შემოგვიერთდი

16.02.2012 07:30

რადიო „ჰერეთი“ კახეთსა და საინგილოში

მაია წიკლაური
ახლო ხედით
რადიო

ლაგოდეხში ადგილობრივი რადიო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიებში „ჰერეთი“ ბოლო ხმაზეა ჩართული. რადიო 1998 წელს მეგობრებმა რამაზ სამხარაძემ, დავით მაღრაძემ, მაკა ჩახვაშვილმა და ალექსანდრე ალიმბარაშვილმა დააფუძნეს.

„ოთხმა მეგობარმა, მშობლების მოცემული 4500 დოლარით  გადავწყვიტეთ,  რადიო გაგვეკეთებინა. რადიო იმიტომ, რომ უმეტეს ჩვენგანს რადიოში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა“, - იხსენებს რადიო „ჰერეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე.

„ჰერეთს“ ამჟამად ორი მფლობელი ჰყავს. 75 პროცენტი რამაზ სამხარაძეს ეკუთვნის, ხოლო 25 პროცენტი - დავით მაღრაძეს. დანარჩენმა მფლობელებმა რამაზ სამხარაძის თქმით, სხვა საქმიანობას მიჰყვეს ხელი.

რადიო „ჰერეთის“ სიგნალი მთელ კახეთსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (საინგილოს რეგიონი) ვრცელდება.

„ადამიანები მოდიოდნენ და ოფისს ათვალიერებდნენ, აინტერესებდათ, როგორ ხდებოდა ყველაფერი. დაცვა ნასვამ ხალხს  იგერიებდა, რომლებიც  შენობაში მოდიოდნენ და სიმღერების ეთერში გაშვებას ითხოვდნენ“, - იხსენებს რამაზი.

მაშინ რადიოს ეთერში ახალი ამბების გამოშვება ყოველ  2 საათში ერთხელ გადიოდა. გადაცემას გაზეთების დახმარებით აკეთებდნენ. ერთი კორესპონდენტი კი ლაგოდეხიდან ადგილობრივ ამბებს ამზადებდა.

„ეს არაპროფესიონალურად გაკეთებული ახალი ამბები იყო. მაშინ თანამშრომლები რომ მოგვეძიებინა, ამის  საშუალებაც არ გვქონდა“, - ამბობს სამხარაძე.

„ახალი ამბების პროფესიულად კეთება” 2002 წლიდან დაიწყეს, როცა ჰერეთს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ 28 ათასი აშშ დოლარი გამოუყო გრანტის სახით. გრანტის ფარგლებში „ჰერეთმა“ ტექნიკა შეიძინა  და ახალი კადრები მოიძია.  რადიოკომპანიამ პირველი კონტრაქტი სააგენტო „პრაიმ ნიუსთან“ დადო, რომლის მასალებიც ფაქსით მისდიოდათ. გრანტის ფარგლებში ჰერეთმა რადიო გამოძიებების სერია შექმნა.

„გადაცემა „ბარიერი“ გავაკეთეთ, რომელიც იმ პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა და გამოხმაურებაც მოჰყვა. ჩვენმა ჟურნალისტებმა დიდ ზეწოლას გაუძლეს. მათ უშიშროების მანქანებიც დასდევდა. რეკავდნენ და გვემუქრებოდნენ. თუმცა, ამას არ შევუშინებივართ“, - ამბობს რამაზი.

ამჟამად „ჰერეთი“ 24 საათი მაუწყებლობს. რადიოში 3 ჟურნალისტი მუშაობს, ორი ლაგოდეხში და ერთი თელავში.

„ჰერეთის“ ეთერში საათში ერთხელ საინფორმაციო გამოშვება გადის ქართულ ენაზე. პირველი ბლოკი ადგილობრივ ინფორმაციას ეთმობა.

„ჩვენი ჟურნალისტები  ინფორმაციას სისტემატურად კახეთის სხვადასხვა რაიონში მოიპოვებენ“, - გვიხსნის „ჰერეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ალადაშვილი.

„ჰერეთი“  IREX G-Media -ს ფარგლებში დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ამზადებს, რომლის ქრონომეტრაჟი 15-20 წუთია.

