შემოგვიერთდი

30.03.2012 10:58

ადგილობრივები ხარაგაულის გაზეთებსა და ნაციონალურ არხებზე

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

გაზეთები “ჩემი ხარაგაული” და “ახალი ხარაგაული”, ტელევიზიებიდან - “რუსთავი 2”, “იმედი” და “პირველი არხი” -ეს ის საინფორმაციო საშუალებებია, საიდანაც დაბა ხარაგაულში და მისგან  10 კმ-ში მდებარე სოფლებში ინფორმაციას იღებენ.

როგორ შეაფასებთ მედია საშუალებებს, საიდანაც ინფორმაციას იგებთ? სრულყოფილად გებულობთ რა ხდება საქართველოსა და თავად ხარაგაულში? ენდობით თუ არა ამ მედიასაშუალებებს? -  ამ კითხვებზე პასუხის მიღებას media.ge  ხარაგაულელებისა და  სოფლების ისნარისა და ფარცხნარის მკვიდრთაგან შეეცადა.

ზაზა  ბირკაძე, 38 წლის, სოფელი ფარცხნარი: „გართობისა  და გულის  გადასაყოლებლად “იმედს” და “რუსთავი 2”- ს ვუყურებ,  ობიექტური აზრის გაგება თუ მსურს- “25 -ე” არხს. როცა ვადარებ,  აშკარაა, რომ “რუსთავი 2” ხალხის პრობლემებს ნაკლებად აშუქებს და უფრო სამთავრობო მიღწევებზე ამახვილებს ყურადღებას.“

იური ბუაჩიძე, 87 წლის: „ადგილობრივებიდან ორივე გაზეთი მაქვს გამოწერილი, არც ერთი მომწონს, რადგან არ აშუქებენ ისეთ რამეს, რომ საინტერესო იყოს. სასურველია,  გამოქვეყნდეს  მოთხრობები, ამ დროს კი,  სულ ბიუჯეტზე და სტატისტიკაზე, გამგებელის საქმეებზე,  წერენ, ამოვიდა ყელში! კარგი იქნება, სატელევიზიო პროგრამაც იყოს, რომ გავიგო -  რა როდის გადის.  ტელევიზიები მომწონს, მაგრამ კარგი იქნება,  თუ  ძველ ფილმებსაც უჩვენებენ “, მაგალითად, დაკარგულ სამოთხეს”, “დარიკოს”. ამოიჩემეს ერთი და იგივე,  მეტს არაფერს აჩვენებენ.“ 

იზა ბუაჩიძე, 70 წლის, სკოლის ყოფილი დირექტორი:„გამოწერილი მაქვს ჩემი

ხარაგაული”, “ახალი ხარაგაული” სკოლას მისდის  და იქიდან მომაქვს ხოლმე. თავიდან,  არ მომწონდა “ახალი ხარაგაული”, სუსტ გაზეთად ვთვლიდი - მარტო სამთავრობო დადგენილებები ქვეყნდებოდა, არადა, ისეთი სახელი აქვს, ხარაგაულის შესახებ უნდა იყოს ყველაფერი. ადრე უფრო ხელმძღვანელობის მიმართ იწერებოდა მადლობები და ეს არ მომწონდა, რა საჭირო იყო  ეს?!.“ “ჩემ ხარაგაულში” მომწონს ჩანართები, იქიდან ადამიანის უფლებებისა და  ჯადანდაცვის შესახებ ვიგებთ, რაც აუცილებელია, რომ ვიცოდეთ.“  ტელევიზიებიდან “პირველი არხი” მომწონს. “რუსთავი 2”  და “იმედი”, სერიალებისა და თამაშების არხებია. საინფორმაციო გადაცემები აშკარად არაობიექტურია. საბჭოთა დროს ტელევიზიები იტყუებოდნენ:  აი, უკვე კომუნიზმში ვართო. ახლაც  იგივე ხდება -    მხოლოდ მთავრობის ქება-დიდება ისმის. არადა,  ქვეყანაში რამდენი რამე ხდება, ამაზეც  უნდა ყვებოდნენ.  მომაბეზრებლად დიდი რაოდენობით რეკლამა კიდევ  ცალკე თემაა, აღარ მინდა ხოლმე რაიმეს ყურება.“  

