შემოგვიერთდი

12.03.2012 08:46

„ლიახვის ხეობა“ - ჟურნალი დევნილებისთვის

მაია წიკლაური
ახლო ხედით
Magazine

მცირე პაუზის შემდეგ ჟურნალი „ლიახვის ხეობა“ მკითხველს ისევ დაუბრუნდა. მარტში მიმდინარე წლის პირველი ნომერი გამოვიდა. რამდენიმე თვიანი პაუზა, სარედაქციო რეორგანიზაციით იყო გამოწვეული. განახლებული ნომრის გამოშვება ჟურნალის თანამშრომლებმა მკითხველებთან შეხვედრით აღნიშნეს. შეხვედრა ერთერთი ჩასახლების დარბაზში მარტის პირველ რიცხვებში გაიმართა.

ჟურნალი ძირითადად იძულებით გადაადგილებული პირებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ შეხვედრაზე დევნილები ჭარბობდნენ. ჟურნალის წარმომადგენლებმა მკითხველებს იმ სიახლეების შესახებ უამბეს, რაც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. თავის მხრივ, მკითხველებმა ჟურნალისტებს შენიშვნები და სურვილები გაუზიარეს.

შეკრებილმა საზოგადოებამ ჟურნალის რუბრიკებზე გაამახვილა ყურადღება. გადაწყდა, რომ ყველა ნომერში ლიახვის ხეობის ოკუპირებული სოფლების ისტორიები დაიბეჭდება. სპეციალურ რუბრიკაში განთავსდება რელიგიური თემები. ჟურნალის ფურცლები იძულებით გადაადგილებული პირების შემოქმედებასაც დაეთმობა. საბავშვო განყოფილებას ცალკე გვერდი დაეთმობა. იყო წინადადება, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგის ფორმატში გამართული შეხვედრების გაშუქებას. ასეთ შეხვედრებს ადგილობრივი ჟურნალისტებიც ესწრებიან ხოლმე. 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალის წინამორბედი გაზეთი „ხეობის მაცნე“ ლიახვის ხეობაში აგვისტოს ომამდე გამოდიოდა. შემდეგ ამ გაზეთმა დევნილობაში გააგრძელა არსებობა, მოგვიანებით კი გადაწყდა რომ მის ბაზაზე ჟურნალი „ლიახვის ხეობა“ შექმნილიყო. ამჟამად გამოცემას ქურთის მუნიციპალიტეტი წელიწადში 48 ათასი ლარით აფინანსებს. 40 გვერდიანი ჟურნალი თვეში ერთხელ გამოიცემა. სულ 1800 ეგზემპლარი გამოდის და უფასოდ ვრცელდება. თუმცა, როგორც იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აღნიშნეს, აუცილებელია ტირაჟის გაზრდა, რათა ჟურნალმა ყველა ოჯახში შეაღწიოს.

დევნილთა რამდენიმე ჩასახლებაში რედაქციის თანამშრომლებმა სპეციალური ყუთები დადგეს. ამ ყუთების მეშვეობით მკითხველებს ჟურნალის რედაქციაში წერილების, შენიშვნებისა და სურვილების გაგზავნა შეუძლიათ. ჟურნალის რედაქტორი, ნინო ჩიბჩიური Media.Ge–სთან საუბარში აცხადებს, რომ ჟურნალის მთავარი დანიშნულება დევნილთა საჭირბოროტო საკითხების და დასახლებებში მიმდინარე პროცესების გაშუქებაა. მისი თქმით, საინფორმაციო ყუთების მეშვეობით დევნილებს საკუთარი პრობლემების შესახებ წერილების გამოგზავნა ვინაობის გამხელის გარეშე შეუძლიათ. ამ ინფორმაციას კი შემდეგ ჟურნალისტები გადაამოწმებენ.

შეხვედრის ბოლოს რედაქციის თანამშრომლებმა აქტიური მკითხველები, სპეციალური სიგელებით დააჯილდოეს. იძულებით გადაადგილებული პირები ახალი ნომრების გამოსვლას ყოველი თვის 5 რიცხვში დაელოდებიან. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test