შემოგვიერთდი

08.02.2012 11:52

ჩანაწერები ლაგოდეხიდან

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
ლაგოდეხი - სატელიტური ანტენები (photo: )

ლაგოდეხში დიდთოვლობითა და მოყინული გზებით ერთადერთი ბავშვებმა იხეირეს და მცირე ბიზნესიც დაატრიალეს. გორაკიდან ქალაქის ცენტრამდე დაშვებას მსურველებს ერთი „სნიკერსის“ საფასურად სთავაზობდნენ. მომავალი კომერსანტების ბიზნესის სტრატეგიულ გეგმას აღარ ჩავღრმავებივარ. ლაგოდეხში ჩემი ინტერესის ობიექტი ადგილობრივი მაუწყებლები და მოსახლეობის ინფორმირების საშუალებები გახლდათ.

ლაგოდეხში პრესის გავრცელების სამი კომპანიის ჯიხური დგას, "კვირის პალიტრის", "საქპრესისა" და "საქართველოს ლატარიის" კომპანიის.

საქპრესის ჯიხურის გამყიდველისგან ვიგებ, რომ ლაგოდეხელები ყველაზე ხშირად „კვირის პალიტრას“ (კვირაში 45 ცალი), „ქრონიკასა (35ცალი ) და „ასავალ დასავალს“ (30-35 ცალი) იძენენ. პოპულარულია სპორტული გამოცემებიც, სადაც საფეხბურთო მატჩების შედეგები იბეჭდება და ფსონის დადებაა შესაძლებელი.

27 წლის ირინა ლაბაძე კვირაში ორ გამოცემას ყიდულობს: „კვირის პალიტრასა“ და ჟურნალ „რეიტინგს“, თუმცა მისთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ ტელევიზია რჩება.

„სიმართლე გითხრათ, ამ გამოცემებს წიგნების გამო ვყიდულობ, რომელიც მათ მოყვება. გაზეთებს კი უმეტესწილად მამაჩემი კითხულობს. ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიით ვიგებ“, - ამბობს ირინა.

ლაგოდეხში სატელიტურ თეფშებს თითქმის ყოველი სახლის სახურავზე ნახავთ. ქართული არხების გარდა, მოსახლეობას ხელი რუსულ და აზერბაიჯანულ არხებზე მიუწვდება.

ლაგოდეხში ადგილობრივი ტელეკომპანია LTV მაუწყებლობს და საგარეჯოს გარდა, კახეთის ყველა რაიონში ვრცელდება. არხი ქართულ ენოვანია და ძირითადად ადგილობრივი სიახლეების გაშუქებაზეა ორიენტირებული. ტელეკომპანიას მოქალაქეები ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის. როგორც LTV-ს ერთადერთი ჟურნალისტი სოფო სარალიძე იხსენებს, ყოფილა შემთხვევა, რომ ტელეკომპანიას „მოსახლეობის კონკრეტული პრობლემა გაუშუქებია და ხელსუფლებას საკითხი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მოუგვარებია“.

ჩემთან საუბარზე უარს ლაგოდეხში თითქმის არავინ ამბობს. სურათის გადაღებას არ თანხმდებიან. რამილა მუსაქულოვა ლაგოდეხში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ქართული ენა არ იცის და ძირითადად რუსულ და აზერბაიჯანულ სატელევიზიო არხებს უყურებს.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ისედაც ვხედავ და ამბავი მალევე ვრცელდება. თავს არაინფორმირებულად არ ვგრძნობ“, - ამბობს რამილა.

ლაგოდეხში ადგილობრივი რადიო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიებში „ჰერეთი“ ბოლო ხმაზეა ჩართული.

„ჰერეთი“ 24 საათი მაუწყებლობს. სიგნალი მთელ კახეთსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, (საინგილოს რეგიონი) ვრცელდება. რადიოს ეთერში საათში ერთხელ საინფორმაციო გამოშვება გადის ქართულ ენაზე. „ჰერეთი“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ გადაცემებსაც უშვებს.

ლაგოდეხში ინტერნეტის მსხვილი პროვაიდერი “silknet”-ია, თუმცა ინტერნეტზე ხელი ძირითადად ადგილობრივ ორგანიზაციებს მიუწვდებათ. ინტერნეტით მოსახლეობის მცირე ნაწილი სარგებლობს. ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში შესვლისთანავე მიხვდებით, რომ ქსელს ინფორმაციის მისაღებად არავინ იყენებს. ხუთივე კომპიუტერი დაკავებულია და ვიზიტორები ერთმანეთთან ონლაინ თამაშით არიან გართულები.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test