18.04.2012 07:44
ჭიათურის „იმერვიზია“ ახლო ხედით
მაია წიკლაური
ახლო ხედით
ჭიათურის ცენტრში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მე-9 სართულზე ტელეკომპანია „იმერვიზიაა“ განთავსებული. „იმერვიზია“ 1991 წელს დაარსდა და მისი მაუწყებლობა ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში ვრცელდება.
„ტელეკომპანია რამდენიმე ენთუზიასტმა დავაარსეთ. იმ დროს მედიისათვის არავის ეცალა და შესაბამისად თავისუფლების ხარისხიც მაღალი იყო. მთავარი იყო სამხედრო ფორმირებებთან ფრთხილად ყოფილიყავი“, - იხსენებს „იმერვიზიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ გამეზარდაშვილი.
„იმერვიზიას“ ამჟამად სამი მფლობელი ჰყავს: ტელეკომპანიის 77,4 პროცენტიანი წილის მფლობელი რამაზ გამეზარდაშვილია, 13,6 პროცენტს თებრო გაფრინდაშვილი ფლობს, 9 პროცენტს ომარი მაჭავარიანი.
ტელეკომპანიის ეთერში დღეში ორჯერ ახალი ამბების დაიჯესტი გადის ქართულ ენაზე, რომელსაც მეორე დღეს იმეორებენ. გამეზარდაშვილის თქმით, პრიორიტეტი ადგილობრივ ახალ ამბებს ენიჭება.
„მიმაჩნია, რომ რეგიონულმა მედიამ მუნიციპალიტეტსა და მოსახლეობას შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს“, - ამბობს გამეზარდაშვილი.
მისი თქმით, ტელეკომპანია ცდილობს თავისი ნიშა დაიკავოს.
„ჩვენ ვერ შევქმნით ისეთ პროდუქტს, რითაც კონკურენციას გავუწევთ ნაციონალურ ტელევიზიებს. მაგალითად, „რუსთავი 2“-ის „კომედი შოუ“ ავიღოთ. იმისათვის რომ ერთი შოუს დეკორაციისა და კოსტუმების რესურსი მოვიზიდოთ, სამი თვე დაგვჭირდება. ამიტომ ეს ჩვენი ნიშა არაა“, - აცხადებს ტელეკომპანიის მფლობელი.
„იმერვიზიას“ ჟურნალისტები მასალებს ჭიათურის გარდა, საჩხერესა და მიმდებარე სოფლებიდანაც ამზადებენ. მათი თქმით, აქტიურად აშუქებენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. ჩადიან იმ სოფლებში, სადაც თემის კრებაა დაგეგმილი და პროცესს აკვირდებიან.
იმერვიზიის ერთ-ერთი პრობლემა თემის გაშუქების დროს მხარეთა ბალანსია. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ხშირად სიუჟეტში ორი მხარე არ არის. რეგიონში არასამთავრობო სექტორი სუსტადაა წარმოდგენილი. ამიტომ უჭირთ იმ ადამიანების მოძებნა, რომლებიც „ნეიტალურად არიან განწყობილი“.
საწვავის გაძვირებისა და ფინანსური პრობლემების გამო, „იმერვიზიაში“ ახალი ამბები აღარ გადის ორშაბათსა და პარასკევს.
„ერთი მანქანა გავუშვით. ხშირად ტაქსის მომსახურებას ვიყენებთ, რამაც ფასი აწია. ვცდილობთ ეს პრობლემები მოვაგვაროთ და სიტუაციაში ადაპტაცია მოვახდინოთ . არ მინდა რომ თანამშრომლების რაოდენობა ან ხელფასი შევამცირო“, - გვიხსნის რამაზ გამეზარდაშვილი.
ტელეკომპანიაში 5 ჟურნალისტი მუშაობს, რომელთა საშუალო ხელფასი 200-250 ლარია. (120-150 აშშ დოლარი)
კვირაში ერთხელ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) გადაცემა „მრავალკუთხედი“, გადის, რომლისთვისაც სიუჟეტებს „იმერვიზიის“ ჟურნალისტებიც ამზადებენ.
