შემოგვიერთდი

14.02.2012 15:37

ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის მოლოდინში

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა
მრგვალი მაგიდა ციფრული მაუწყებლობის შესახებ (photo: )

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავების ვადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კიდევ ერთხელ, 2012 წლის დეკემბრამდე გადასწია. ამის შესახებ  სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯემალ ვაშაკიძემ 14 თებერვალს გამართული მრგვალი მაგიდის დროს  განაცხადა. შეხვედრა, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, IREX-ის ორგანიზებით გაიმართა.

ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირისა (ITU) და ევროკავშირის (EU)  გადაწყვეტილებით ახლა არსებული ანალოგური მაუწყებლობა უნდა გამოირთოს და ევროპის ქვეყნები 2015 წლისთვის ციფრულ მაუწყბლობაზე უნდა გადავიდნენ. ეს საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელსაც ხელი საქართველომ 2006 წელს ჟენევაში  მოაწერა.

ციფრულ მაუწყებლობაზე რა სტანდარტით და მოდელით უნდა გადავიდეს სახელმწიფო, ამის განსაზღვრა ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. ამ უწყების დაპირებით, სტრატეგია ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში უნდა ყოფილიყო მზად. შემდეგ ეს ვადა დეკემბრამდე გადაწიეს. 2011 წლის 8 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე კი ითქვა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია ინფოკომუნიკაციების პოლიტიკასთან ერთად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით შემუშავდებოდა და მზად 2012 წლის მარტში იქნებოდა.

 „ასეთი დაპირება არ ყოფილა, ასე მოკლე ვადაში როგორ შევიმუშავებდით, სავარაუდოდ წლის ბოლოს გვექნება ჩონჩხი, საბოლოო დოკუმენტი ისიც არ იქნება“, - უთხრა Media.Ge-ს ჯემალ ვაშაკიძემ 14 თებერვალს გამართული მრგავლი მაგიდის დასრულების შემდეგ.

ერთადერთი, რაშიც ყველა დაინტერესებული მხარე თანხმდება, ისაა, რომ საქართველო DVB - T2 (Digital Video Broadcasting – Terrestrial second generation) სტანდარტზე უნდა გადავიდეს. ეს მეორე თაობაა იმ სტანდარტისა, რომელიც  ევროპაში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას ყველაზე ხშირად გამოიყენება.

მრგვალი მაგიდის მონაწილენი  შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სტრატეგიის შემუშავებაზე იმუშავებს. ჯგუფში ამ თემით დაინტერესებული მხარეები შევლენ.

„ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრის აპარატიც და განსაზღვრავს, როგორი იქნება სამუშაო ჯგუფი“, - განაცხადა შეხვედრისას თამარ კინწურაშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.

სტრატეგიის შემუშავებმადე კი ცვლილებებს მაუწყებლები ვერ გეგმავენ. ამ პროცესის შესახებ არაინფორმირებულია საზოგადოებაც.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, აუცილებელია დოკუმენტი მალე შემუშავდეს, განისაზღვროს, როგორ გადადის ქვეყანა  ციფრულ მაუწყებლობაზე იმისათვის, რომ  მაუწყებლებმა ფინანსური პროექტები დაგეგმონ და კონკრეტული ინვესტიციების მოზიდვაზე იფიქრონ. ჯემალ ვაშაკიძის განმარტებით,  სტრატეგიის შემუშავება იმიტომ გაჭიანურდა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა რთული პროცესია და ამ საკითხზე კომუნიკაციების სხვა სფეროებთან კოორდინირებულად უნდა იმუშაონ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ქუმსიაშვილმა, აქცენტი მულტიპლექსების გამართვაზე გააკეთა.  მულტიპლექსი  არის ერთი სიხშირული ზოლი, რომელიც  რამდენიმე ციფრულ არხს ატარებს.  მისი ფუნქიცაა გარკვეული პროგრამების, ან მომსახურების დაშვება სიხშირული ზოლის ფარგლებში. მულტიპლექსის ოპერატორი  შეიძლება გახდეს ნებისმიერი ტელეკომპანია, ან უბრალოდ კომპანია. ქუმსიაშვილის თქმით, კერძო ტელეკომპანიებს არ აქვთ შესაბამისი თანხები, რომ მულტიპლექსი თვითონ გამართონ.

„ამ პროცესში აუცილებელია სახელმწიფოს თანამონაწილეობა და გარკვეული შეღავათების დაწესება“, - აღნიშნა გიორგი ქუმსიაშვილმა. მისი თქმით, ერთი მულტიპლექსის აგება დაახლოებით 9-დან 12 მილიონ დოლარამდე ჯდება. მას შეეძლება ერთ სამაუწყებლო ზონაში გაატაროს 7-8 სტანდარტული არხი, ან სამი მაღალი გარჩევადობის (HD) არხი. საერთო ჯამში ქვეყანაში საშუალოდ 7 მულტიპლექსის აგებაა შესაძლებელი.

