შემოგვიერთდი

14.02.2012 06:57

გაზეთი „ქართლოსი“ - ქართველებისთვის და ოსებისთვის

მაია წიკლაური
ახლო ხედით
Kartlosi newspaper (Gori) (photo: )

ორენოვან გაზეთ „ქართლოსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ უშვებს. გაზეთში ქართველი და ოსი ჟურნალისტების სტატიები იბეჭდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეგი ბიბილური ამბობს, რომ გამოცემა გორის რაიონის გარდა ცხინვალშიც ვრცელდება. გაზეთის რუსულენოვანი ვარიანტი ახალგორის გავლით დეფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში აღწევს. გაზეთის მთავარი მიზანია,  კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები ცხინვალსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას გაეცნონ.

ოსი ჟურნალისტები გაზეთში თანამშრომლობას ფსევდონიმების გამოყენებით დასთანხმდნენ, რადგან არ იციან როგორ  მიიღებს სამხრეთ ოსეთში ამ გაზეთს საზოგადოება და ხელისუფლება. ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა კი შესაძლოა მავანს არ მოეწონოს და ეს ჟურნალისტები მოღალატეებად გამოაცხადონ. ამის მწარე გამოცდილება ოს ჟურნალისტებს უკვე დაუგროვდათ, როცა ადგილობრივი გაზეთის 21–ე საუკუნის რედაქტორი, თემურ ცხოვრებოვი ცხინვალში ჯერ მოღალატედ გამოაცხადეს, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში ყველას დასანახად სასტიკად სცემეს. მაშინ მის ცემაში მონაწილეობას დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებიც იღებდნენ და ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ცხოვრებოვი საზღვარგარეთ ქართველ კოლეგებს შეხვდა. აქედან გამომდინარე, გასაგებია რატომ იჩენენ სიფრთხილეს ოსი ჟურნალისტები. 

„ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური აცხადებს, რომ გამოცემა პოლიტიკური ამბების გაშუქებისგან თავს შეიკავებს და ძირითადად რიგითი ადამიანების ცხოვრებას გააშუქებს. ყურადღება ქართულ–ოსურ ნათესაურ კავშირებს და ამ კავშირების აღდგენას მიექცევა. გარდა ამისა, გაზეთში ქართულ-ოსური თანადგომის პოზიტიური ისტორიებიც შევა, რომელსაც ორგანიზაცია მალე წიგნად გამოსცემს სახელწოდებით "ომის სხვა სახე". გაზეთი ასევე გააშუქებს ქართულ–ოსური დიალოგის ფორმატში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრებს და იმ შედეგებს, რაც ამგვარ შეხვედრებს მოჰყვება.

გაზეთი ქართულ და რუსულ ენებზე თვეში ორჯერ გამოვა. ტირაჟი 1000 ეგზემპლარი იქნება. გაზეთი შიდა ქართლის გარდა იმ რეგიონებშიც გავრცელდება, სადაც ეთნიკური ოსები და შერეული ოჯახები კომპაქტურად ცხოვრობენ. გაზეთის ელექტრონული ვარიანტი ორგანიზაციის ვებგვერდზეც განთავსდება.  

„ქართლოსის“ ჟურნალისტი ცხინვალიდან სკიფ ცარაზონტეა. ეს არის ფსევდონიმი. (ოსები თავს სკვითების შთამომავლებად მიიჩნევენ, ცარაზონი კი მათი სამეფო გვარია) ეს ავტორი გაზეთის პირველ ნომერში წერს: 

„უკვე 20 წელია, რაც მოქალქეები, მიუხედავად ეროვნებისა,  ერთმანეთს მილივით დახვეული გაზეთებიდან უყურებენ, სადაც ყოველი სტატია სიძულვილის ენითაა დაწერილი. სიტყვა „ჟურნალისტიკა“ კარგავს თავის თავდაპირველ მნიშვნელობას. ხშირად ჟურნალისტები ვიღაცის ან რაღაცის ინტერესებს ემსახურებიან. მათ მსოფლმხედველობას განსაზღვრავს ის, თუ რომელ გამოცემაში მუშაობენ. ჩემი აზრით, მოცემული გაზეთი პირველი ბეჭდური გამოცემაა, სადაც ოსების და ქართველების პრობლემები განხილული იქნება თანაბრად და არა როგორც საბჭოთა პერიოდში, პირველ რიგში ქართველების პრობლემები და მერე ყველა დანარჩენის.  ვფიქრობ, ჩვენ ვცხოვრობთ ცვლილებების ეპოქაში და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი შეგნებაც შეიცვლება და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, შეიცვლება ის კარგისკენ(შემოქმედებისკენ) თუ პირიქით“, – წერს ცარაზონტე.

სკიფ ცარაზონტეს Media.Ge-ი დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში მან  აღნიშნა, რომ გაზეთი საკუთარ ნიშას აუცილებლად იპოვის და ადგილს დაიმკვიდრებს. მისი თქმით, გამოცემას სამხრეთ ოსეთიდან ინფორმაციის მიიღების შესაძლებლობა ექნება და ეს იმ მკითხველებისთვის, ვისაც ინტერნეტი ჯერ არ აქვს, ინფორმაციის საუკეთესო წყარო იქნება. თან ეს იქნება სხვადასხვა მხარეს შეგროვილი ინფორმაციის წყარო.

„როგორ მიიღებს საზოგადოება ცხინვალში ამ გაზეთს, პროგნოზირება რთულია, რეაქცია დადებითი იქნება, თუ უარყოფითი - ამის თქმა გამიჭირდება. მაგრამ ალბათ მოსაზღვრე სოფლებში უფრო პოპულარული იქნება“, - აღნიშნა Media.Ge-სთან საუბარში სკიფ ცარაზონტემ.

“ქართლოსის” ორი ნომერი უკვე გამოვიდა. გაზეთს მხარს ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM)–ი უჭერს მხარს.  COBERM-ს ევროკავშირი აფინანსებს  და ადმინისტრირებას გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა უწევს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test