შემოგვიერთდი

10.02.2012 09:47

LTV - ტელეკომპანია ერთი ჟურნალისტით

მაია წიკლაური
ახლო ხედით
LTV - ახალი ამბების სტუდია (photo: )

ტელეკომპანია LTV-ს ლაგოდეხში სამსართულიანი შენობის მესამე სართული და რამდენიმე ოთახი უჭირავს. მოძველებული ტექნიკითა და 4 ვიდეოკამერით ტელეკომპანია 18 საათიანი საეთერო დროის შევსებას ახერხებს.

„ტელეკომპანია 1997 წელს მოსახლეობის მოთხოვნით შევქმენით,  რადგან ცენტრალური ტელევიზიები აქ მიმდინარე მოვლენებს არ აშუქებდნენ და რაიონში ინფორმაციული ვაკუუმი იყო.

მაშინ მხოლოდ 2 ვიდეომაგნიტოფონი და ერთი კამერა გვქონდა. ასე ვამონტაჟებდით მასალებს  რამდენიმე წლის განმავლობაში“,  - იხსენებს ტელეკომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლალი ხუბულავა.

ამჟამად, ტელეკომპანიას საკუთარი ანძა აქვს და მისი მაუწყებლობა საგარეჯოს გამოკლებით, კახეთის ყველა რაიონში ვრცელდება. ტელეკომპანია საინგილოს ტერიტორიასაც ფარავს. 

ტელეკომპანიის ეთერში დღეში სამჯერ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ გადის (ქართულ ენაზე). „ქრონიკის“ ყურადღების ცენტრში  ადგილობრივის გარდა საერთაშორისო ამბებიც ექცევა.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა არა ამრტო რაიონში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ფლობდეს ინფორმაციას“, - ამბობს ხუბულავა.

კვირის ბოლოს ეთერში კვირის მთავარი თემების შემაჯამებელი დაიჯესტი გადის.  კვირა საღამო გადაცემა „რეალურ ამბებს ეთმობა“, რომელიც შოუ ბიზნესის ამბებს, დაუჯერებელ ფაქტებს ეხება. „რეალურ ამბებს“ ლალი  ხუბულავა ამზადებს.

ტელევიზიაში სულ 15 ადამიანი მუშაობს, აქედან ჟურნალისტი მხოლოდ ერთია. სოფო სარალიძე  LTV-ში 6 წელია, რაც მუშაობს. სოფო საინფორმაციო გამოშვებებთან ერთად ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „სტუდია დიალოგსაც“ ამზადებს, რომლის წამყვანიც თავადაა. თოქ–შოუ პირდაპირ ეთერში გადის.

„მაყურებელს საშუალება აქვს დარეკოს და სტუმარს მისთვის საინტერესო კითხვა დაუსვას“, - ამბობს სოფო. მისი თქმით, დიალოგს ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად სტუმრობს.

ლალი ხუბულავა ამბობს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციას უპრობლემოდ გასცემს და ჟურნალისტებთანაც თანამშრომლობს.

„იგივეს ვერ ვიტყოდი იმ უწყებებზე რომლებიც თბილისიდან იმართებიან. პოლიცია და საბაჟო დახურული უწყებებია“, - ამბობს ხუბულავა. 

სოფოს სარალიძის თქმით, ადგილობრივები ტელეკომპანიის მუშაობით დაინტერესებულები არიან და დასახმარებლადაც ხშირად მიმართავენ. ამიტომ LTV სოციალურ პრობლემებს სისტემატურად აშუქებს.

ტელეკომპანია თვითდაფინანსებაზეა, ტექნიკა მოძველებული, რეკლამა კი მწირი.

„ადრე ხელფასები გვიანდებოდა. მადლობა ღმერთს, ახლა გაუმჯობესდა სიტუაცია“, -  ამბობს ლალი ხუბულავა. 

LTV  ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან“ თანამშრომლობს. ამ ორგანიზაციას ტელეკომპანიის საეთერო დრო აქვს შესყიდული. 

ხუბულავას განმარტებით, ტექნიკისა და ფინანსების გარდა LTV-ს კადრების პრობლემაც აწუხებს.

„ყოველწლიურად ვაცხადებთ კონკურსს, თუმცა კადრები არ არიან. რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა თანამშრომლობდა ჩვენთან, მაგრამ სტუდენტები იყვნენ და სწავლის დაწყების შემდეგ ლაგოდეხიდან წავიდნენ", - ამბობს ლალი ხუბულავა.

ტელეკომპანია თავის  გადაცემებს ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ავრცელებს. პროგრამების  ნახვა მსურველს youtube -ზე შეუძლია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test