შეღავათების აუცილებლობაზე ისაუბრა „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა. მისი თქმით, აუცილებელია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, მოსახლეობის რა კატეგორიას მოუწევს ტელევიზორის გამოცვლა, თუ დამატებითი მოწყობილობის, ე.წ. Set top box -ების შეძენა. მანვე ყურადღება გაამახვილა „must carry”-ს პრინციპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მულტიპლექს ოპერატორს სახელმწიფოსგან ქსელში ყველა ტელევიზიის  ჩართვის ვალდებულება უნდა ჰქონდეს.

„ეს საჭიროა იმისათვის, რომ ტელეკომპანიის ეთერში გაშვება ოპერატორის ნება-სურვილსა და შეხედულებებზე არ იყოს დამოკიდებული“, - აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა. მისი თქმით, რეგიონულ ტელეკომპანიებს პრობლემებს უქმნით სამაუწყებლო ზონებიც.

არსებული 24 ზონის ნაცვლად ITU-ს მიერ საქართველო ათ სამაუწყებლო ზონად დაიყო. კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ზონის მოსახლეობის 90 პროცენტი დაფაროს. ახალი განაწილებით, ერთ ზონაშია მოხვედრილი მაგალითად, თბილისი, თელავი და რუსთავი, რაც მოქმედი რეგულაციით ნიშნავს იმას, რომ თელავის ტელეკომპანიამ თბილისი უნდა დაფაროს. ეს კი დიდ ფინანსებს მოითხოვს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ნოდარ ასპანიძეც ამბობს, რომ ზონებად დაყოფის პროცესში არ არის გათვალისწინებული გეოგრაფიული რელიეფი და ადმინისტრაციული საზღვრები.

„ასეთი ზონების გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია“, - უთხრა Media.Ge-ს ნოდარ ასპანიძემ და დასძინა, რომ ITU-სთან მოლაპარაკებებისას აქცენტი სატელევიზიო არხების განაწილებაზე გაკეთდა და ზონებად დაყოფა ავტომატურად მოხდა. საზღვრების შეცვლა ახლა უკვე პრაქტიკულად გამორიცხულია, ვინაიდან ზონებად საქართველოსთან ერთად მისი მეზობელი ქვეყნებიც დაიყო და მათთან შეთანხმების გარეშე ზონების ცვლილება ვერ მოხდება.

„კომისია შეეცდება და დააგეგმარებს სიხშირულ სპექტრს ისე, რომ საზღვრისპირა რეგიონებში არსებული გადამცემები ITU-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს, მაგრამ ქვეყნის შიგნით ვეცდებით ზონალური დაფარვისას მაუწყებლების ინტერესები გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა ნოდარ ასპანიძემ. მისი თქმით, მაუწყებლებს მოუწევთ თუ არა ზონის 90%-ის დაფარვა დამოკიდებულია რა სტრატეგია იქნება, როგორი ლიცენზიები გაიცემა, ვის ექნება მულტიპლექსის გამართვის უფლება და ბევრ სხვა რეგულაციაზე, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას  საკანონმდებლო ცვილებებზე ისაუბრა  მედიასამართლის ექსპერტმა სანდრო ბარამიძემ.  ჯერჯერობით გაურკვეველია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემასთან ერთად, მაუწყებელს ავტომატურად მიენიჭება თუ არა სიხშირე.

„ეს პრობლემაა, ვინაიდან თუ ანალოგური მაუწყებლობისას ერთ სიხშირეზე ერთი მაუწყებელი ოპერირებდა, ახლა ერთზე შესაძლებელი იქნება რამდენიმეს გატარება. აქ ჩნდება კითხვა, როგორ დარეგულირდება სიხშირეების საკითხი“, - აღნიშნა ბარამიძემ.

მოსახლეობის კუთხით მთავარი ცვილილება იმ ტელემაყურებელს ელის, ვინც მაუწყებლობას ანტენიდან იღებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლის, ნოდარ ასპანიშვილის ცნობით, ასეთი ტელემაყურებელთა შორის 56 პროცენტია. მათ სიგნალის მისაღებად დამატებითი მოწყობილობა - Set top box სჭირდებათ. მოახდენს თუ არა სახელმწოფო ამ მიმართულებით სუბსიდირებას, ესეც სტრატეგიის შემუშავების შემდეგ გადაწყდება

მოსახლეობის იმ ნაწილისთვის კი, რომელიც საკაბელო ოპერატორების მომსახურებით, ინტერნეტ ტელევიზიით სარგებლობს, ან გადაცემებს სატელიტის საშუალებით იჭერს, არაფერი იცვლება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test