერს კითხულობ.
გიული კაპანაძე, საბაგირო გზის გამყოლად მუშაობს. ის ორ გამოცემას ყიდულობს ჟურნალ ‘სარკეს“ და „მკურნალს“.
„ძირითადად გასართობ ჟურნალებს ვკითხულობ, თუმცა ჯანდაცვის თემაც მაინტერესებს. სახლში საღამოობით დაღლილიმივდივარ და მირჩევნია საინფორმაციოს ნაცვლად რამე გასართობი პროგრამა ვნახო“, - ამბობს ის.
ჭიათურაში მოსახლეობის უმრავლესობა სატელიტური თეფშით სარგებლობს და ხელი ქართულის გარდა უცხოურ არხებზეც მიუწვდება.
ჭიათურის შემდეგ საჩხერეს ვეწვიე. აქ ადგილობრივი პრესა და ტელევიზია არ არის. აქაურები ქართულ ამბებს ნაციონალური არხებიდან და პრესიდან იგებენ. საჩხერის ავტოსადგურში საქართველოს ლატარიის კომპანიის პრესის ჯიხური დგას.
პრესის გამყიდველისგან ვიგებ, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით გაზეთი „კვირის პალიტრა“ და „ასავალ დასავალი“ (კვირაში 50-60ცალი) იყიდება.
„ყველაზე ნაკლებად ჟურნალი ბომონდი მეყიდება, მისი ფასი ძვირია, თან საჩხერეში მოდის მოყვარული როგორც ჩანსარავინაა“, - ამბობს გამყიდველი.
„აქამდე რატომღაც არავის ვახსოვდით. ახლა კი, კვირა არ გავა, რომ საჩხერეში ჟურნალისტი არ ჩამოვიდეს, ძირითადად უცხოელები. თუმცა პრობლემების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილით ინტერესდებიან“, - ამბობს ჭაღარათმიანი ქალბატონი და უკვირს,როდესაც მხოლოდ მედიის საკითხით ვინტერესდები.