შემოგვიერთდი

09.02.2012 08:59

სამოქალაქო და პროფესიონალი ჟურნალისტები არჩევნების გაშუქებისთვის

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
შეხვედრა - სამოქალაქო და პროფესიონალი ჟურნალისტები არჩევნების გაშუქებისთვის (photo: )

გაჩერებაზე 15 წუთზე მეტხანს ვიდექი. გზა მოყინულია და ალბათ ტაქსებიც ერიდებიან გარეთ  გამოსვლას მეთქი – ვფიქრობდი. ასეთი ყინვა დიდი ხანია არ ყოფილა. როგორც იქნა, ერთი ტაქსი გამოჩნდა. თბილ სალონში სწრაფად ჩავხტი და მძღოლს ვუთხარი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან მიმიყვანე მეთქი! ეგ სადღააო? – გაკვირვებული თვალებით შემომხედა.

ეს ცენტრი ახალი გახსნილია და როგორც ჩანს ტაქსის მძღოლს  ინფორმაცია ჯერ არა აქვს. არადა ამათ ხომ თითქმის ყველაფერი იციან. ტაქსში ვჯდები თუ არა, მაშინვე პოლიტიკაზე კითხვებს მომაყრიან ხოლმე. ჰა რას იტყვი გოგა, მიშა მოიგებს? შენ უფრო გეცოდინება  ბიძინა რა კაცია? გაიგე, ამერიკაში ირანის ამბავზე ულაპარაკიათ? მოკლედ ტაქსის მძღოლებმა „ყველაფერი“ იციან.  აი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი კი - ჯერ არ იციან სად არის. ავუხსენი და 5 წუთში ცენტრთან ვართ.

ნათიას კიბეებზე სუფრის მარილი ისევ დაუყრია. ისე მისმა მცდელობამ გაამართლა, კიბეზე აღარც თოვლია და არც ყინული. ნათია ხაინდრავა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელია. ეს ოფისი ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა გახსნა. ოფისში თბილა.  

ია, რეზო და საბა უკვე მელოდებიან. დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი. დიდი ხანია ია გორში არ ყოფილა. სკაიპით კი ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ პირადი შეხვედრა მაინც სულ სხვაა. ბოლოსდაბოლოს ერთმანეთს ვხედავთ და ემოციასაც ვკითხულობთ.  ცოტა ხნით აქაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ყველა ვთანხმდებით, რომ  საინტერესო და დაძაბული საარჩევნო წელი გვექნება და მერე საქმეზე გადავდივართ. 

საქმე კი მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანია.  გარდა ჟურნალისტური მოღვაწეობისა ია ანთაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს“ ხელმძღვანელობს. ამ ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის (UNDEF) მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით - „მოქალაქე ჟურნალისტები გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის“. ია გორში ამ პროექტის გასაცნობად ჩამოვიდა.

პროექტში საქართველოს 11 ქალაქია ჩართული, რომელთა მცხოვრებლები, აქტიური მოქალაქეები და პროფესიონალი ჟურნალისტები შეეცდებიან მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ. 

პროექტის ჟურნალისტებად გორში საბა წიწიკაშვილი და რეზო ოქრუაშვილი იმუშავებენ. საბა, „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ და გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორია. რეზო გაზეთ „ხალხის გაზეთს“ ხელმძღვანელობს. ორივეს არჩევნების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვთ. გარდა ამისა, მათ რედაქციებში მომუშავე ჟურნალისტებიც დაკავდებიან ინფორმაციის მოძიებით. მე პროექტის კოორდინატორად ვიმუშავებ.

ჯამში 120 აქტიური მოქალაქის მოწვევა და მათთვის ამ პროექტში ჩართვის შეთავაზება მევალება. ამ პროექტის მთავარი იდეა სწორედ ეს არის, რომ აქტიურმა მოქალაქეებმა – სამოქალაქო ჟურნალისტებმა და პროფესიონალებმა მომავალი არჩევნები კოორდინირებულად გააშუქონ. სამოქალაქო ჟურნალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას პროფესიონალები გადაამოწმებენ, რათა მაქსიმალურად ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. ჩვენთან სამოქალაქო ჟურნალიზმი ჯერ ახლა იდგამს ფეხს.

ამერიკაში ვიზიტის დროს ერთ–ერთ ინტერნეტ ტელევიზიაში მიგვიყვანეს, რომელიც მხოლოდ მოხალისეების დახმარებით მუშაობს. ტელევიზიას ათასობით  ჟურნალისტი ჰყავს მთელს მსოფლიოში და მათგან ვიდეოსიუჟეტებს იღებს. ვიდეოკამერებად ტელეფონებს იყენებენ. მათ მასალებში კი მონტაჟის სახით ჩარევა თითქმის არ ხდება. ასეთი ტელეკომპანიების წარმომადგენლები ამერიკაში მიიჩნევენ, რომ ინტერნეტის განვითარებასთან ერთად დიდ მედია კორპორაციებს, სადაც საინფორმაციო პოლიტიკა რაღაც მიმართულებით უკვე განსაზღვრულია,  კონკურენციას გაუწევენ. მოკლედ დასავლეთში ეს მიმართულება სულ უფრო ძლიერდება, ჩვენთან კი  ინფორმაციის მიტანა ჯერ მოქალაქეებამდეა საჭირო. 

ისევ ჩვენს პროექტს დავუბრუნდეთ. ია ანთაძის აზრით, ერთსა და იმავე თემაზე საქართველოს 11 ქალაქში შექმნილი სტატიები ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო მზადება საქართველოში, რამდენად თანხვედრილი და განსხვავებული პრობლემებია სხვადასხვა ქალაქში, როგორია სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიების რესურსი ადგილებზე. რა ტიპის და ინტენსივობის დარღვევები ხდება არჩევნების პროცესში. 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს არჩევნების  კოორდინირებული გაშუქების კარგი გამოცდილება აქვს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებაში 12 ქალაქის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. წელს პროფესიონალებს უკვე სამოქალაქო ჟურნალისტებიც დაემატებიან.  

საუბარში დრომ სწრაფად გაირბინა. ერთმანეთს კეთილი სურვილებით და ნაყოფიერი მუშაობის პირობით დავემშვიდობეთ. სახლისკენ ისევ ტაქსით წავედი. ისევ იგივე კითხვები,  პროგნოზები, ვარაუდები, მოკლედ ტაქსის სალონები პოლიტიკური დისკუსიების მინი გარემოა. ტაქსის მძღოლებს სულ რადიო აქვთ ჩართული, გარდა ამისა დღეში უამრავი მგზავრის აზრს ისმენენ. ისე, მათგან კარგი სამოქალაქო ჟურნალისტები დადგებოდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test