ნინო ბუაჩიძე, 49 წლის: „ორივე გაზეთი მაქვს გამოწერილი, ერთმენეთს ავსებენ - “ჩემი ხარაგაული” უფრო კრიტიკულია, ოპოზიციურ გაზეთად ითვლება და მისი დანიშნულებაც ეგ არის. “ახალი ხარაგაული” გამგეობის ცხოვრებას ასახავს.  ტელევიზიებში კი, შელამაზებული რეალობაა. ინფორმაციის დეფიციტს აშკარად ვგრძნობ, რადგან ხშირად მოვლენები სიმართლესთან შეუსაბამოდ შუქდება, ამას ახლობლებთან სატელეფონო საუბრებიდან ვიგებ, ისინი დედაქალაში ცხოვრობენ და ყვებიან -  რა და როგორ.“ 

თამარ მეიფარიანი, 60 წლის, სოფელ ისნარი:  “ძალიან  მომწონს „ახალი ხარაგაული”, უფრო თანამედროვედ აშუქებს - კარგი წერილები ქვეყნდება პოლიტიკაზე, რაიონის ცხოვრებაზე. ეს გაზეთი წერს იმაზე, რაც ხდება,  და რაც ვიცი, რომ სიმართლეა. ტელევიზიებიც მოგვწონს, სხვა არხები არ გვაქვს.  ვენდობით იმას,  რაც არის.“ 

დავით გაციტაძე, 60 წლის: “ჩემი ხარაგაული” უფრო ინფორმატიულია,  დეტალურად წერს,  სად რა ხდება. მაგალითად, ვიღაცის სიკვდილს ამ გაზეთიდან   ვიგებთ. ადრე “მაესტროს” ვუყურებდით, თეფშით ვიჭერდით, სანამ გაითიშებოდა. “რუსთავი 2”-ს  ეტყობა, რომ სააკაშვილის არხია. მხოლოდ იმას გადმოსცემენ, რაც სურთ.  მარტო გზის დაგებაზე ლაპარაკობენ.

ინგა მაღრაძე, 28 წლის, სოფელი ლეღვანი:  “ჩემი ხარაგაული” გვაქვს გამოწერილი, მაგრამ აგვიანებენ  ხოლმე მოწოდებას.  დღეს რომ კაცი გარდაიცვლება, ან ქორწილია, ორი თვის მერე ვიგებთ ამაზე, რადგან ორ თვეში ერთხელ მოდის ერთად დაგროვილი გაზეთები. სხვა ამბებს ტელევიზორიდან ვიგებთ. ზოგჯერ, ქარის და წვიმის დროს, სადენები ფუჭდება და ტელევიზიის გარეშე ვრჩებით.“ 

ნინო მაღრაძე, 30 წლის, დაბა ხარაგაული: „დამოუკიდებელ გაზეთს, “ჩემ ხარაგაულს” ვკითხულობ,  “ახალ ხარაგაულს” მხოლოდ მაშინ, როცა რამე ისეთი აქტი მაინტერესებს, რომელსაც “ჩემს ხარაგაულს” გამგეობა არ აწვდის. ძირითადად,  ინფორმაციას ამ გაზეთიდან ვიგებ. “ახალი ხარაგაული” თვითმმართველობის მიმართ არ არის კრიტიკული, ასახავს მხოლოდ პოზიტიურ ნაბიჯებს. ვფიქრობ, ეს უფრო საინფორმაციო ბიულეტენი უნდა იყოს, რადგან საკანონმდებლო აქტების განთავსებისთვის შეიქმნა და ბიუჯეტიდან ფინანსდება. დავაკვირდი, რომ საჯარო მოხელეები იძულებულები არიან იყიდონ ეს გაზეთი. ვსხვა ინფორმაციას სოციალური მედიიდან ვიღებ - ინტერნეტზე ხელი მიმიწვდება.“

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test