შემოგვიერთდი

15.03.2012 08:59

„სხვას რას ვუყუროთ?“ - ჩანაწერები თელავიდან

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
თელავი (photo: )

თელავში ჩემი მივლინება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრების ამ ქალაქში ვიზიტს ემთხვევა. პირველ დღეს ადგილობრივებთან შეხვედრა აქვთ დაგეგმილი.  ყველასათვის მოულოდნელად შეხვერდა გადაიდო - არავინ მოვიდა. მოსახლეობასთან გასაუბრება გადავწვიტე.

აქაურების უმრავლესობას  ჟურანალისტის ხსენება აფრთხობს. რამდენიმესთან დალაპარაკებას მაინც ვახერხებ. ამბობენ, რომ თელავში გადაცემებს ძირითადად ადგილობრივი საკაბელო კომპანია „გორდასა“ და სატელიტური თეფშების საშუალებით უყურებენ.  რეპონდენტების უმრავლესობა ასაკისა და სქესის განურჩევლად „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მაყურებელია. თუმცა, კითხვაზე, რამდენად ენდობიან ამ მაუწყებლებს, პასუხი არ აქვთ. „რა მნიშვნელობა აქვს ვენდობი თუ არა, მთავარია ვუყურებ, სხვას რას ვუყურო, რომ?“ - კითხულობს თინათინ დათაშვილი.

70 წლის აბესალომ ყალამაშვილი მაუწყბელობას ანტენიდან იღებს და მისი ტელევიზორი სულ სამ ქართულ არხს იჭერს „რუსთავი 2-ს“, „იმედსა“ და „პირველ არხს“. „სამივეგან ერთნაირ ამბებს უშვებენ, რატომ გადავრთო, ტელევიზორი გავაჩერე „რუსთავი 2“-ზე და სულ მას ვუყურებ. სერიალების მერე „კურიერი“ იწყება, მერე გასართობი გადაცემა იქნება რამე და ძილის დროც მოდის“, - მიხსნის ბატონი აბესალომი და იქვე ამატებს „რა ვიცი, ალბათ მართალს ამბობენ“.

საინფორმაციო გამოშვებას საერთოდ აღარ უყურებს  54 წლის ირმა დოლენჯაშვილი. ის „გორდას“ აბონენტია, რომელმაც საკუთარი პაკეტიდან „მაესტრო“ რამდენიმე წლის წინ ამოიღო.  „რასაც ვენდობოდი, ის გამითიშეს, დანარჩენები სულ ტყუილს ლაპარაკობენ, ჰოდა, აღარ ვუყურებ საინფორმაციოს“, - ამბობს ის.

თელავში ახალგაზრდა თაობა როგორც ჩანს, ტელევიზორს ნაკლებად უყურებს, ინტერნეტს კი გასართობად იყენებს.

„საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა და საინფორმაციო გამოშვებები. ძირითადად რუსული მუსიკალური არხები მაქვს ჩართული. არც გაზეთს ვკითხულობ, მხოლოდ ჟურნალ „რეიტინგს“ თუ გადავათვალიერებ“, - აღნიშნავს 23 წლის ელენა ოხანაშვილი და ამატებს, რომ ხანდახან  ადგილობრივი ტელეკომპანია „თანამგზავრსაც“ უყურებს. კიდევ რამდენიმე ადამიანი მხვდება, ვინც ამ  მაუწყებელის გადაცემებს თვალს ადევნებს. „თანამგზავრს“ „გორდას“ აბონენტები ვერ უყურებენ. ამ ორ კომპანიას შორის კონფლიქტი 6-7 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის მანძილზე „თანამგზავრი“ მისი პაკეტიდან ამოღებულია.  აგრეთვე არ აჩვენებს „მაესტროსა“ და „კავკასიას“. სამაგიეროდ, ქართული არხებიდან ნაციონალური მაუწყებლების ხილვის გარდა მის აბონენტებს შეუძლიათ უყურონ „რეალ ტივის“ , „მზეს“, „პირველ სტერეოს“, „აფხაზეთის ხმას“, „ერთსულოვნებას“, „ახალ არხს“ და  უცხოური მედიის 50-მდე ტელეკომპანიას. უჩვენებს საკუთარ არხსაც, სადაც ძირითადად თელავის ცენტრში დამაგრებული კამერით გადაღებული უწყვეტი  კადრები გადის ეთერში.

თელავში ადგილობრივი რადიოც აქვთ „ჩვენი რადიო“, რომლის შემოქმედებითი რედაქცია პარალელურად „ჩვენს გაზეთსაც“ უშვებს. ორივეს კი კომპანია „საქართველო XXI საუკუნე“ გამოსცემს. მისი დამფუძნებელი ნანა ქიბიშაური ამბობს, რომ ორივე მედიასაშუალების ფუნქციონირება დროებით შეწყვეტილია. მისი თქმით, რადიო ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა, გაზეთი კი ფინანსური პრობლემების გამო არ გამოიცემა. 

ამ ეტაპზე თელავსა და მიმდებარე სოფლებში „თანამგზავრის“ გარდა არც ერთი რაიონული გამოცემა თუ მაუწყებელი არ ფუნქციონირებს.

