შემოგვიერთდი

17.04.2012 06:46

ინფორმაციის მიმართ ინდიფერენტული რუსთაველები

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
Rustavi (photo: )

რუსთავში ორი გაზეთი „რუსთავის ამბები“ და „რუსთავი“ გამოიცემა. ადგილობრივ ამბებს გაზეთების გარდა „ქვემო ქართლის ტელეკომპანიაც აშუქებს“. რუსთაველების დიდი ნაწილი საკაბელო ტელევიზიით სარგებლობს, ნაწილი კი - ჩვეულებრივი (მიწისზედა), ან - სატელიტური ანტენით. ასე აქაურები ადგილობრივი მედიასაშუალებების გარდა ნაციონალურ მედიასაც ეცნობიან. პრესის შეძენა რუსთავის თითქმის ყველა უბანში პრესის ჯიხურებში შეიძლება. 

ქალაქში ყველას სადღაც ეჩქარება, ყველა დაკავებულია და გაზეთის წასაკითხად დრო არ აქვს. შიგადაშიგ შეავლებენ ტელევიზორს თვალს. ამბობენ, რომ იქიდან მიღებული ინფორმაცია დიდად არ ადგებათ. დაახლოებით არიან საქმის კურსში რა ხდება. თუმცა, რა ხდება დიდად არც აინტერესებთ, საკუთარი ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ - ასე შეიძლება იმ რამდენიმე რუსთაველის პასუხის შეჯამება, ვინც Media.Ge-ს ქუჩაში ესაუბრა. თითოეულ მათგანს ვეკითხებოდით, საიდან იგებენ ინფორმაციას, რამდენად ადგებათ ის და ენდობიან თუ არა ინფორმაციის წყაროს.

56 წლის ნათელა მიქაძე ამბობს, რომ მისთვის მედიასაშუალებებში საინტერესო არაფერი არ არის, ამიტომ ინფორმაციის მიღებას საიდანმე არც ცდილობს. “თუ რამე მოხდება ჩემთვის მნიშვნელოვანი ხალხისგან ვიგებ, ისე ვცხოვრობ როგორც  ჩვეულებრივი მოკვდავი”. 

20 წლის ბექა კითხვას საიდან იღებ ინფორმაციას - პასუხობს Facebook- იდან. როცა ვაკონკრეტებ, თუ საიდან იღებს ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მპასუხობს - ტელევიზიით. უყურებს “რუსთავი 2”-ს და “იმედს”.

-“გაკმაყოფილებს ის ინფორმაცია რომელსაც იღებ, ან გადაცემები?”

- “არა”

- “შენი აზრით, რა აკლია ამ არხებს?”

- “რა ვიცი აბა , რა გითხრა”.

42 წლის, თამილა ქველაძეს, ძირითადად, კომპიუტერთან უწევს მუშაობა, ამიტომ ინფორმაციას ყველაზე ხშირად  ვებ-გვერდებიდან - ambebi.ge და presa.ge იღებს. “თანაც იქ უფრო სრულყოფილი ინფორმაციას ვიღებ, ვიდრე ტელევიზიიდან”.

“იმედს” ვუყურებ ხოლმე და ვიგებ  ვინ რა არის, ვის რა უნდა. რუსთავის ამბებს - სად რა ხდება და ვინ რას აკეთებს ქალაქში „ქვემო ქართლის ტელევიზიიდან ვიგებ”, - ამბობს 77 წლის, გოდერძი ფხოველიშვილი. გვიხსნის, რომ გაზეთები არ აინტერესებს და არც კითხულობს.

ადგილობრივ გაზეთებით “რუსთავის ამბები” და “რუსთავი”  55 წლის ბადრი მჭედლიშვილი ინტერესდება, მაგრამ მისი თქმით, ვერც ერთხელ მოახერხა მათი შეძენა ჯიხურებში.

უყურებს “რუსთავი 2”-ს და “პირველ არხს”, მოსწონს გადაცემა “სამოთხის ვაშლები”.

“ჩემთან ერთ პროგრამას აჩვენებს - “რუსთავი 2”-ს  და ძალიან მაწუხებს სერიალები რომ გადის სულ. თვითონ ინფორმაცია  თქვენც ხომ ხვდებით როგორია - რაც სახელმწიფოს აწყობს ის გადის. მე არაფერში მადგება ეს ინფორმაცია, გლეხი ვარ, რაში უნდა გამომადგეს”,- ამბობს 61 წლის, თამაზ რუხაძე.

26 წლის თეონა ძანაშვილი “ქვემო ქართლის ტელეკომპანიას” უყურებს - ამბობს, რომ ძირითადად მუსიკის მოსასმენად აქვს ეს არხი ჩართული. “იმდენი დრო არ მაქვს რომ ვიფიქრო, რა მინდა რომ იყოს ამ ტელევიზიაში და რა არ მომწონს” .

“ვუყურებ “რუსთავს” და “იმედს”. ვერ გეტყვით რამდენად მადგება  ეს ინფორმაცია, მაგრამ ვუსმენ ხოლმე. ზოგჯერ ისეთი უსარგებლო ამბები აქვთ, რომ არც კი ვიცი ტყუილად რისთვის ვუსმენ, ვცდილობ აღარ ვუსმინო ხოლმე ამიტომ”,- ამბობს 47 წლის, თამარ მეტრეველი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test