შემოგვიერთდი

16.02.2012 11:29

სააგენტო „პირველი“ - „მეცხრე არხის“ (შ.პ.ს. „იგრიკა“) თანამშრომლების შესახებ

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ცნობით, ჟურნალისტ გოგი ახალკაცს ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ საკუთარი გადაცემა ექნება. მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გოჩა ხუნდაძის თქმით, ახლკაცის თოქ-შოუ ეთერში ყოველ სამუშაო დღეს  მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა. წამყვანი სტუმართან ერთად სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებს. გადაცემა 40 წუთიდან 1 საათამდე გასტანს.

გოჩა ხუნდაძე სააგენტოსთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ წაიყვანს მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.

„ამჟამად წამყვანების შესარჩევი სინჯები მიმდინარეობს და მათი ვინაობა სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს გახდება ცნობილი“, - თქვა ხუნდაძემ და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „მეცხრე არხის“ საინფორმაციო გამოშვებას „პირველი არხის“ ჟურნალისტი ვახო სანაია და „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ყოფილი წამყვანი ნათია ლაზაშვილი გაუძღვებიან. „თავად ლაზაშვილი ამ ეტაპზე მხოლოდ "მე-9 არხთან" მოლაპარაკებების მიმდინარეობას ადასტურებს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოჩა ხუნდაძე „პირველს“ მხოლოდ იმას უდასტურებს, რომ „მეცხრე არხში" ჟურნალისტი გიორგი ცქვიტავა, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების" უკვე ყოფილი ჟურნალისტი თიკა წერეთელი და პროექტ „დუბლიორის" სკოლაგამოვლილი ახალგაზრდები იმუშავებენ.

ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ (შპს. „იგრიკა“) მაუწყებლობის დაწყებას მარტიდან გეგმავს.

შპს „იგრიკა“ 2012 წლის იანვარში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის კუთვნილმა კომპანია „აქცეპტმა“ შეიძინა.  „იგრიკა“, რომელიც სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს, მანამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორს, ილია კიკაბიძეს ეკუთვნოდა.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test