პრესას ვეძებ. შაბათ-კვირას გაზეთების ყიდვა თელავში შეუძლებელია. ყველა ჯიხური დაკეტილია. აქ „საქპრესისა“ და „ლატარიის კომპანიის“ ჯიხურები დგას. ორშაბათს ერთი საქპრესის ჯიხური გაიხსნა, რამდენიმე კი კვლავ დაკეტილია. ახლოს მდებარე მაღაზიის კონსულტანტი მეუბნება, რომ ჯიხურების დახურვის მიზეზი ცივი ამინდია. „რომ გამოთბება, გახსნიან“, -მაიმედებს.

ყველა ჯიხური ცენტრალურ ერეკლე მეორის ქუჩაზე, ან ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა. სხვა ქუჩებზე პრესა არ ჩანს. ბაზრის შესასვლელთანაა „კვირის პალიტრის“ სტელაჟიც. გამყიდველის თქმით, ძირითადად „ალია“, „ქრონიკა“ და „კვირის პალიტრა“ იყიდება. ამ გამოცემებს ასახელებს ყველაზე მოთხოვნად გაზეთებს შორის „საქპრესის“ ჯიხურში მომუშავე თინათინ ნატროშვილიც.

აპრილის პირველ რიცხვებში გაზეთი „კახეთის ხმა“ გურჯაანიდან თელავში გადმოდის და პრესკაფეს ხსნის. "კახეთის ხმის" გამომცემელ მაია მამულაშვილს იმედი აქვს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში დისტრიბუციას გააუმჯობესებს.

„აქ მოსახლეობა უფრო მეტია, ინფორმაციაც. თანაც რეგიონული გამოცემა არ აქვთ. ვფიქრობ, ამ ნიშას დავიკავებ. გურჯაანში ერთი კორესპონდენტი რჩება“, - ამბობს მაია მამულაშვილი

თელავიდან ხუთი წუთის სავალზეა სოფელი კურდღელაური. სამარშუტო ტაქსში ასვლისთანავე თვალში მხვდება ხელით ნაწერი წარწერა, სადაც კურდღელაურის ადმინისტრაცია ორ დღეში მცხოვრებლებს სოფლის კლუბში სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე სასაუბროდ იწვევს. მგზავრობისას მთავარი განსახილველი თემაც სწორედ ესაა. გზის შეკეთება სურთ. საუბრის თემას მე ვუცვლი და მედიაზე ვეკითხები. მეუბნებიან, რომ „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ უყურებენ. არგუმენტი იგივე: „სხვას რას ვუყურო, აბა? სხვა ქართულ არხებს ესენი სჯობს ისევ“. ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს ძებნა არ უცდიათ. კურდღელაულელებიც „გორდას“ აბონენტები არიან.

თვითრეგულირების ორგანოზე, ეთიკის ქარტიაზე ვუყვები. არაფერი იციან. „რომ მცოდნოდა მაინც არ შევიტანდი. რა, გამოსწორდებიან, თუ რა?“ - მეკითხება 50 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელიც ვინაობას გამხელაზე დანარჩენებივით მტკიცე უარით მპასუხობს.

მათი თქმით, რადიოს არ უსმენენ. პრესა კი სოფელში  არ ჩამოდის. თუ ვინმეს გაზეთის ყიდვა მოუნდება, თელავში უნდა წავიდეს.

მეორე დღეს ქარტიის სხდომას მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრება. ასეთ დაბალ აქტიურობას საბჭოს წევრები არ ელოდნენ.

იყალთოში მივდივარ. ამ საკმაოდ დიდ სოფელში პრესა მხოლოდ გზისპირას მგდარ ერთ მაღაზიაში იყიდება. გამყიდველი ნაირა წუხს, რომ გაზეთები არავის აინტერესებს. აქაურები ტელევიზორს ანტენის საშუალებით უყურებენ - სამ ნაციონალურ არხს იჭერს მხოლოდ.

რამდენიმეს ახმეტის საკაბელო აქვს ჩართული, უფრო ცოტას სატელიტური თეფში აქვს. აქაც „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ უყურებენ. „რასაც ტელევიზორში ამბობენ, მჯერა,“ - ამბობს ნონა კრიალაშვილი, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაში მუშაობს. სწორედ აქ არის იყალთოელების მთავარი თავშეყრის ადგილი, ახალ ამბებსაც ერთმანეთისგან უფრო ხშირად იგებენ, ვიდრე მედიიდან.

„რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მაყურებლებია წინანდლელების უმრავლესობაც. „მართალია სულ მკვლელობაზე, დაჭრასა და მიშას ვიზიტებზე ლაპარაკობენ, მაგრამ უკეთესი გადაცემები სად ვნახო? ვენახიდან დაღლილი რომ მოვდივარ, წამოვწვები ჩავრთავ ტელევიზორს და „კურიერს“ ვუყურებ“, - ამბობს იმერლიშვილი შოთა.

რადიოს არც აქ უსმენენ. ინტერნეტი კი მხოლოდ საკომუნიკაციო კომპანიების მოდემების საშუალებით აქვთ. „გორდა“ აქაც ვრცელდება. შედარებით ნაკლები აბონენტი ჰყავს. „ათი ლარია თვეში გადასახდელი და იგივე ქართული არხებია, რასაც ანტენითაც ვიჭერ. ფული რისთვის ვიხადო. ის უცხოური არხები არ მაინტერესებს“, - მეუბნება პაპა ზაქრო (ასე დაწერეო) და ამატებს, რომ ინფორმაცია გაზეთებში უფრო ხარისხიანია და მისი კითხვა ურჩევია. მეტი დამაჯერებლობისთვის ჯიბიდან „ასავალ-დასავალს“ იღებს. იმ დღის ნომერია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test