ალადაშვილის თქმით, ადრე „ჰერეთის“ ეთერში  ახალი ამბები რუსულ და აზერბაიჯანულ ენაზე გადიოდა, თუმცა პროექტი დასრულდა. რადიოს  პროექტის გაგრძელების ფინანსური რესურსი აღარ ჰქონდა.  

2008 წელს „ჰერეთმა“ პროექტი „ მე საქართველოს მოქალაქე ვარ“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ახალ ამბებს აზერბაიჯანულ ენაზე გადასცემდნენ და მსმენელს ქართულ ენას ასწავლიდნენ.

რადიო ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის ინტერესებს სხვა შემთხვევებშიც ითვალისწინებს. რამაზ სამხარაძის თქმით, ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა განსაკუთრებით  გასართობი გადაცემებისას აქტიურობს - „ყაბალიდან და ყარაჯალიდან ეთერში სიმღერის გაშვების თხოვნით შეტყობინებები მოგვდის. რეიტინგის გამო რუსული სიმღერა არ ჩავხსენით და საათში ერთხელ გადის“.

„ჰერეთში“ ხშირია ადგილობრივი მოსახლეობის ზარები, რომლებიც ჟურნალისტებს დასახმარებლად ხშირად მიმართავენ. გიორგი ალადაშვილი ამის დასტურად ერთ-ერთ წერილსაც მაჩვენებს.

IREX -ის  პროექტ G-Media-ს ფარგლებში „ჰერეთი“ თოქ-შოუ „ხმას“ ამზადებს.  ალადაშვილის თქმით, გადაცემის არსი ისაა, რომ მასში რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩაერთოს.

„თითოეულ გადაცემაში 10-15 ადამიანი ერთვება და მოწვეული სტუმარი მათ კითხვებს პასუხობს. სტუმრად ხშირად გვყავს გამგებელი, მისი მოადგილე  და საკრებულოს თავმჯდომარე. ეთერს ვუთმობთ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც“, - ამბობს ალადაშვილი.

„ჰერეთის“ ეთერში  რადიო „თავისუფლების“ გადაცემებიც გადის.

ჟურნალისტ ეკა კობახიძის თქმით, მოსახლეობა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

„ხშირ შემთხვევაში პირველი იმას გვთხოვენ,  რომ მათი ვინაობა დავმალოთ. ყოფილა შემთხვევა, რესპონდენტისათვის ხმაც კი შეგვიცვლია“, - ამბობს კობახიძე.

რამაზ სამხარაძის თქმით, ფარული ზეწოლა  მოსახლეობაზე დღემდე გრძელდება.

„როდესაც ჩვენი ჟურნალისტი სოფელში რეპორტაჟის მოსამზადებლად მიდის, ჩართვის დროს იქ  თვითმმართველობის წარმომადგენლები  ჩნდებიან, მოსახლეობამ ხმა რომ არ ამოიღოს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობას ეუბნებიან „ჰერეთს“ ინტერვიუ არ მისცენ. იყო შემთხვევა - ერთი გადაცემა ჩაგვივარდა, რადგან მოსახლეობა საერთოდ არ გამოვიდა“, - ამბობს სამხარაძე.

რადიოს ხელმძღვანელების თქმით „ჰერეთის“ შემოსავლის 80 პროცენტს რეკლამა შეადგენს, ხოლო გრანტზე 20 პროცენტი მოდის. რეკლამის დამკვეთებს შორისაა - საბანკო სექტორი, ინტერნეტპროვაიდერები და მობილური კომპანიები, ასევე ადგილობრივი მცირე ბიზნესი.

რამაზ სამხარაძე თბილისის აუდიტორიის ათვისებაზეა ორიენტირებული.

„ჰერეთი“ ახალ ამბებს საკუთარ საიტზე ათავსებს. ვებ-გვერდზევეა შესაძლებელი პირდაპირი ეთერის მოსმენაც. კომპანიას სპეციალური აპლიკაცია apple-ის პროდუქციისათვის აქვს შექმნილი და  მსურველებს რადიოს მოსმენა  iphone-სა და ipod-ებშიც შეუძლია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test