„იმერვიზიის“ ეთერში გადის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუ "მთავარი თემა", ლიტერატურული გადაცემა „სიტყვაკაზმული“, ასევე რელიგიური თემატიკის პროგრამა „სარკმელი“.
თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით ინტელექტუალური გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ სარგებლობს, რომელიც კვირაში ერთხელ გადის და მასში ჭიათურისა და საჩხერის უფროსკლასელი მოსწავლეები არიან ჩართულები. ჩაწერა სხვადასხვა სკოლის საკლასო ოთახებსა და დარბაზებში ხდება. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოც“ უჭერდა.
ტელეკომპანიაში ამ პროექტით ამაყობენ. გადაცემა 4 წელია გადის ეთერში და მასში 1000-ზე მეტ ბავშვთან ერთად, მთელი რეგიონია ჩართული.
ჟურნალისტი ინგა ჯაჯანიძე „იმერვიზიაში“ 10 წელია მუშაობს. ჯაჯანიძის თქმით, საჯარო ინფორმაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უპრობლემოდ აწვდის.
„ვერ ვიხსენებ ფაქტს, რომ ინფორმაციო მომეთხოვოს და პასუხი არ მიმეღოს. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ გვქონია შემთხვევა რომ კომენტარზე უარი ეთქვათ“, - ამბობს ჯაჯანიძე.
მისი თქმით, ტელევიზიას მოსახლეობა პრობლემის მოსაგვარებლად იმ შემთხვევაში მიმართავს როდესაც სხვა გზა მოჭრილია.
„თუ თემას ვაშუქებ და იქ ბალანსი არ დავიცავი, ან მოქალაქის პროტესტი დავმალე, ნდობას დავკარგავ. მეორე დღეს იგივე ადამიანი ქუჩაში შემხვდება და მატყუარას მიწოდებს. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს“, - ამბობს ინგა.
„ყველაზე გახმაურებული შემთხვევა პურთან დაკავშირებული საკითხი იყო. ქალაქის ყველა საცხობში მივედით და მოვითხოვეთ პურის ფასი და შესაბამისი წონა. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უფლებები ირღვეოდა. სიუჟეტის გასვლის შემდეგ ყველა მაღაზიასა და საცხობში წონის და ფასის იარლიყი გაჩნდა“, - იხსენებს ტელეკომპანიის დირექტორი, რამაზ გამეზარდაშვილი.
„იმერვიზია“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ემზადება. გამეზარდაშვილის თქმით, ტელეკომპანიის ძირითადი რესურსი სტუდიის გადაიარაღებაში მიდის. მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა გადიდებული ზონის დაფარვაა.
„2015 წელს მე მომიწევს დავფარო იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი, სვანეთი გურია და სამეგრელოს ნაწილი, სადაც არარენტაბელური ზონაც იქნება. ნელ-ნელა ვიწყებთ HD ხარისხზე გადასვლას, ასევე ვითვისებთ მულტიმედიურ პლატფორმებსაც. ინტერნეტ მაყურებლის რაოდენობა იზრდება, რაც არ გვიტოვებს საშუალებას დავრჩეთ ტრადიციულ სივრცეში და ახალი არ შევითვისოთ“, - ამბობს გამეზარდაშვილი.
მისი თქმით, იმერვიზიას კონკურენციას თანამგზავრზე მაუწყებელი არხები უწევენ.
„მოსახლეობის უმრავლესობას სატელიტური თეფშები აქვს, და ჩვენ არ გვიყურებს. ახლა ვამზადებთ ვიდეო რგოლს, რომლითაც მივაწვდით ინფორმაციას, რომ მათ ტელევიზორებს შეუძლიათ პარალელურად ჩვენი არხიც მიიღონ“, - ამბობს გამეზარდაშვილი.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, იმერვიზიის შემოსავლის 60% რეკლამა შეადგენს, ამის გარდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს საეთერო დრო აქვს შესყიდული, რაც შემოსავლის 15-20 %-ია.
სანამ ტელეკომპანიის ვებ-გვერდი დამზადდება, იმერვიზია სიუჟეტებს საკუთარ ბლოგზე ათავსებს.